რა უნდა ვიცოდეთ ვერანდის მოწყობის დროს - სასარგებლო რჩევები

ვერანდა ნამდვილი საზაფხულო სივრცეა, სადაც დროის გატარება და დასვენება ყველასთვის სასიამოვნოა. დიზაინერები გვესაუბრებიან, თუ როგორ შეიძლება ამ ადგილის კომფორტულად, მოდურად დაც რაც ყველაზე მთავარია, ფუნქციონალურად მოწყობა.
სანამ ვერანდის მოწყობაზე გადახვიდოდეთ, პირველ რიგში მის ფუნქციონალობაში გაერკვიეთ. შესაძლოა თქვენ რამდენიმე, მაგალითად, სამუშაო, სასადილო და დასასვენებელი ზონის გაერთიანება გსურდეთ. ასეთ შემთხვევაში ზონირების ელემენტებად შეგიძლიათ გამოიყენოთ მინა, ავეჯი ან თუნდაც განათება.
სხვათა შორის, ვერანდის ეზოსთან გაერთიანება პანორამული ფანჯრებითაც არის შესაძლებელი. ეს ბუნებასთან შერწყმის ასოციაციას ქმნის, კარგი ამინდის დროს კი მოგეცემათ საშუალება მთლიანად წაშალოთ ზღვარი
ორ სივრცეს შორის.

სტილი

ვერანდის სტილი აბსოლუტურად უნდა შეესაბამებოდეს თქვენს მოთხოვნებს. მაგალითად, თუ ეროვნული მოტივები გაღელვებთ, შეგიძლიათ ვერანდა ეროვნული ელემენტებით გაამდიდროთ და დაამშვენოთ. რომანტიკოსებს კი უფრო მსუბუქი სტილი მოეწონებათ, დახვეწილი და ჰაეროვანი. თუ თქვენი ვერანდის ფანჯრები მდინარეს, ზღვას ან შადრევანს გაჰყურებს, ამ შემთხვევაშიც სტილი ხედის შესაფერისად უნდა შეარჩიოთ.

სტილი შეიძლება იყოს ასევე აზიური - იაპონური ან ჩინური. ეს აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ვერანდის ინტერიერი უმჯობესია იყოს ბუნებრივი მასალის, იქნება ეს ხე, ქვა თუ სხვა მასალა. არავითარი ლამინატი და სხვა ხელოვნური მასალა.

ავეჯი

რაც შეეხება ავეჯს, ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია, თქვენი ვერანდა დახურული იქნება თუ ღია, სწორედ ამ ფაქტორზეა დამოკიდებული სავერანდე ავეჯის შერჩევა. ღია ვერანდისთვის უნდა შეირჩეს ისეთი ავეჯი, რომელსაც გარემო პირობები ვერაფერს დააკლებს, იქნება ეს წვიმა თუ ქარი. ასეთ შემთხვევაში გამოგადგებათ რკინის ავეჯი ან ბუნებრივი ხის. თუ ვერანდა დახურულია, საქმე მარტივდება და არჩევანი შესაძლებელია რბილ ავეჯზეც კი გაკეთდეს.


ავეჯის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ, რაც უფრო მეტი სივრცეა ვერანდაზე, მით უკეთესი, არ ღირს თავისუფალი ადგილის ავეჯით გადატვირთვა. ზუსტი და ფუნქციონალური ზონები ატმოსფეროს ძალიან დაამშვიდებს.
ვერანდის მოწყობის მთავარი პრინციპი ასევე ავეჯის მობილობაა. საჭიროების შემთხვევაში ის ადვილად უნდა გადაადგილდებოდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები