ტრიპლექსი, რომლის ინტერიერის დიზაინსა და რემონტზე მისმა ახალგაზრდა მფლობელებმა იზრუნეს

ნინი სარიშვილი მეუღლესა და შვილთან ერთად ახალაშენებულ ბინაში საცხოვრებლად სულ ახლახან გადავიდა. ბინის რემონტი და ინტერიერის დიზაინი დიასახლისის გემოვნებით გაკეთდა. ნინი შედეგით ძალიან კმაყოფილია. ამბობს, რომ ეს სახლი მისთვის და მისი ოჯახისთვის სიმყუდროვის და სითბოს მომნიჭებელია. თუმცა მის გონებაში არსებობს კიდევ სხვა, ზღაპრული, საოცნებო სახლი. ნინი იმედს იტოვებს, რომ საყვარელ მეუღლესთან ერთად ამ ოცნებას რეალობად აქცევს. მან „შინის“ მკითხველს რემონტის და ბინის დაგეგმვის საკითხში საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა.



- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი? რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური სიმყუდროვისთვის გემოვნებით მოწყობილი,
დახვეწილი სახლი?


- სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანი დატვირთული დღის შემდეგ ეძებს სიმშვიდეს, კომფორტს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ყველა ის დეტალი, რომელიც სახლის ბინადრებს სიმყუდროვეს შეუქმნის.

- ახალ ბინაში როდის გადახვედით?



- რამდენიმე თვეა, რაც გადმოვედით. ჯერ კიდევ ბოლო შტრიხების მოფიქრებაში ვართ, რათა საბოლოოდ მივიღოთ სასურველი გარემო.მანამდე თითქმის იმავე ფართობის ბინაში ვცხოვრობდით, თუმცა განლაგება სულ სხვანაირი იყო. იქ ყველა ოთახი მოთავსებული იყო ერთ სართულზე, ახლა კი სამ სართულზეა გადანაწილებული, რის გამოც თავიდან დისკომფორტი შემექმნა.

- სახლის გარემონტება და დიზაინი საკუთარ თავზე აიღეთ, თუ დიზაინერი გეხმარებოდათ?

- ძირითადად საკუთარ თავზე ავიღეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ჩვენი გემოვნებითა და სურვილით შევარჩიეთ თითქმის ყველაფერი და რასაკვირველია, იმის გათვალისწინებით, თუ რის შესაძლებლობას გვაძლევდა ფართობი და განლაგება.



- როგორ გაერკვიეთ სარემონტო სამუშაოებში, ინტერიერის დიზაინში? ამას საკმაოდ დიდი ცოდნა და დაკვირვება სჭირდება.

- ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. ბავშვობიდან ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა სახლის ინტერიერის მოწყობაში, მიყვარდა ჟურნალების თვალიერება და ახლის ძიება. მშობლების დამსახურებაა ჩემი ასეთი ჩართულობა. ისინი მუდამ ცდილობდნენ, მონაწილეობა მიმეღო აღნიშნულ პროცესში და ამასთანავე ხელს მიწყობდნენ ჩამოყალიბებაში, მაძლევდნენ სტიმულს. ხშირად ითვალისწინებდნენ ჩემს აზრს.

- რემონტის პროცესი როგორ მიმდინარეობდა? სარემონტო მასალებს თქვენ არჩევდით?

- სტილისა და ფერების შერჩევაში მე და ჩემი მეუღლე ვიყავით ჩართული. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა თავის ხასიათსა და განწყობას უნდა მოარგოს სახლის ინტერიერი, რათა მისთვის ეს გარემო არ იყოს დამღლელი, შემაწუხებელი. ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად პროფესიონალებს მივმართავდით, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო და ხარისხიანი ყოფილიყო ესა თუ ის დეტალი.

- რამდენი ოთახი გაქვთ და როგორ დააპროექტეთ თითოეული?

- ბინა სამსართულიანია - ტრიპლექსი. პირველ სართულზე გვაქვს მისაღები ოთახი, სამზარეულო და ერთი სველი წერტილი. მეორე სართულზე არის სამი საძინებელი, სამი სველი წერტილი, ორი გარდერობის ოთახი და ვერანდა. მესამე სართულზე განთავსებულია კაბინეტი და განცალკევებული ოთახი ვიტრაჟებით, რომელიც თბილ ამინდში მთლიანად იხსნება და გამწვანებულ ვერანდასთან აერთიანებს.



- სამზარეულო ქალისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. თქვენ როგორ მოაწყვეთ და რამდენად კომფორტულად გრძნობთ იქ თავს?

- სამზარეულო ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. შეიძლება ითქვას, რომ გატაცებაც. მსიამოვნებს კერძების მომზადება, ოჯახის წევრებისა და სტუმრების გამასპინძლება, ღვინის შერჩევა და შემდეგ უკვე შეფასებების მოსმენა. სწორედ ამიტომ, ისევე როგორც წინა სახლში, აქაც მაქსიმალურად ვეცადე, ჩემი კომფორტისთვის მომერგო სამუშაო სივრცე.

- მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი სირთულე რა იყო, რა პრობლემებს წააწყდით?

- სირთულეს ვერაფერს დავარქმევ. როდესაც თავად ხარ ჩართული და სიამოვნებას განიჭებს ეს საქმე, მაშინ ყველაფერი საინტერესო ელფერს იძენს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მსგავს პროცესს თან ახლავს დამქანცველი დღეები. როგორც სარემონტო მასალების, ასევე ინტერიერისთვის საჭირო ყველა ნივთისა და აქსესუარის სწორად შერჩევას დიდი დრო და ენერგია სჭირდება.

- როგორც აღნიშნეთ, უკვე დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ. თქვენი გადმოსახედიდან, რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა რემონტის დროს?

- ჩემი გამოცდილებით შემიძლია გირჩიოთ, რომ მთავარია, სწორად შეარჩიოთ პროექტი და მშენებელთა გუნდი, რათა ხარისხიანად ჩატარდეს ყველა სამუშაო.

- როგორ ფიქრობთ, რაიმე შეცდომა ხომ არ დაუშვით რემონტის დროს? შეცვლიდით რამეს?



- სახლი როდესაც შევიძინეთ, ტიხრები უკვე გაკეთებული იყო, რაც გადაკეთების საშუალებას აღარ იძლეოდა. შევცვლიდი სართულების განლაგებას. მისაღებსა და სამზარეულოს მეორე სართულზე გადავანაცვლებდი, რათა საძინებელი სივრცე უფრო მყუდრო ყოფილიყო.

- ქართულ ბაზარზე სარემონტო საშუალებების და ავეჯის ფართო არჩევანია? ყველაფრის ყიდვა შეიძლება, რისი სურვილიც გაქვს?

- საქართველოში მასალის საკმაოდ დიდი არჩევანია. ქართული ბაზარი აკმაყოფილებს ყველანაირ მოთხოვნას და ხარისხს. ჩვენს ბაზარზე ბევრი ხარისხიანი და გამოცდილი კომპანიაა, რომლებიც ზუსტად იმას გიმზადებენ, რასაც დაუკვეთ. ასევე კარგი არჩევანია იმ კომპანიებს შორისაც, ვისაც უკვე მზა ავეჯი ჩამოაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

- არის ეს თქვენი საოცნებო სახლი?

- ოცნებას რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ - არა. საოცნებო სახლისთვის კიდევ ბევრ ოთახს და დეტალს დავამატებდი. იმედი მაქვს, მომეცემა იმის შანსი, რომ ჩემს მეუღლესთან ერთად შევუდგე საოცნებო სახლის მშენებლობას.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები