"ფიქრებში ყოველთვის წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა ჩვენი ოცნების სახლი" - თბილისური ბინა, რომელიც დიასახლისმა თავისი გემოვნებით მოაწყო

ამ ბინის დიასახლისს ინტერიერის დიზაინში აქამდე არანაირი გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა, როცა ფოტოებს ნახავთ, მიხვდებით, რომ ამ საქმეს პროფესიულ დონეზე, საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი. მაიკო მიხელიძე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თუცა დღეს ძირითადად შვილის აღზრდით არის დაკავებული. თავის მყუდრო ბინაში მეუღლესთან და პატარა ნიკოლოზთან ერთად ცხოვრობს. მისი ახალგარემონტებული ბინის ფოტოებმა ჯგუფ "რემონტში" დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენს მკითხველსაც გავაცნობთ ამ ბინას და მის მფლობელებს.

- ჩვენი სახლი მდებარეობს თემქაზე, ჩარგლის ქუჩაზე. 2019 წელს შევიძინეთ, მაშინ მშენებლობა ახალი დაწყებული იყო. ასეთ დროს ნერვიულობის
ფაქტორი იმატებს. არ იცი, რამდენად კარგად აშენდება, ან ხომ არ დაგვიანდება ჩაბარება, თუმცა მჯეროდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა და ასეც მოხდა.

- რა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩიეთ ადგილი?
- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მდებარეობა და ხედი. გვინდოდა ყოფილიყო გზიდან მოშორებით და ტყესთან ახლოს, რადგან მალე პატარა გვეყოლებოდა და პრიორიტეტი იყო შეგვექმნა მისთვის მშვიდი, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო. ჩვენი კორპუსი პირდაპირ თბილისის ზღვის ულამაზეს ნაძვნარს ესაზღვრება, სადაც ჩვენს პატარას ხშირად ვასეირნებთ.

- რემონტის პროცესი როგორ დაგეგმეთ და შემდეგში როგორ წარიმართა?
- 2020 წლის ივლისში ნიკოლოზი შეგვეძინა. ამის გამო რემონტის პროცესი ცოტა ხნით გადავდეთ და შემდეგი წლისთვის დავგეგმეთ. თუმცა მანამდე შევადგინეთ ნახაზი, ავეჯისა და ტექნიკის განლაგება და უკვე გვქონდა წინასწარი მონახაზი რემონტის დაწყებამდე.

რემონტი დავიწყეთ 2021 წლის დასაწყისში და დაახლოებით რვა თვეში დავასრულეთ. პროცესი საკმაოდ უმტკივნეულო იყო, რადგან მამაჩემი გვედგა გვერდით. თვითონ ხელოსანია და ძირითადი სამუშაოები მან შეასრულა ჩვენს სახლში. ჩემთვის ერთადერთი სირთულე იყო მასალების შერჩევის პროცესი, რადგან მიწევდა პატარას დედასთან დატოვება, ან ზოგჯერ თან წაყვანაც.
რაც შეეხება ხელოსნებს, ვისთანაც ვითანამშრომლე, ყველა მათგანში გამიმართლა, რადგან დიზაინერის და დიდებული ადამიანის, პეპი გრძელი წინდას რეკომენდაციით ვუკავშირდებოდი მათ და მადლობა პეპის კიდევ ერთხელ. ხელოსნებთან ძირითად ურთიერთობას კი მამა აწარმოებდა.

- ინტერიერის დიზაინი თქვენ გეკუთვნით თუ დიზაინერის მომსახურებით ისარგებლეთ?

- მონახაზთან და განლაგებასთან დაკავშირებით გავიარე კონაულტაციები, თუმცა მალევე მივხვდი, რომ იმას, რაც მე მინდოდა, სრულყოფილად ვერავინ გააკეთებდა ჩემზე უკეთ. ჩემი მეუღლე სრულიად ენდობოდა ჩემს გემოვნებას და მხარს უჭერდა ჩემს გადაწყვეტილებებს. ჩემი მეუღლის აზრი და მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ეს დიდ სტიმულს მაძლევდა, ჩვენი ბუდე მომეწყო სწორედ ისეთი, როგორიც ახლა არის.

ზოგადად ეს სფერო ძალიან მიზიდავს. ჩემს ფიქრებში ყოველთვის წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა ჩვენი ოცნების სახლი. როგორ მოვაწყობდი მას, რომ ლამაზი, პრაქტიკული და მყუდრო ყოფილიყო. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდე და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

- ქალისთვის მნიშვნელოვანი ადგილია სამზარეულო. თქვენ რა გაითვალისიწინეთ მისი მოწყობის დროს, როგორ გადაანაწილეთი ტექნიკა, ნივთები, თაროები და ა.შ?
- გეთანხმებით, სამზარეულო ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და მნიშვნელოვანი იყო, მისი გეგმარება სწორი და პრაქტიკული ყოფილიყო. აქ პეპის რჩევები გავითვალიაწინე. საუკეთესო გეგმარებაა მაცივარი-ნიჟარა-გაზქურა და მათ შორის სამუშაო სივრცეები. იმის მიუხედავად რომ დიდი საზარეულოა და ადგილიც ბევრია, ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან ერთად შეგნებულად არ დავდგი სარეცხის მანქანა, რადგან ზედმეტი ხმაური არ გამომეწვია მისაღებში. ასევე ძალიან მომწონდა სამზარეულოს კუნძული, რომელიც გავაკეთეთ და ფექტური და ფუნქციურად დატვირთულია.


- ავეჯი შეიძინეთ თუ თქვენი გემოვნებით დაამაზადებინეთ?

- მთელი სახლის ავეჯი შეკვეთით დავამზადებინეთ ჩემი დიზაინით. გამოყენებული მასალა შეღებილი მდფ-ია.

- რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც ახლა გეგმავს რემონტის დაწყებას. რა დეტალი გაითვალისიწინონ, რა მოულოდნელობებს ელოდონ და რა სირთულეები შეხვდებათ გზად?
- მათ, ვინც ახლა იწყებს რემონტს ვურჩევდი, რომ არ მიბაძონ სხვას. კარგად გაიაზრონ და დაგეგმონ თითოეული პატარა დეტალიც კი, რათა ცხოვრების სტილიდან გამომდინარე მაქსიმალური კომფორტი შეიქმნან. საკუთარ გემოვნებას და ხასიათს გაუსვან ხაზი, რადგან სახლი ადამიანის ციხესიმაგრეა, ადგილია, სადაც თავს კომფორტილად და ჰარმონიულად უნდა გრძნობდე.





მერი ბლიაძე

კომენტარები

bela 2022-03-15 16:35
ჩემს გემოვნებაში საერთოდ არ ჯდება
ტოტო 2022-02-15 08:19
აშკარად გემოვნებითაა გაკეთებული .
ირაკლი 2022-02-14 15:33
რამდენად სწორია ელექტროღუმელის გვრდზე მაცივრის დადგმა და მცივრის ჩაშენება კარადაში?
ნინო 2022-02-11 15:11
მომეწონა ძალიან, გაიხარეთ თქვენს ახალ ბინაში ჻)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები