"აქ ერთი ახალგაზრდა, ბედნიერი ოჯახი ცხოვრობს..." - ჟურნალისტის საოცნებო ბინა და გამოცდილება, რომელიც რემონტის დროს დაუგროვდა

თამუნა დუღაშვილი ჟურნალისტია და პროფესიული საქმიანობის გარდა, საოჯახო ბიზნესსაქმიანობაშიც არის ჩართული. თუმცა ამჯერად ჩვენი ყურადღება მისმა საახალწლოდ მორთულმა სასიამოვნო ბინამ მიიპყრო, რომელშიც მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. სწორედ ამ ბინის შესახებ გვესაუბრა და რემონტის შესახებ გამოცდილება გაუზიარა ჩვენს მკითხველებს.

- პირველ რიგში, დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩემი ოჯახის მიერ შექმნილი მიკროსამყაროთი - ჩვენი ბინით დაინტერესდით. მოხარული ვარ, რომ თუ აქამდე მხოლოდ თქვენი ერთგული მკითხველი ვიყავი, ახლა უკვე, რესპონდენტიც ვიქნები.

რაც შეეხება ბინას, - აქ ერთი ახალგაზრდა, ბედნიერი ოჯახი ცხოვრობს: მე,
ჩემი მეუღლე - ნიკოლოზი და ჩვენი ქალიშვილი ნინია. მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ონლაინ გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის“ რედაქტორად ვმუშაობ. ასევე, ჩემს დიდ ოჯახთან, - მშობლებთან, ძმასთან და ორ დასთან ერთად, ჩართული ვარ საკუთარი ტურისტული ობიექტის, - „ღვინის ეზო N1“-ის ბიზნესსაქმიანობაშიც.
ჩემი მეუღლე საკუთარი ბიზნესითაა დაკავებული. ჩვენი ნინია კი BTU-ს ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტია და პარალელურად, ისიც მუშაობს.

ჩვენი ბინა თბილისში, დიდუბის რაიონში, დავით ბაქრაძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს. ეს არის იდეალური ადგილი საცხოვრებლად - ყველაფერი ახლოსაა, - შემიძლია სამსახურიდან უცებ ამოვირბინო, გამოვიცვალო და ისევ გავიდე, რაც ძალიან დიდ კომფორტს მიქმნის.
ჯამში, ბინის საცხოვრებელი ფართი 120 კვადრატია - მისაღებით, სამზარეულოთი, სამი საძინებლით, სააბაზანო ოთახით, ორი აივნით, დერეფნით და აივანზე - სათავსო ოთახით.

დაახლოებით 10 წლის წინ, გაფართოების მიზნით, საცხოვრებელ ფართს ვეძებდით. მაშინ ამდენი ახალი კორპუსი არ იყო და რაც იყო, თითქმის ყველა ჩვენთვის სასურველი ვარიანტი განვიხილეთ. ამ კორპუსმა განსაკუთრებით მიმიზიდა. მახსოვს, დიდ, განათებულ ვერცხლისფერ ლიფტში, ახალგაზრდა წყვილს სარემონტო ნივთები სახლში აჰქონდა. კორპუსი იმდენად მომეწონა, რომ ვინატრე: რა იქნება, მეც აქ ვცხოვრობდე-თქო... ალბათ ღმერთმა მისმინა, - მეპატრონესთან მაშინვე შევთანხმდით და რამდენიმე დღეში ახალი ბინაც გავიფორმეთ. უცხოვრებელი, შავი კარკასი იყო. მისაღები საპირისპირო მხარეს ჰქონდა. ფაქტობრივად, ყველა შიდა კედელი დავანგრიეთ და ოთახები ჩვენი გემოვნებით განვალაგეთ. ეს ერთგვარი სასიამოვნო აზარტია, როცა რემონტს ნულიდან იწყებ და ნელ-ნელა, საკუთარი ფანტაზია რეალობაში მოგყავს.

- რამდენ ხანს მიმდინარეობდა რემონტის პროცესი, რა გამოცდილება დაგიგროვდათ? რა იყო ყველაზე რთული და შემდგომში რომ გააკეთებთ რემონტს, რას გაითვალისწინებთ აუცილებლად ამ გამოცდილებიდან?
- ბინის რემონტსა და ავეჯის შეტანას დაახლოებით ერთ წლამდე დრო დასჭირდა. აქცენტი მისაღებ ოთახზე გავაკეთეთ, რომელიც, სივრცის გაზრდის მიზნით, სამზარეულოსთან ბარით გავაერთიანეთ. ვფიქრობ, სახლში, ყველაზე მნიშვნელოვანია ის ძირითადი სივრცე, სადაც მეტ დროს ვატარებთ. რაც შეეხება საძინებლებს, ისინი შედარებით პატარა, ფუნქციური გავაკეთეთ, რადგან ჩემი აზრით, პატარა ოთახი დასაძინებლად ბევრად მყუდროა.

მისაღებ ოთახში, ბოლომდე ღია, ვიტრაჟული ფანჯრები ჩემი ოცნება იყო და ესეც ავიხდინე. ვფიქრობ, ასეთი კედელი, სივრცეს კიდევ უფრო ნათელსა და მსუბუქს ხდის და ფართის გაზრდის ასოციაციას ტოვებს. ამას მთელი სახლის სიგრძეზე აივანიც ერწყმის, რაც კიდევ ერთი სახლის ტოლფასია ჩემთვის, განსაკუთრებით - ზაფხულში.

რაც შეეხება რემონტის პროცესს, ის სულ ფიქრსა და ძიებაში მიმდინარეობდა. მაგრამ, ეს იყო ძალიან შემოქმედებითი და საინტერესო ძიება, რაც ჩემს ხასიათთან ძალიან ახლოსაა. ვფიქრობდი ძალიან ბევრს, რა როგორ გამეკეთებინა. დავდიოდი ბაზრობებსა თუ მაღაზიებში. შეიძლება ერთი დეტალის გამო რამდენჯერმეც გავსულიყავი. ხელოსნებში გაგვიმართლა, - იდეალური ხალხი შეგვხვდა. დიზაინერის აზრიც გავითვალისწინეთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენ, - მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ. ფერები მთლიანად ჩემი შერჩეულია. მიყვარს ნათელი, ღია ტონები. კრემისფერი ძირითადი ტონია ჩვენთან, რასაც ძალიან მოვახდინე ღია ფერის ავეჯი და ოქროსფერი დეტალები. ვფიქრობ, შეცდომა იყო კედლის შეღებვა, რომელიც საოფისე განწყობას ქმნიდა და არა - ოჯახურს. ამიტომ, მოგვიანებით შეღებილ კედლებზე შპალერი გავაკარით, რითაც, აქაურობა უფრო მეტად „მოსახლურდა“.
ახალ სახლში ნოემბერში, ჩემი და ჩემი მეუღლის დაბადების დღისთვის გადმოვედით. დიდი სუფრა გავაწყვეთ და მეგობრები დავპატიჟეთ.

- ჩანს, რომ ამ ბინის მოწყობაზე ბევრი იმუშავეთ და სასიამოვნო გარემო შექმენით. რამდენად ადვილი იყო სასურველი მასალის, ავეჯის მოძიება?
- დიდი მადლობა! ეს ზუსტად ჩემი ხასიათისა და გემოვნების სახლია, - სადა, გამჭვირვალე და მსუბუქი. არ მიყვარს ძალიან დატვირთული სახლები, ბევრი უსარგებლო ნივთით, უხეში ავეჯითა და ჩაბნელებული ფარდებით. ასეთ სახლებში სუნთქვა მიჭირს და დიდხანს ვერ ვჩერდები. სახლი სიმყუდროვის, კომფორტისა და მოსვენებისთვისაა შექმნილი და ამ კრიტერიუმებს უნდა პასუხობდეს. ის, რაც ჩემს სახლში ძალიან მომწონს, სწორად გადანაწილებული სივრცეებია, - ცალკე კომფორტს ქმნის მოსასვენებელი სივრცე, სასადილო, სამეცადინო კუთხე და ა.შ. ვფიქრობ, არ არის აუცილებელი ძალიან ძვირად ღირებული ნივთები, ზოგჯერ ისინი პირიქით, დამღლელია. ჩემთვის მთავარია ნივთი იყოს გემოვნებით შერჩეული, პრაქტიკული და მინიმალისტური. ასევე, დიდი ფართის შემთხვევაში მნიშვნელოვანია განათების სწორად დაგეგმვა. ძალიან მიყვარს სანათები და ვანათებთ იმ კუთხეს, რომელიც იმ მომენტში გვჭირდება.

ჩემს სახლში ყველა ნივთი საკუთარ ისტორიას ჰყვება და ეს ისტორია მეტწილად დიდხანს ნაფიქრ, დიდი რუდუნებით შერჩეულ დეტალებშია, ან საყვარელი ადამიანების მიერ ნაჩუქარ ნივთებში. ჩემი მეუღლის კოლექციაც, რომელიც 150-ზე მეტი სახეობის სასმელს აერთიანებს, ჩვენთვის სასიამოვნოდ მოსაყოლი ისტორიაა. მისი შეგროვება ძველ ბინაში დავიწყეთ და ღემდე ვაგრძელებთ.

ძალიან მიყვარს საოჯახო ნივთების შეძენა (მგონი ზედმეტადაც, რადგან ამაზე უკვე მეხუმრებიან ხოლმე). როცა რაიმე ახალს ვიძენ, იმდენად მიხარია, რომ ერთი სული მაქვს ყველას ვაჩვენო, გავუზიარო. ვგიჟდები ოჯახურ შეკრებებზე, წვეულებებზე. ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ჩემი მშობლები, დედმამიშვილები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები ამ ჭერქვეშ ვიკრიბებით და ვერთობით. გავკადნიერდები და გეტყვით, რომ ასე მგონია, ყველაზე კარგ დროს სწორედ ჩემს სახლში ვატარებთ! ასეთი ოჯახური შეკრებები, ყველაზე წმინდა და ღირებულია ჩემთვის. რემონტიცა და სახლიც, ჩემს ადამიანებთან ერთად მიხარია...

- თუ ხართ კმაყოფილი შედეგით?
- დიახ, რატომაც არა, კმაყოფილი ვარ! ამ სახლის შემდეგ, ქალაქგარეთ აგარაკიც ავიშენეთ, რაც ასევე დიდი ექსტრიმი და სასიამოვნო გამოწვევა იყო ჩემთვის. ის აუზიანი, ორსართულიანი სახლია და ზაფხულის ცხელ დღეებს იქ გავატარებთ. თუმცა, ისიც ვიტრაჟული, გამჭვირვალე, ნათელი და როგორც ერთმა ჩვენმა მეგობარმა გვითხრა, - ჰაეროვანი სახლი გამოვიდა. შედეგით ორივე შემთხვევაში კმაყოფილი ვარ.

- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს რემონტს, თქვენი გამოცდილებიდან.
- ვინც ახლა იწყებს რემონტს, ვურჩევდი ამ პროცესს საინტერესო კუთხით შეხედოს და არა ისე, როგორც რთულსა და დამღლელ საქმიანობას. ცხოვრებაში ძალიან გაგიმართლათ, მოგეცათ შანსი, საკუთარი საცხოვრებელი სივრცე შექმნათ, თქვენი ნავსაყუდელი! ნუ გააკეთებთ მაინცდამაინც იმას, რაც მოდაშია. განსაკუთრებით, ეს ფერების, ტონების შემთხვევაში, რადგან, შეიძლება ის ძალიან მალე მოგბეზრდეთ. მოიწყეთ თქვენი პატარა კომფორტის ზონები, - ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მაგალითად, აივანზე, თუნდაც პატარა, ყავის, ან ჩაის მისართმევი კომფორტული ადგილი, სადაც გემრიელად მოკალათდებით და დაისვენებთ. გაანებივრეთ საკუთარი თავი სიამოვნების მიღებით, მოიწყეთ პატარა დღესასწაულები.

როცა ძალიან ვიღლები, ყველაზე კარგად სახლში ვისვენებ. ამოჩემებულ ადგილას ვჯდები, ჭიქა ღვინოს ვისხამ, საყვარელ მუსიკას ვრთავ და საკუთარ თავს ვეუბნები: „ძვირფასო თამარ, შენ ეს დაიმსახურე!“ აი, ეს არის ჩემთვის სახლიც, ფუფუნებაც და ყველაზე კარგი დასვენებაც.
ასე, რომ თუ ბინას არემონტებთ, გააკეთეთ ის, რაც თქვენს სულსა და გულში, თქვენს ხასიათშია. ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ, გაბედნიერებთ და არა ის, რაც მოდაშია და აუცილებლად ისიამოვნებთ შედეგით!
შინ, ყველაზე კარგად უნდა იყოთ!



კომენტარები

ირაკლი 2023-01-02 19:41
არც არის აუცილებელი ყველას მოგწონდეთ. ადამიანს რაც აქვს იმით ბედნიერია. არც არავის ეჯიბრება. ანგელოზივით გოგოა! უკეთესები თქვენ დადეთ, ბოღმიანებო!
ნია 2022-12-27 19:57
ყველაფერი მომეწონა,მეპატრონეც,მეც მიყვარს ჩემს სახლში ქიეფი და დროსტარება,საყვარელ ადამიანებთან ერთად.
მაია 2022-12-27 13:33
რატომ იბოღმებით ხალხო,ყველა ადამიანს აქვს უფლება როგორც უნდა ისე მოაწყოს თავისი სახლი, მიტომ დაიბოღმეთ რომ ტრენდული ვერ დაინახეთ, რა სიმდაბლეა , შეიცვალეთ აზროვნება და ყველაფერი კარგად იქნება
გიგა 2022-12-23 11:00
ეს ეხლა კაია?
ეკა 2022-12-22 14:51
ფეხსაცმელი ყველას ჯობია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები