15 წელიწადში გაშენებული ყვავილნარი და ზამთრის ბაღი

ქალბატონი ნინო ლაფერიშვილი საგარეჯოში ცხოვრობს. 15 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ეზოში გაეშენებენა ულამაზესი ყვავილნარი, მოეწყო ზამთრის ბაღი და 400-მდე ქოთნის ყვავილით დაემშვენებინა სახლი. ამ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა დაუგროვდა, რომელსაც უანგაროდ და სიხარულით უზიარებს ყვავილების მოყვარულ ადამიანებს.


- ბუნების, მცენარეების სიყვარული, მათზე მზრუნველობა ბავშვობიდან მომყვება და ყვავილების გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. დღეისთვის ჩემს ეზოში თუ აივანზე მრავალი სახეობის დეკორატიული მცენარე და ქოთნის ყვავილია თავმოყრილი. ყვავილებთან მუშაობა, მართალია, შრომატევადია, მაგრამ მიყვარს მათი მოვლა, მათზე მზრუნველობა, გალამაზება... დაღლას

ვერ ვგრძნობ, პირიქით,ამ სილამაზესთან ურთიერთობა მსიამოვნებს და მახალისებს. განსაკუთრებით ლამაზი სანახავია ყვავილების ბაღი დილით, მზის ამოსვლისას, ხასხასა, ცვარშეუმშრალი, მთელი თავისი მშვენიერებით წარმოდგენილი.


- ოჯახის წევრებს მოსწონთ თქვენი გატაცება?
- შვილები (ორი ვაჟი) და მეუღლე მიეჩვივნენ ჩემს დამოკიდებულებას ყვავილებისადმი, უფრთხილდებიან ჩემს მცენარეებს, მძიმე საქმეებში მეხმარებიან კიდეც. სრულიად ბუნებრივად მიაჩნიათ, ზოგადად ქალს რომ ყვავილები უყვარს და ჩემს გატაცებაშიც გასაოცარს ვერაფერს ხედავენ.

- რა მცენარეებით დაიწყეთ ბაღის გაშენება?
- თავდაპირველად ბაღში სულ რამდენიმე სახეობის ყვავილი მქონდა, მათთვის ვერ ვიცლიდი, უფრო მეტ დროს შვილები, ოჯახი, სამსახური მოითხოვდა. ახლა აღარ ვმუშაობ და უფრო ინტენსიურად გადავერთე საყვარელ საქმიანობაზე. პროფესიით ფილოლოგი ვარ და ყვავილების გაშენება-მოვლაზე ინფორმაციას ვეცნობოდი სპეციალურ წიგნებსა თუ ჟურნალებში. თანდათან გავამდიდრე ჩემი ბაღი და ორანჟერეა სხვადასხვა სახეობის მცენარეებით, ვისწავლე მათი მოვლა, გამრავლება, განლაგება ბაღში. ამ საქმიანობამ ძალიან გამიტაცა და დღეს ჩემი კოლექცია ოთხასამდე ქოთნის ყვავილს ითვლის. მაქვს სხვადასხვა სახეობის ბეგონიები, ბალზამინები, პელარგონიები, ფუქსიები, კოლერიები, კაქტუსები, სუკულენტები, ოთახის იები...

 

რაც შეეხება ბაღს, მისი ყვავილებით გაფორმებისას ვცდილობ გამოვიყენო უპრეტენზიო და ყველა სეზონზე უხვად მოყვავილე მცენარეები – ვარდები, ზამბახები, პელარგონიები, გეორგინები, ქრიზანთემები. ერთწლიანებიდან – ზაფრანები, ასტრა, ცინიები, ცელოზიები... ყოველ სეზონზე ვცვლი ყვავილების ასორტიმენტს, რომ ბაღში სიახლე და მრავალფეროვნება იყოს.
ყვავილების ბაღი ზამთარშიც რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, ვრგავ მარადმწვანე ყინვაგამძლე მცენარეებს, როგორებიცაა ბზები, აუკუბა, ოლეანდრები, ჭანჭყატი და სხვა.


- რამდენი წლის შედეგია თქვენი ბაღი?
- დღევანდელი ჩემი ბაღი და ორანჟერეა დაახლოებით თხუთმეტი წლის შრომის შედეგია და მიუხედავად იმისა, რომ ყველა კუთხე-კუნჭული ყვავილებს აქვს დაკავებული, კიდევ მაქვს სურვილი, ახალ-ახალი მცენარეები შევმატო ჩემს ბაღს.


- როგორ ახერხებთ ამდენი ყვავილის მოვლას?
- მართალია, ამდენი ყვავილის მოვლა მძიმე საქმეა ერთი ადამიანისთვის, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სანახავია ჩემი შრომის შედეგი – ულამაზესი ყვავილებით გაფერადებული ბაღი... ყოველი დღის ორ-სამ საათს (ხან მეტ დროსაც) ყვავილების მოვლას ვუთმობ, ვრგავ, ვუფხვიერებ მიწას, ვრწყავ, ვასუფთავებ სარეველებისგან. ხშირად გვიან საღამოს საათებიც გამომიყენებია ქოთნის ყვავილების მოსავლელად.


- რაც გაქვთ, იმ მცენარეებიდან ყველაზე პრეტენზიული და რთული მოსავლელი რომელია?
- მოვლის სირთულის მიხედვით, ჩემი მცენარეებიდან გამოვყოფდი ბოლქვიან ბეგონიას. ცოტა პრეტენზიულია, მაგრამ ძალიან მიყვარს და ვანებივრებ, რომ ყვავილებით გამახაროს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს ორანჟერეაში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მცენარეა გიგანტური მონსტერა – იგი ათ წელზე მეტია ჩემთან იზრდება. სულ ორი პატარა ფოთოლი ჰქონდა, როცა შევიძინე, ახლა კი თითო ფოთლის დიამეტრი თითქმის 70 სმ-ია. კარგად იტანს გრილ ოთახში გამოზამთრებას, გაზაფხულიდან კი ჩრდილიან აივანზე გამომყავს და უხვად ვრწყავ.


- ყვავილებმა ახალი მეგობრები თუ შეგძინათ?
- დიახ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ფეისბუქის საშუალებით საერთო ინტერესების მქონე ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე. ჯგუფ "ყვავილნარში" გავიცანი მოყვარული მეყვავილეები და კოლექციონერები. ხშირად ვჩუქნით ერთმანეთს სასურველ მცენარეებს და ვუზიარებთ გამოცდილებას მათ მოვლასთან დაკავშირებით. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის საშუალებით მოვიკითხო ისინი.ძალიან მინდა ყველა მოსახლეს, როგორც ჩემს ქალაქ საგარეჯოში, ასევე მთელ საქართველოში ლამაზად მოვლილი ბაღი და ეზო ჰქონდეს. ხშირად მსტუმრობენ ამ საქმით დაინტერესებული ადამიანები, ვუზიარებ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას, ვურჩევ მცენარეებს, ვუხსნი მოვლის წესებს, ვეხმარები რითიც შემიძლია ლამაზი ბაღისა და ყვავილნარის გაშენებაში.


- როგორია თქვენი საოცნებო ბაღი?
- ჩემი საოცნებო ბაღი... ძალიან მიყვარს პელარგონიები... ხასხასა, მწვანე ბალახის ფონზე გავახარებდი უამრავ თეთრი და წითელი ფერის პელარგონიებს და დავტკბებოდი მათი სილამაზითა და სურნელით...

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები