„თავიდანვე ვიცოდი, რა სტილის მინდოდა ყოფილიყო ჩემი სახლი“ - დიასახლისის გემოვნებით მოწყობილი ბინა, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს

თეონა ბაღათურია პროფესიით HR სპეციალისტია, თუმცა იმდენად იტაცებდა ინტერიერის დიზაინი, მოგვიანებით ამ სფეროშიც მოსინჯა საკუთარი თავი. სახლი, რომელიც სამი წლის წინ შეიძინა, თავისი გემოვნებით მოაწყო. როგორც დიასახლისი ამბობს, მისთვის ყველაზე საინტერესო ინტერიერზე მუშაობის პროცესი იყო. სურდა, ისეთი გარემო შეექმნა, სადაც ის და მისი შვილი თავს ბედნიერად და კომფორტულად იგრძნობდნენ, ამავდროულად ბინას ინდივიდუალური ხასიათი ექნებოდა.

- 21 წლიდან შეუსვენებლად ვმუშაობდი და გადავწყვიტე, ამეღო პაუზა კორპორაციული ცხოვრებიდან და მეტი დრო დამეთმო ჩემი თინეიჯერი შვილისთვის, ჩემი ინტერესებისთვის და ზოგადად, მქონოდა მეტი დრო საკუთარი თავისთვის.
ვთვლი, რომ დაბალანსებული ცხოვრება ბედნიერებისა და სიმშვიდის საწინდარია. სწორედ ეს პერიოდი დაემთხვა ჩვენს ახალსახლობას.


დავიბადე და გავიზარდე თბილისში, 39 წელი ვიცხოვრე ვაკეში და მივხვდი, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ასევე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ძალიან მაწუხებდა ავტომობილებისგან გამოწვეული ხმაური, გამონაბოლქვი, საღამოობით საპარკინგე ადგილის ძებნა, ტროტუარებზე დატოვებული ცხოველების ფეკალიები, ხეებზე ჩამოკიდებული სახლებიდან გადმოყრილი ნაგავი და მაკლდა სიმწვანე. ასევე მაწუხებდა, რომ ჩემი შვილი ცხოვრობდა ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში, ვერ ახერხებდა ისეთი ელემენტარული სიამოვნების მიღებას, რაც ველოსიპედით სეირნობა იყო ქალაქში. ეზოს ნაცვლად გვქონდა ფარეხები და ეზოში ერთადერთი სათამაშო ადგილი - ფარეხის სახურავები. ბევრი ფიქრის, ყოყმანის და კვლევის შემდეგ გადავწყვიტე, უბანი შემეცვალა და საცხოვრებლად „ლისი ვერანდა“ შევარჩიე, რადგან ეს დასახლება იმ დროს აკმაყოფილებდა თითქმის ყველა კრიტერიუმს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. გავყიდე ჩემი ბინა და შევიძინე „ჰაერი“ მშენებარე კორპუსში. ბინის ჩაბარება თითქმის ერთი წელი დააგვიანა დეველოპერმა, მანამდე გონებაში ვქმნიდი თითოეული კუთხის ვიზუალურ იმიჯს და ფუნქციური დატვირთვის გეგმას. რადგან უკვე მქონდა მარტო ცხოვრების გამოცდილება, ზუსტად ვიცოდი, რომელ ოთახს რა დატვირთვა უნდა ჰქონოდა. ჩემმა მეგობარმა და ამავდროულად არაჩვეულებრივმა არქიტექტორმა გიორგი ჭყონიამ შემომთავაზა ბინის დაგეგმარება, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი და შედეგად მივიღე ბინის არაჩვეულებრივი წყობა და სივრცის ოპტიმალური ათვისება.

- რთული და დამღლელი იყო რემონტის პროცესი?

- დიახ, თუმცა რემონტის პერიოდში სტიმულს და ძალას მაძლევდა ის, რომ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ვქმნიდი ბუდეს და ვიწყებდით ახალ ცხოვრებას. რადგანაც რემონტის დროს საკმაოდ დატვირთული და სტრესული სამსახური მქონდა, მივხვდი, რომ მხოლოდ შაბათ-კვირა მრჩებოდა მასალების საყიდლად და სარემონტო სამუშაოების მონიტორინგისთვის. ამიტომ დავიწყე სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების მოძიება და პირობების შედარება, რაც რთული პროცესია საქართველოში. ხანგრძლივი კვლევის შემდეგ აღმოვაჩინე ორი ახალგაზრდა, ძალიან კარგი პორტფელით და რეპუტაციით. დავიწყეთ თანამშრომლობა. სარემონტო სამუშაოებისთვის სამი თვე განვსაზღვრეთ და შევთანხმდით, რომ ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე კვირის დღეებში ვიკონტაქტებდით ვაიბერში და დასრულების შემდგომ ყოველდღიურად ფოტოების გაგზავნის გზით თითოეულ დეტალზე უნდა შევთანხმებულიყავით. ბიუჯეტს არ უნდა გადასცდენოდნენ და გვეკონტაქტა მხოლოდ წერილობით, ხოლო მე შაბათ-კვირას შევიძენდი მომდევნო კვირისთვის საჭირო მასალებს და მონიტორინგს გავუწევდი შესრულებულ სამუშაოებს. რა თქმა უნდა, რემონტი საქართველოში ურთულესი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამუშაოებს შენ თვითონ არ ხელმძღვანელობ. მაგრამ გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივი საქმეთა მწარმოებლები შემხვდნენ და ბევრისგან განსხვავებით, არ მომიწია ამ პროცესში ჩხუბმა და დაძაბულობამ. საბოლოოდ, ხარისხობრივად გამოვიდა ისეთი, როგორიც მინდოდა და რაც მთავარია, გათვალისწინებულ ბიუჯეტს არ ავცდით.




- ძალიან გემოვნებიანი დიზაინია. მანამდეც გქონდათ ამ სფეროში გამოცდილება?

- ინტერიერის დიზაინერი არ მყოლია, რადგან ზუსტად ვიცოდი, როგორი ბუდე მინდოდა გვქონოდა. ჩემი ხედვა მხოლოდ 3D-ში გადავატანინე დიზაინერს, რომ საქმეთა მწარმოებლებს წარმოდგენა ჰქონოდათ, რისი გაკეთება მსურდა. შეხება ინტერიერის დიზაინთან არასოდეს მქონია, მაგრამ ძალიან კარგად ვიცოდი ჩემი ჩვევები, რაც მომეხმარა, სწორად დამეგეგმა ელექტრობა, ტიხრები, გათბობა-გაგრილების სისტემა და ავეჯის განლაგება. თავიდანვე ვიცოდი, რა სტილის მინდოდა ყოფილიყო ჩემი სახლი. ვიცოდი, რომ არ უნდა ავყოლოდი მიმდინარე ტრენდებს, რათა მალე არ მომბეზრებოდა ინტერიერი. ვიცოდი, რომ სახლი უნდა ყოფილიყო სახლი და არ უნდა მქონოდა სასტუმროს ასოციაცია. ვიცოდი ფერები, რომლებიც მამშვიდებდა და ფერები, რომლებიც თვალს მიღლიდნენ. ვიცოდი, სახლი უნდა ყოფილიყო ბუდე, სადაც კომფორტულად უნდა გვეგრძნო მე და ჩემს შვილს თავი. შესაბამისად, თითოეულ კუთხე-კუნჭულზე ტვინს ვიჭყლეტდი, ხშირად ვხატავდი ჩემთვის, მესიზმრებოდა, სად რა უნდა დამედგა და გამოვიდა ისე, რომ ამ ბინაში მთელი გული და სული ჩავდე.

- რა სტილში მოაწყვეთ სახლი?

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვიზუალურ მხარესთან ერთად სახლს ჰქონოდა ფუნქციური დატვირთვაც. ბინა უნდა ყოფილიყო ოჯახისთვის და არა ერთი ადამიანისთვის. თავიდანვე ვიცოდი, რომ ინტერიერი არ მინდოდა ყოფილიყო ცივი, ბეტონის, ქვის და ჰაიტექ ელემენტებით დატვირთული. მინდოდა, ლონდონური ძველი ბინების სტილის და აღმოსავლური ელემენტებით შერწყმული სალონური სტილის ყოფილიყო. რთული მისია დავუსახე ჩემს თავს, რაც თანამედროვე და ძველი სტილის შერწყმა იყო. რემონტის პერიოდში რაღაცები ვანგრიე და ვაშენე. როცა სტილის შერწყმა არ მომწონდა, ნაყიდი ჭაღები გავყიდე და ახლები ვიყიდე. ნაყიდი დეკორი გავაჩუქე და ახლები ვიყიდე. ასე გაგრძელდა იქამდე, სანამ ვიგრძენი, რომ სახლი „ჩემი“ გახდა.




- ბევრი განსხვავებული და ორიგინალური ნივთი იწონებს თავს თქვენს სახლში...

- დეკორი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ვფიქრობ, დეკორს სახლის მეპატრონეზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. ჩემი აზრით, დეკორი არის ის, რაც სახლს უნიკალურს ხდის. ის ნივთები, რასაც აქ ხედავთ, წლების განმავლობაში ვაგროვე, ნაწილი დედამ მაჩუქა, ნაწილი საგვარეულო რელიკვიაა, უმეტესი ნაწილი ჰოლანდიაში შევიძინე, ნაწილიც მშრალ ხიდზე ვიყიდე. რაღაცები ჰოლანდიურ და ბელგიურ მეორად მაღაზიებში შევიძინე, რადგან მინდოდა ორიგინალური დეკორი მქონოდა. ძალიან მიყვარს მხატვრობა და დავისახე მიზნად, სამ თვეში ერთხელ ახალი ნახატი უნდა მეყიდა, ისეთი, რომ ყურებაც არ მომბეზრდებოდა და სადღაც ფიქრებში გადამაგდებდა. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ვგიჟდები მხატვრობაზე და ნაწილი ამ ნახატებიდან მათი ნაჩუქარია. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა მხატვრის ცნობადობას, მთავარია, ნახატი „ჩემი“ იყოს, მამშვიდებდეს და დადებით ემოციას იწვევდეს მისი ყურება. ასე შემიგროვდა სამ წელში თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები. მსხლის ფორმის ჭაღებიც ჰოლანდიიდან ჩამომიტანეს. იმდენად ძველია ორივე, მანქანის სამრეცხაოში კერხერით მოგვიწია მათი გარეცხვა, რომ ბროლი აპრიალებულიყო.

- ავეჯი თქვენი გემოვნებით დაამზადებინეთ თუ შეიძინეთ?

- ვიცოდი, რომ მინდოდა მუხის პარკეტი და ხის ავეჯი, რათა ბინა შეძლებისდაგვარად ეკოლოგიური ყოფილიყო. არ მინდოდა როკოკო-ბაროკო ან რომელიმე გადატვირთული სტილი. ავეჯის დიდი ნაწილი ჩემი დიზაინით დამიმზადეს არაჩვეულებრივმა დურგლებმა, ხოლო ნაწილი ჰოლანდიურ-ბელგიურ მეორად მაღაზიებში შევიძინე. ნაწილი ჩემი ხელით გადავღებე „იუთუბზე“ ნასწავლი ვიდეოებიდან და ნაწილიც პროფესიონალ მხატვარს მივუტანე გასაახლებლად. შესაბამისად, ჩემს სახლში, სამზარეულოს გარდა, თითოეული ავეჯი ხის არის.

ასევე ყოველთვის მომწონდა აგურის სახლები და ინტერიერში აგურის გამოყენება. კახეთში დაშლილი სახლის ნამდვილი აგური შევიძინეთ, დავჭერით და აგურის სპეციალური საღებავით თეთრად შევღებეთ მხოლოდ ერთი კედლისთვის. ვფიქრობ, ვიზუალური მხარის გარდა ეკოლოგიურიც გამოვიდა კედელი.

- რატომ გამოყავით სამზარეულო და მისაღები ოთახი შუშის ვიტრაჟით?

- ჩემს სახლში ხშირად კეთდება საჭმელი და ამავდროულად ხშირად მსტუმრობენ მეგობრები. მინდოდა იზოლირებული ყოფილიყო მისაღები ოთახი სამზარეულოსგან, რათა ჩემს შვილსაც თავისი სივრცე ჰქონოდა, როცა სტუმრები გვეყოლებოდა. გარდა ამისა, არ მიყვარს, როდესაც სახლში საჭმლის სუნი დგას და ამ ტიხრით შევეცადე, მომზადებული კერძის სუნისგან (მიუხედავად გამწოვისა) სახლის დანარჩენი ნაწილი დამეცვა. თავიდან ჩვეულებრივი კედელი ავაშენეთ, მაგრამ როგორც კი ვნახე, მივხვდი, რომ სახლი ჩაიხუთა, ჩაბნელდა და მატარებლის ვაგონს მაგონებდა. იმ დღესვე დავანგრიეთ და სინათლის და სივრცის ეფექტის შექმნის მიზნით დავამზადებინე მეტალის ყრუ ტიხარი გამომწვარი შუშებით უსაფრთხოებისთვის და ტიხრის იდენტური კარი.



- ზოგადად რას ფიქრობთ, რა გამოარჩევს თქვენს სახლს სხვებისგან?

- მგონია, რომ ჩემი სახლი თბილია, მყუდროა, გემრიელია, განსხვავებულია, შინაურია და შემოსვლისთანავე იგრძნობა ჩემი ხასიათი. სახლს ეტყობა, რომ სიყვარულით არის მოწყობილი და შესაბამისად, შინაც დიდი სიყვარული იგრძნობა.

- რას ურჩევთ მათ, ვინც რემონტის დაწყებას საკუთარი ძალებით გეგმავს?

- ვფიქრობ, პირველ რიგში მორალურად მომზადებულები უნდა იყვნენ რემონტისთვის, რადგან საქართველოში ეს პროცესი ურთულესია, თუ კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ხელოსნები არ შეხვდებათ. არის სარემონტო მასალები, რაზეც არ უნდა დაიზოგოს ფული, მაგალითად ფანჯრები და მისი საკეტები. სადაც საჭიროა ნესტგამძლე თაბაშირ-მუყაოს ფილა, იქ უნდა გამოიყენო ნესტგამძლე. ელექტრობის კაბელები უნდა იყოს კარგი ხარისხის. თუ ძალიან თხელია კედლების კონსტრუქციული ნაწილი, ჯობს ხმის იზოლაციაზე იფიქრონ მეზობელთან გამყოფ კედელზე მაინც. არ დაანგრიონ მზიდი კედლები ვიზუალური ეფექტის გამო. ბავშვის ოთახში მაინც გამოიყენონ ეკოლოგიურად სუფთა საღებავი. არასოდეს გადაუხადონ ხელოსნებს წინასწარ თანხა. მაქსიმალურად შეეცადონ მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების გაფორმებას ხელოსნებთან. ხშირად შეამოწმონ შესრულებული სამუშაოების ხარისხი და შეძლებისდაგვარად ჩართულები იყვნენ მასალების შეძენის პროცესში, რომ იცოდნენ, რა ხარისხის მასალა იქნება მათ სახლებში გამოყენებული.




რაც შეეხება ბინის მოწყობას, ეს უკვე გემოვნების და ფინანსური საშუალების საკითხია. არ არის აუცილებელი, ლამაზი ნივთები აუცილებლად ძვირი იყოს, მთავარია ნივთის შეძენისას იგრძნონ, რომ ეს კონკრეტული ნივთი „მათია“. წარმოიდგინონ ინტერიერში და დაფიქრდნენ, 1-2 წლის შემდეგ მოუნდებოდათ თუ არა ამ ნივთის ყურება. მე ნივთების შეძენისას ვიყენებ სმარტ სჰოპპინგ პრინციპს, ანუ წარმოვიდგენ სად ვდგამ, სად ვკიდებ, რა დატვირთვა ექნება.

ვფიქრობ, სახლს მაშინ ჰქვია „შენი“, როდესაც მისვლა მიგეჩქარება და იქ ხარ ის, ვინც სინამდვილეში ხარ. მე ეს
გამომივიდა, ჩემი ბუდე ჩემი უდიდესი ბედნიერებაა.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები