რა უნდა იცოდეთ კაფელსა და მეტლახზე - სპეციალისტის რჩევები

წლებია ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში კაფელ-მეტლახი არ კარგავს აქტუალურობას. მისი დაგება სხვა იატაკის  თუ კედლის საფართან შედარებით იაფი ჯდება, ამავე დროს პრაქტიკული და ადვილად მოსავლელია. კერამიკული ფილის შერჩევა საკმაოდ რთული საკითხია და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. "შინის" მკითხველს სასარგებლო რჩევებს კაფელ-მეტლახის გამოცდილი ხელოსანი ნუკრი ხვედელიძე უზიარებს.


- რა ტიპის კაფელ-მეტლახი შემოდის ქართულ ბაზარზე?
- ძალიან ბევრი სახეობის კაფელ-მეტლახი შემოდის ქართულ ბაზარზე -ირანული, ჩინური, თურქული, ესპანური და სხვა. ერთი სიტყვით, ფართო არჩევანია, როგორც ხარისხის, ისე ფერის და დიზაინის.


- მყიდველმა რის მიხედვით უნდა

შეარჩიოს კარგი ხარისხის კაფელ-მეტლახი?
- დღესდღეობით ბაზარზე კერამიკული ფილების საკმაო დიდი არჩევანია. ნებისმიერი დიზაინის, ხარისხის და სტრუქტურის მქონე კაფელ-მეტლახის შეძენა შეგიძლიათ. მისი არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ იატაკის ან კედლის ფილა უნდა იყოს მდგრადი ტემპერატურული ცვლილებების მიმართ, გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა და ადვილი მოსავლელი.

ჩვენთან ტენდენციასავით დამკვიდრდა, რომ მხოლოდ ესპანური ფილებია ხარისხიანი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან ბევრი უხარისხო ესპანური ფილა შემხვედრია. თუ ადამიანი არ არის სპეციალისტი, არ იცის კაფელ-მეტლახის ხარისხები, ძალიან გაუჭირდება ხარისხიანი და უხარისხო ფილების გარჩევა. როცა ფილების შესარჩევად მიდიხართ, სასურველია გაიყოლოთ ხელოსანი, რომელიც გამოცდილია და იცის ფილების ცნობა. კერამიკული ფილის შერჩევისას ისიც გასათვალისწინებელია, თუ სად აპირებთ ფილების დაგებას: მისაღებ ოთახში, სამზარეულოში, აბაზანაში თუ გარე ფასადის მოსაპირკეთებლად გჭირდებათ.


- ხარისხზე მეტყველებს კერამიკული ფილის სისქე?
- თუ სქელია ფილა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად ხარისხიანია. არსებობს ერთსანტიმეტრიანი სისქის ფილა, მაგრამ ამას გაცილებით სჯობია 0,8-სანტიმეტრიანი ფილა, რომელიც გაცილებით მყარი მასალაა, ვიდრე ერთსანტიმეტრიანი. ერთსანტიმეტრიანი უფრო რბილი მასალაა და ადვილად ზიანდება.

- რამდენიმე სახეობის ზედაპირი არსებობს. თქვენ როგორი ზედაპირის მქონე ფილებს ურჩევთ მომხმარებელს?
- ძირითადად გვხვდება სამი სახის ფილა. ესენია პრიალა, მქრქალი და გლუვი, ე.წ მატოვი. პრიალა კერამიკული ფილა მარტივი მოსავლელია და ბევრად ეფექტურად გამოიყურება, ვიდრე დანარჩენი ზედაპირის მქონე ფილები.
რაც შეეხება მქრქალ კერამიკულ ფილას, მას პრიალა ფილისგან განსხვავებით ნაკლებად აჩნდება წყლის წვეთები, ნადები და მტვერი.
ყველაზე რთული მოსავლელია გლუვი ფილები. ადვილად ემჩნევა ჭუჭყი და ცოცხს არ მოჰყვება ნაგავი. კატეგორიულად არ შეიძლება მისი დაგება აბაზანაში და სამზარეულოში. ცხიმის და წყლის წვეთები ლაქებად აჩნდება ფილებს და მისი გასუფთავება ტილოს საშუალებით შეუძლებელია. ყოველი მოწმენდის დროს უნდა გამოიყენოთ ძლიერი ჯაგრისი.

 

იხილეთ ასევე: ბინა კრემისფერში - როგორ იყენებენ თეთრისა და ყავისფრის ტონალობებს მოდური ინტერიერისთვის

 


- როცა ოთახი პატარაა, ამ დროს აქვს მნიშვნელობა, რა ზომის და ფორმის ფილას ავარჩევთ?
- დიახ, ამ დროს კერამიკული ფილის ზომა დიდ რომლს თამაშობს. როცა ოთახი პატარა ზომისაა, მე უპირატესობას ვანიჭებ მოგრძო ფილებს. ჰორიზონტალურად გაკრული ფილები თითქოს განზე სწევს კედლებს და შესაბამისად აფართოებს სივრცეს, ხოლო ვერტიკალურად დაწყობილი ვიზუალურად ამაღლებს დაბალი ჭერის დონეს.


- არასწორი დაგების შემთხვევაში ადვილად ზიანდება ფილები?
ზიანდება იმ შემთხვევაში, თუ ფილასა და იატაკს შორის არის სიცარიელე, ანუ არ არის ამოვსებული წებო-ცემენტით. შეიძლება ნებისმიერი ნივთის დავარდნის შემდეგ გატყდეს ფილა, ან დროთა განმავლობაში გაიბზაროს.
კაფელ-მეტლახის დაგების დროს სველ წერტილებში აუცილებელია ჰიდროიზოლაციის გამოყენება, როგორც კედელზე, ასევე იატაკზე.

- ნესტიანი იატაკისა და კედლებისთვის არსებობს სპეციალური ფილები?
- ამ დროს საჭიროა გაუკეთო ჰიდროიზოლაცია. არის სპეციალური სხნარი, რომელსაც იატაკის დაჭიმვის (ე.წ. სტიაჟკის) შემდეგ გადაუსვამ იატაკზე და სრულიად გამოიტანს ნესტს. არსებობს ასევე ყინვაგამძლე ფილა, რომელსაც აივნების და გარე ფასადის მოსაპირკეთებლად იყენებენ.

როგორ გავასუფთავოთ აბაზანის ფილები ეფექტურად
მერი ბლიაძე

კომენტარები

აკა 2022-01-14 01:11
გლუვი და პრიალა ერთი და იგივე როგორ არის. პრიალა სარკესავითაა და ირეკლავს. გლუვი არ პრიალებს და არ ირეკლავს. მქრქალი კიდევ არ ირეკლავს, მაგრამ გლუვივით დაბურული არ არის.????
ლაშა 2019-12-03 13:16
"გლუვი იგივე პრიალაა" )))) ქართული ენა ისწავლეთ და მერე გმოთქვით პრეტენზია...
მარო 2019-02-18 10:18
პრიალა პრიალაა და გლუვი სხვა არის. ე.წ მატოვი. როგორაა ერთი და იგივე
სალომე 2018-09-04 18:25
აუცილებლად მატოვი სამზარეულოსადა აბაზანაში ფეხი რომ არ დაცდეს, მოსავლელადაც, ბატონო ნუკრი საიდან ჩამოფრინდით
ნინო 2018-07-26 08:26
მქრქალი არის დაბურული, ბაცი, ხოლო გლუვი იგივე პრიალაა. ასე რომ ვერ გავიგე რომელი უნდა ავარჩიო სამზარეულოსთვის

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები