უკუღმა დაყენებული უნიტაზი და გაულესავად შეღებილი კედლები - ხელოსნების საოცარი ამბები ქართული რეალობიდან

ხშირად გაგვიგონია, რომ რემონტის სირთულეებს ხელოსნების არაპროფესიონალიზმი ან ხანდახან არაადეკვატური საქციელებიც კი ემატება ხოლმე. ყველა ამბავი ერთმანეთისგან განსხვავებულია და წლების შემდეგ ზოგს კურიოზადაც ახსენდება.
სოციალურ ქსელში, "რემონტის" ჯგუფში შევთავაზეთ ჯგუფის წევრებს, ხელოსნებთან დაკავშირებული ყველაზე უჩვეულო ამბები გაეხსენებინათ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს და თქვენს ამბებსაც ველოდებით კომენტარებში:


"ერთ-ერთი ცნობილი ამბავია, რომ ხელოსნებს საქმის კეთებისას სმა უყვართ ხოლმე... ჩემი ქმრის მეგობრების მონაყოლი გამახსენდა ჩემს ქმარზე...  ერთ-ერთი ბანკის ოფისს არემონტებდნენ რეგიონში. ჩემი ქმარი ხელმძღვანელობდა სარემონტო სამუშაოებს. სამსახურის მერე მუშებს კონიაკით გაუმასპინძლდენ და
ისე გაითიშნენ, ისე დაათენდათ, ვერც გაიგეს. ფილიალის გასაღები ჩემს ქმარს ჰქონდა ჩაბარებული და მას უნდა გაეღო დილით კარები (სარემონტო სამუშაოების პარალელურად, ჩვეულებრივად მუშაობდნენ ბანკის თანამშრომლებიც). გამთენიისას ჩაეძინათ მუშებს და 8-ზე კარი რომ უნდა გაეღო ჩემს ქმარს, ცხრის ნახევარზე გაეღვიძა. წამომხტარა თურმე გამწარებული, შარვალს ჰაერში იცვამდა, ისე გარბოდა. ერთ-ერთი მეგობარი დაღრეჯილი, ნაბახუსევი სახით ადევნებდა თვალყურს. გავარდა თურმე თავქუდმოგლეჯილი, ჩაირბინა კიბეები. პირველ სართულზე მაღაზია ყოფილა, იქ კარებთან ქალს დაეჯახა და წააქცია, მობრუნდა თურმე გამწარებული, მაპატიეთ ქალბატონოო და წამოაყენ..ა. მხარზე ხელიც გადაუსვა თანაგრძნობის ნიშნად და ბანკისკენ გაქანდა... ის "ქალბატონი" მაღაზიის პლასტმასის მანეკენი აღმოჩნდა. ისე დაეჯახა, წამოაყენა, მოუბოდიშა და გააგრძელა გზა, ვერც გაიგო, "ვინ" წააქცია".


"ლიფტში გააფუჭეს სახელური მუშებმა, რომლებიც შპალერს ხევდნენ. მოკლედ, ამტკიცებენ, ჩვენ არ გაგვიფუჭებიაო და აბრალებენ ბინის წინა პატრონს, რომელმაც პიანინო წაიღო იმ დღეს. პიანინო ჩაიტანეს ლიფტით და იმათმა გააფუჭესო, მიმტკიცებენ. არადა არ მაქვს ჭკუანაკლულის შესახედაობა და ვხვდები, რომ ჩვეულებრივ სამგზავრო ლიფტში ვერანაირად (ვერანაირად!!!!!!!) ვერ შევა პიანინო".

"კედლებს ღებავდა ჩემი ხელოსანი, როცა გალესილიც არ იყო..."

"მოხსნილ უნიტაზში მოშარდა ხელოსანმა..."

"ჩემმა ხელოსანმა დარეკა სამუშაოს დაწყებიდან 2 დღეში, მამა გარდამეცვალაო. რაღაც პერიოდი "საპატიო" მიზეზის გამო არ დადიოდა... მოვიდა, გააგრძელა და ისევ გაქრა. რომ დავურეკეთ, მამა საავადმყოფოში დავაწვინე დ ვერ ვტოვებო, მაგრამ სამ ბავშვს ვფიცავარ, კვირის ბოლოს მოვალო.
პ.ს. თურმე არც სამი ბავშვი ჰყოლია".

"დაყენებული უნიტაზი მქონდა, მილების შეცვლა მინდოდა. გავედი, მოვედი და რა დამახვედრა - ბაკი სწორად არ იდგაო და უკუღმა დამიყენა... აბა, ახლა როგორც იყო, ისე დააყენე-მეთქი... რა ესაქმებოდა, დღემდე ვფიქრობ".

"აბაზანას არემონტებდა და 3 თვე მოუნდა ზუსტად 8 კვადრატული აბაზანის გარემონტებას... ერთ მშვენიერ დღესაც შევდივარ სახლში და რას ვხედავ, ცემენტი მოუზელია ჩემი კარადის უკან ასაკრავ "ფანერზე" და საყვედურზე პასუხად მითხრა, ელიავაზე ჩაირბინე, 5 ლარი ღირს, რა პრობლემააო. ჩემი თეთრი დიდი აბანოს პირსახოცებით იატაკი მოუწმენდია და ძირს ეყარა... თან დივანზე ეძინა და ჩემი მეუღლის "თაჩის" ხალათი ჰქონდა ზემოდან მიფარებული, როცა შევედი სახლში... ამის შემდეგ კიდევ გაბედა და ჩემს დას და ჩემს დაქალს აკვრევინა აბაზანის დაკიდული ჭერი..."

"ხის ფანჯრები შემიღებეს მხოლოდ შიდა მხარე... გარეთა მხარე შეუღებავი დატოვეს... შიგნით თეთრი მქონდა ფანჯრები და გარეთ - ყავისფერი..."

"ჩემმა ნაცნობმა გადაწყვიტა საახალწლოდ ყველა ნათესავის დაპატიჟება და ბუხარი ააშენებინა ხელოსანს. 31-ში ყველა ფანჯარა ღია ჰქონდათ, ბოლისგან რომ არ გაგუდულიყვნენ. გამოიძახა ხელოსანი და წინიდან "მიასვარკა" ჟეშტი, ეს უშველისო. მერე სამ ადგილას ბუხრის უკანა კედელი გახვრიტეს, ეს მაინც უშველისო... როგორ ფიქრობთ, ბოლი კიდევ გამოვა?"

"ხელოსანი ახალაზრდა ბიჭი, საკმაოდ წესიერი, მოწესრიგებული, ეტყობოდა, რომ თავისი საქმის კარგი მცოდნეც იყო, სამზარეულო და კარადები შევუკვეთე და თანხის ნაწილიც გადავუხადე. უკვე მოტანის დრო იყო, 3-4 დღე დაიკარგა, ვურეკავდი, გათიშული ჰქონდა ტელეფონი. არადა უნდა მოეტანათ... რა მეფიქრა, არ ვიცოდი - გადამაგდეს, მომატყუეს თუ რასთან მქონდა საქმე... ველოდე რამდენიმე დღე და ბოლოს დავრეკე იმ პოროვნებასთან, ვინც დამაკავშირა, და შოკიც მაშინ მივიღე. ყველაფერს ველოდი, მაგრამ 32 წლის ადამიანზე პასუხს - გარდაიცვალა - არ ველოდი... ძაალიან ვინერვიულე მასზეც და ჩემს თანხაზეც, მაგრამ თურმე არსებობენ წესირი ადამიანები, თვითონ დამიკავშირდნენ მისი პარტნიორები და ნათესავები და დაასრულეს, ყველაფერი დაწერილი ჰქონდა... ასე დასრულდა ჩემი ისტორია ხელოსნებთან".

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები