"თავიდან ბინაც არ იყო, საწყობად იყენებდნენ..." - 25 კვადრატული მეტრის ფართის ბინა თბილისში, რომლის ინტერიერმა ბევრი აღაფრთოვანა

ალბათ დამეთანხმებით, 25 კვ.მ-ის მქონე ფართის ბინაში საკმაოდ რთულია ინტერიერის მოწყობა, ყველა დეტალის გათვალისწინება და საჭირო საშუალებების განთავსება. თუმცა, პროფესიონალმა დიზაინერებმა კარგად იციან ხრიკები, რომელიც ფართის სიმცირეს შეუმჩნეველს ხდის, ხოლო ბინას საკმაოდ კომფორტულ გარემოდ აქცევს. იურისტმა თამთა რეხვიაშვილმა და მისმა ეკოლოგმა მეუღლემ ნიკო ქერდიყოშვილმა სწორედ პროფესიონალი ადამიანების დახმარებით გაართვა თავი ამ რთულ საქმეს და ასეთ მცირე ფართობში ულამაზესი ბინა მოაწყო. სოციალურ ქსელში, ჯგუფ "რემონტში" განთავსებულ მისი ბინის ფოტოებს დიდი აღფრთოვანება მოჰყვა.

- ეს ბინა არ შეგვიძენია. ოცდახუთი წლის წინ, დევნილის
სტატუსით შეგვიხიზნა მე, ჩემი ორი ძმა და დედაჩემი ამ ერთმა ოთახმა. ბინა არც იყო, ძველი თბილისური ეზოს საწყობ ოთახს წარმოადგენდა, იმხანად გამოუსადეგარს. ყველაზე მძაფრად მისი სუნი მახსოვს, ნესტის, სიცივის და სიძველის სუნი ჰქონდა. მე და ჩემი ძმები ბაღის ასაკისანი ვიყავით და ალბათ მათაც მსგავსი შეგრძნება ჰქონდათ, როცა იქ აღმოვჩნდით, მაგრამ დედაჩემის შემოქმედებითი უნარების წყალობით, ძალიან მალე დათბა ამ ოთახში. მართალია, რემონტის კუთხით ხელიც ვერ ახლო, მაგრამ სიხალასით და იმედიანი განწყობით ისე გაალამაზა, რომ აქ გატარებული წლები ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. მთავარია, თავზე ჭერი გვაქვსო, გვეუბნებოდა და იმაშიც გვარწმუნებდა, რომ ნელ-ნელა ყველაფერს შევძლებდით. ოთახის მდგომარეობას რაც შეეხება, ფაქტობრივად შავი კარკასიც არ ეთქმოდა, უსწორმასწორო კედლები ჰქონდა, არ გააჩნდა სველი წერტილები და ძირს ქუჩის ფილაქანი ეგო, თანაც ძალიან ცივი. დაახლოებით სამი წლის წინ, როცა ამ ოთახში ვეღარ ვეტეოდით, სარემონტოდ დავკეტეთ და იმავე თბილისურ ეზოში ცოტა მოზრდილი ბინა ვიქირავეთ, ვაპირებდით, რომ ეს გაგვერემონტებინა, მაგრამ მოუცლელობისგან საშველი ვერ დავაყენეთ.

- ფაქტია, დღეს ბინა საოცრად გამოიყურება. როგორ წარიმართა რემონტის პროცესი, ინტერიერის დიზაინერი დაგეხმარათ თუ თავად გაართვით თავი?
- ეს ამბავი ძალიან უცნაურად დაიწყო. არ ვიცოდი, როგორ უნდა მოგვეხერხებინა ისე, რომ ამ 25 კვ.მ-იან ოთახში ყველაფერი დატეულიყო, მით უმეტეს ამის არანაირი გამოცდილება არ მქონდა. მათ შორის, არც რაიმე დანაზოგი. ამ განცდებში ვიყავი, მეგობარს ვეწუწუნებოდი და მან მაშინვე თავის დიზაინერ მეგობარს დაურეკა. უთხრა, რომ დახმარება მჭირდებოდა. ღამე იყო. არასდროს დამავიწყდება ის გოგო - ლიკა დათუნაშვილი, რომელიც რუსთავიდან ჩამოვიდა იმავე ღამეს, მთლიანად შეიარაღებული. ყველაფერი აზომა, დახაზა, წინასწარი ვარაუდები გამოთქვა, სად რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მისი მოსვლის წუთიდან იმედით ვიყავი სავსე. მეორე დღეს უკვე დახაზული ვარიანტები მომიტანა. ისე მიხსნიდა თითოეულ დეტალს, თითქოს ყველაფერი ხელშესახები იყო და ვხედავდი. რაც მოგვეწონა, ის შეაჯერა და საბოლოო ვარიანტზე ჩამოვყალიბდით. როდესაც რემონტი დაიწყო, მეორე არქიტექტორმა ელინა სლუტსკიმ რაღაცები შეცვალა, რადგან მუშაობის პროცესში უკეთ გამოჩნდა, რისი გაკეთება შეიძლებოდა. ორი პროფესიონალის ჩართვა არქიტექტურასა და დიზაინში დიდი ფუფუნებაა ზოგადად, მაგრამ გაგვიმართლა, რომ ისინი ჩვენი მეგობრები იყვნენ. რაც შეეხება ფერებს, ფაქტურებს, ჩემმა მხატვარმა ძმამ - თედო რეხვიაშვილმა, თავად შეარჩია და ბევრი ნივთი საკუთარი ხელით, საკუთარი იდეებით ან იუთუბზე ნანახი ვიდეოების მიხედვით დაამზადა.

- როგორ მოახერხეთ 25 კვადრატში ყველაფრის ჩატევა, ყველა დეტალის გათვალისწინება?
- ეს ლიკას და ელინას დამსახურებაა, მაგ ჯადოსნობაში არ ჩავრეულვარ. ალბათ პროფესიონალიზმიც ეგ არის. როცა არსებული ფართი არ გაძლევს მეტის საშუალებას, ცდილობ მაქსიმალურად ჩაატიო ყველაფერი. დასაწყისში პირველადი საჭიროების საკითხები მოვაგვარეთ და ის მცირე რესურსი, რაც დარჩა, სხვა, დამატებითი სურვილებისთვის გამოვიყენეთ. მაგალითად, მე ძალიან მინდოდა გარდერობის ოთახი და ახლა მაქვს. პატარაა, მაგრამ ძალიან ტევადია.

- თქვენი მაგალითით, გამოცდილებით რას ფიქრობთ, როცა ასეთი მცირე ფართია, ამ დროს რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რა დეტალებს მიანიჭოს უპირატესობა?
- ასეთ დროს ფერებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გავრცელებული მოსაზრებით, პატარა ფართი ღია ფერებში უნდა გადაწყვიტო, რომ სივრცე არ დაპატარავდეს. სხვათა შორის, როცა თედომ ფერები შეარჩია, ძალიან მეშინოდა. ყველაზე მეტად შავმა ჭერმა დამძაბა, სწორედ ზემოაღნიშნული მოსაზრების გამო. თედო კი დაჟინებით იმეორებდა, პირიქით, უძირო შავი იქნება და სივრცეს და სიმყუდროვეს ერთად მოიტანსო. მართლაც ასე გამოვიდა. პატარა ფართის დროს, უნდა გავითვალისწინოთ სათავსოები. ჩვენთან ყველაფერს სათავსო აქვს.

- საკმაოდ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ფერები, ავეჯი, დეკორაცია...
- ამ კუთხით მთლიანად ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები მუშაობდნენ. როგორც გითხარით, ჩემი ძმა მხატვარია და ფერებში თამამი გადაწყვეტილებებიც მისი იდეა იყო. ავეჯი მაქსიმალურად ნეიტრალურ ფერებში გადავწყვიტეთ, რადგან დანარჩენი ყველაფერი ისედაც თამამია. ძირითადად შავი მეტალი, აგური და ხეა გამოყენებული, რაც უკვე თავისთავად მსუყე იყო.

- რემონტის დროს რა იყო თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა? რა სირთულეებს გადააწყდით?
- პრობლემები ბევრი იყო. ახლა სასაცილოდ მახსენდება, მაგრამ მაშინ იმდენად დაძაბული ვიყავი, არასდროს დამავიწყდება. შენ შეიძლება გქონდეს ძალიან ბევრი იდეა და ამას კარგადაც გადმოსცემდე, მაგრამ შემსრულებელი, ანუ ხელოსანი ვინც არის, თუ კარგი არ შეგხვდა და გულით არ იმუშავა, ყველაფერი ფუჭდება. ყველაზე დიდი სირთულე სწორედ კარგი ხელოსნების ნახვა იყო. ერთი ჯგუფი მთლიანად დავითხოვეთ, საოცრად უპასუხისმგებლოდ მოეკიდნენ ყველაფერს და გაკეთების ნაცვლად ბევრი რამ გააფუჭეს. მადლობა მეორე ჯგუფს, რომელმაც ყველაფერი პროფესიონალურად, დიდი სიყვარულით შეასრულა.
სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ ხარჯები, რომელსაც წინასწარ დათვლი, ალბათ არასდროსაა საკმარისი. მუშაობის პროცესში იმდენი გაუთვალისწინებელი ხარჯი გამოგვიჩნდა, ერთი პირობა ისიც ვიფიქრე, რომ მეტი აღარ შეგვეძლო და ცოტა ხნით შევჩერებულიყავით.

- ყველაზე მეტად რომელი დეტალი მოგწონთ ინტერიერში და რატომ?
- ყველაზე მეტად შავი ჭერი, შირმა და აბაზანის ნიჟარა მომწონს. შავმა ჭერმა ძალიან დიდი სიმყუდროვე შექმნა. მომწონს, იქ რომ ვიძინებ და ვიღვიძებ, ნამდვილად ჩემი სახლია, საჩემო. შირმაზე და ნიჟარაზე უამრავმა ადამიანმა მომწერა, აინტერესებდათ, სად შევიძინეთ. ორივე ჩემმა ძმამ დაამზადა, ყველანაირი გამოცდილების გარეშე და ამის გამო, განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. ჩემს ძმას უკვე ხშირად ვეხუმრებით, რომ შეუძლია ძალები ამ სფეროშიც მოსინჯოს. როცა უკვე ცოტა მოზრდილი სახლი გვექნება, ეს გამოცდილება ძალიან გამოგვადგება ყველას.







მერი ბლიაძე

კომენტარები

ქრისტინე.... 2023-02-21 11:19
ეს სასახლეს უფრო გავს ვიდრე სათავსოს....
ყოჩაღ ეს შემოქმედებაა
ლალუკა 2023-01-18 10:58
უფანჯრო სახლში ცხოვრება ძნელია
ზაირა ჩაკვეტაძე-ბობო 2022-11-08 21:46
აი, როგორ არის ეს ბინა 25 კვადრატული, ვერ წარმოვიდგინე. ყოჩაღ ჯგუფს, რკმელმაც ეს სამოთხე შექმნა. მშვიდობაში ახალმოსახლეობა❤❤
guro 2021-07-01 15:45
სუპერ
lia 2021-05-27 16:55
bravo!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები