ღუდუშაურების სახლი და გემოვნებიანი ქალბატონის რჩევები რემონტზე

იურისტი ნინო ოსაძე მეუღლე მიშა ბაჩიაშვილთან, ხუთი თვის ანასა და მეუღლის ბებია ციალა ღუდუშაურთან ერთად აბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობს. სახლი აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურს ეკუთვნოდა, სადაც 1970 წლიდან მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ბატონი ოთარის გარდაცვალების შემდეგ, ქალბატონ ციალას სახლში მარტო მუწია ცხოვრება. დღეს კი შვილიშვილები და უსაყვარლესი შვილთაშვილი უხარებს გულს. ნინო და მიშა პატარა ანას გაჩენამდე, ბაგებში საკუთარი გემოვნებით და დიზაინით მოწყობილ სახლში ცხოვრობდნენ. თუმცა რაც პატარა გაჩნდა, წყვილმა ბებისთან გადაწყვიტა საცხოვებლად გადასვლა. სახლი დღემდე ინარჩუნებს იმ ელფერს, რაც ბატონი ოთარის დროს ჰქონდა.
კედლებზე ისევ უცვლელად კიდია გუდიაშვილის, მირზაშვილის და სხვათა ნახატები. ხელუხლებელია ოთახიც, სადაც ბატონი ოთარი მუშაობდა. ნინომ შინ გვიმასპინძლა და ორივე სახლზე მოგვიყვა. ამბობს, რომ თითოეული მათგანი ძალიან ძვირფასია მისთვის.

– პროფესიით იურისტი ვარ და ვმუშაობ სამართალდამცავ ორგანოში. მყავს მეუღლე და 5 თვის პაწაწუნა გოგო, რომელმაც რადიკალურად შეცვალა არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის ყველა წევრის ცხოვრება. ჩვენს ცხოვრებას ძალიან ბევრი და ლამაზი ფერი შეემატა.
ჩემთვის სახლი ოჯახის გარეშე წარმოუდგენელია, სწორედ აქ უნდა იგრძნო სითბო, სიმშვიდე. ეს არის ადგილი, სადაც შეაღებ კარს და გავიწყდება შენი ყოველდღიური რუტინა, სადაც სიხალისეა და ბედნიერი სახეები.

ამჟამად ერთად ვცხოვრობთ მე, ჩემი მეუღლე, ბავშვი და ჩემი მეუღლის ბებია. დილა იწყება ყოველთვის ფუსფუსით. ბებო მუდამ ნერვიულობს, რომ მოასწროს საუზმის მომზადება ჩვენთვის სანამ გეზს ავიღებთ სამსახურებისკენ... სანამ ვწესრიგდებით, პარალელურ რეჟიმში იღვიძებს ბავშვი და ოჯახი ვერთვებით მასთან საუბარში, რომელსაც დილის „აღუების დიალოგს“ ვეძახი, ამაზე უკეთესად დილის დაწყება წარმოუდგენელია.

– როგორც ვიცი, რემონტის საკითხში საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ. მოგვიყევით სახლზე, რომელიც მთლიანად თქვენი ძალისხმევით, გემოვნებით გაარემონტეთ და მოაწყვეთ.
– ბავშვობიდან მხიბლავდა სხვადასხვა ინტერიერის დიზაინის სურათების დათვალიერება. მახსოვს ცალკე საქაღალდეს ვქმნიდი ჩემს კომპიუტერში და დახარისხებული მქონდა ოთახების მიხედვით სურათები. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში იცვლება ტენდენციები, თუმცა ვფიქრობ, ისეთ სტილში უნდა მოაწყო ბინა, სადაც შენ იგრძნობ მყუდროდ, მშვიდად თავს და მხოლოდ „იმიტომ რომ მოდაშია“ არ იყოს მიზანი.
საოცრად მიზიდავდა ე.წ. ლოფტის სტილი. ყოველთვის ვიხიბლებოდი იმ კაფეებით თუ რესტორნებით, რომელთა ინტერიერიც ამ სტილში იყო გადაწყვეტილი. როდესაც ჩემმა მეუღლემ იყიდა ეს ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით, როგორც კი შევხედეთ ბინას ორივეს აზრი წამში დაემთხვა ერთმანეთს და გადავწყვიტეთ ამ სტილში გაგვეკეთებინა. ძალიან მხიბლავდა ე.წ. დაუსრულებელი კედლის ეფექტი, რომლის გაკეთება თეთრი კარკასის დროს რთულია. თუმცა მაინც დიდი ძალისხმევის შედეგად ვიპოვნე ისეთი შპალერი, რომელიც აბსოლუტურად ქმნიდა ამ ეფექტს. როდესაც სტუმრები მოდიოდნენ ჩვენთან ხშირად ეხებოდნენ კედელს, რადგან არ ელოდნენ შესაძლებელი თუ იყო, ვიზუალურად ასე ბუნებრივად გამოსულიყო კედელი მხოლოდ შპალერით.
ვეცადეთ ბინა არ გადაგვეტვირთა ზედმეტი სხვადასხვა სახის აქსესუარებით, რადგან ლოფტის სტილს უხდება სივრცე და კონკრეტული სტილის აქსესუარები. ჩვენ ამ მხრივ არჩევანი შევაჩერეთ ხეზე და ლითონზე. ჩემმა მეუღლემ ე.წ. კაკლის მოხარშული პარკეტი დააგო, რამაც საოცრად შეავსო მთლიანად ინტერიერი, ხოლო დარჩენილი პარკეტით გავაკეთეთ სხვადასხვა ფორმის თაროები.

– რა სირთულეებს აწყდებოდით რემონტის დროს?
– ძირითადად ჭირს პროფესიონალი მუშა ხელის შოვნა, რომელიც ზუსტად დათქმულ ვადაზე და ხარისხიანად დასრულებულს ჩაგაბარებს ბინას, არ დაჭირდება მუდმივად შესწორების შეტანა შენი მხრიდან და არ დაგახვედრებს ცუდ სიურპრიზებს, რაც შემდგომ ისევ ახალ მოასაგვარებელ პრობლემად გადაიქცევა ბინის მეპატრონისთვის.
რემონტის მასალა თუ ინტერიერის ყველა დეტალი ჩემი და ჩემი მეუღლის შერჩეული და ნაყიდია. უშუალოდ დავდიოდით მაღაზიებში, საწყობებში და ვარჩევდით ყველაფერს, ვადარებდით ხარისხს და ფასს, ამიტომ ნებისმიერ მუშაზე კარგად ვიცოდი სად რა იყიდებოდა და რა ფასად. მართალია, რთული იყო გამომდინარე იქიდან, რომ ორივეს დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვქონდა, მაგრამ ვახერხებდით თუნდაც იმ მცირე თავისუფალი დროის ხარჯზეც რაც კვირის ბოლოს გვრჩებოდა. ამ პროცესმა დიდი გამოცდილება შეგვძინა და ასევე ბევრი სასიამოვნო სიახლეებიც აღმოგვაჩენინა ჩვენს ურთიერთობაში.

– სახლს მხოლოდ ლამაზი ინტერიერი არ ხდის კომფორტულს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებს შორის ურთიერთგაგება და ზოგადად ადამიანური ურთიერთობები?
– გეთანხმებით, სახლს სიმყუდროვეს და სიმშვიდეს სძენს არა ინტერიერი, არამედ იქ არსებული გარემო. ამ გარემოს კი ქმნიან ოჯახის წევრები. მე მწამს დადებითი და უარყოფითი აურის არსებობა და მე თვითონაც გამომიცდია ჩემს თავზე, როდესაც სტუმრად მივსულვარ, დამხვედრია მშვენიერი ინტერიერი, გადასარევი მასპინძლობა გაუწევიათ, მაგრამ რაღაც შინაგანი მღელვარება და დისკომფორტი მაინც განმიცდია და გამყოლია.

– დღესდღეობით სხვა სახლში ცხოვრობთ. ამ სახლის შესახებ მოგვიყევით...
– ეს სახლი ეკუთვნის აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურს და მის მეუღლეს პროფესორ ციალა ღუდუშაურს, რომლებიც ამ სახლში ცხოვრობდნენ 1970 წლიდან. სახლში არაფერი არ არის შეცვლილი, მისი ინტერიერი დარჩენილია ისევ ისე, როგორიც იყო ბატონი ოთარის ცხოვრების დროს. ამ სახლში ძალიან საინტერესო ნივთები და ცნობილი მხატვრების ნამუშევრები ინახება, გამოვყოფდი გუდიაშვილის ესკიზს, ასევე ნიჟარაძის, ოჩიაურის, ცეცხლაძის, მირზაშვილის ნახატებს. ბატონი ოთარის სამუშაო ოთახში ასევე ნახავთ მის ავტოპორტრეტს, რომელიც 1959 წელს ცნობილი რუსი მხატვრის, სეროვის მიერ არის შესრულებული. როგორც ქალბატონი ციალა აღნიშნავს, იგი იყო საკოლექციო მანქანების მოყვარული და დღემდე სიამოვნებით ვათვალიერებ მის შეგროვებულ კოლექციას.

– ალბათ წლების წინ არაერთი გამოჩენილი ადამიანი სტუმრობა თქვენს ოჯახს.
– როგორც ქალბატონი ციალა იხსენებს, ამ სახლში ხშირად იხილავდით გამოჩენილ ექიმებს სიმონ ხეჩინაშვილს, გურამ ტატიშვილს, ნოდარ ყიფშიძეს, აკადემიკოს ილია ვეკუას, ალბერტ თავხელიძეს, ევგენი ხარაძეს, სერგო დურმიშიძეს და სხვებს.


– როგორია თქვენი საოცნებო სახლი? თუ კიდევ ერთხელ შეეჭიდებით რემონტს, როგორ მოაწყობთ სახლს, რა შეცდომებს აღარ დაუშვებთ?

– ყველა სახლს გავხდი ჩემთვის საოცნებოს, სადაც ჩემი საყვარელი ადამიანები იცხოვრებენ. რემონტსაც დიდი სიამოვნებით შევეჭიდებოდი კიდევ ერთხელ ჩემს მეუღლესთან ერთად და ალბათ უფრო კარგად განვსაზღვრავდი დროის ფაქტორს რემონტის დაგეგმვაზე, როდესაც არ იწვი დროში ნაკლებად სტრესულია პროცესი.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები