როგორ უნდა მოიქცეთ, თუ აივანი დაზიანებულია, ვინ ამოწმებს აივნების მდგომარეობას და რა წესები უნდა დაიცვათ - პასუხები მერიიდან

ბოლო რამდენიმე წელია, დედაქალაქში აქტიურად საუბრობენ დაზიანებული აივნების და ავარიული კორპუსების შესახებ. თბილისში არაერთი საცხოვრებელი კორპუსის აივანია დაზიანებული და საფრთხის შემცველი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან ავარიული აივნების მონაცემთა ბაზა არ არსებობს. როგორ უნდა მოიქცეს მობინადრე, თუ აივანი დაზიანებულია, ვის მიმართოს და რა ეტაპია გასავლელი, როგორ ხდება გამაგრება, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე თბილისის მერიას, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურსა და ზედამხედველობის სამსახურს მივმართეთ.


- თუ აივანი დაზიანებული და საფრთხის შემცველია, ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ და რა პროცედურებია საჭიროა?
- ოთხსართულიანი და უფრო
მაღალი საცხოვრებელი სახლების ავარიულობის შემთხვევაში, მათ შორის აივნების დაზიანების საკითხზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ უნდა მიმართოს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს განცხადებით. პირველ ეტაპზე, ამავე სამსახურის მიერ, განაცხადი გადაიგზავნება მუნიციპალურ ლაბორატორიაში, შენობის კონსტრუქციული მდგრადობის კვლევის ჩასატარებლად. კვლევის დასრულების შემდეგ, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმება სამუშაოები.

- თავად მერია თუ ამოწმებს და აკონტროლებს აივნების მდგომარეობას?
- სახლის აივანი მაცხოვრებლების საკუთრებას წარმოადგენს და დაზიანების შემთხვევაში თბილისის მერია დახმარებას უწევს მობინადრეებს, როგორც კვლევით ნაწილში, ასევე საჭირო სამუშაოებით. როგორც აღვნიშნეთ, ბინათმესაკუთრეთა მომართვაა საჭირო, რათა შემოწმდეს აივნების ავარიულობა.

- მშენებლობის დროს რა აუცილებელი წესები უნდა დაიცვან აივნის შემთხვევაში?
- ნებისმიერი სამშენებლო სამუშაო, მათ შორის აივნის მოწყობა (მიშენება, მოპირკეთება) საჭიროებს შესაბამის ნებართვას და ამ ნებართვის საფუძველზე ხდება ინდივიდუალურად სამუშაოების წარმოება.


- საერთო სარგებლობის აივნები თუ მომწმდება მერიის მიერ?
- ამხანაგობის მომართვის შემთხვევაში, შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე კვლევა მთლიანად საცხოვრებელ კორპუსს უტარდება, მათ შორის საერთო სარგებლობის აივნებსაც.

- რა წესები არსებობს აივნებთან მიმართებაში, რაც მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს (მოპირკეთების, გამაგრების, თოკების გასაფენი ჯოხების მიმაგრების ან მსგავს შემთხვევებში)?
- გასაფენი თოკები, ჯოხები და მსგავსი კონსტრუქციები წარმოადგენს პირველი კლასის ობიექტს, რაც საჭიროებს მარტივ შეტყობინებას და არა პროექტის მომზადებას. აღნიშნული ნებართვა პირველი კლასის ობიექტად განიხილება თუ რეკონსტრუქციად, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო განიხილავს.

- რა არის ძირითადად აივნების ნგრევის მიზეზი?
- აივნების დაზიანების სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მათ შორის, დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს შენობის ხანდაზმულობის, ატმოსფერული ნალექების, მოუვლელობის, უყურადღებობის, მიშენებების გამო.

- რაიმე ახალი პროექტი თუ ამოქმედდა მერიაში, რომელიც სადარბაზოებს, აივნებს და ფარეხებს ეხება?
- აივნების საკითხზე ახალი რეგულაციები ან კანონში ცვლილება არ არის, რაც შეეხება ავტოფარეხებს, ცალკე მდგომ ავტოფარეხებზე ზოგადად არ გაიცემა ნებართვები, თუმცა ესაც უკვე არ არის ახალი რეგულაცია.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ლელა 2023-05-17 18:26
მიშენება თუ შეიზლება განხორციელდეს ბინაზე ოღონდ საძირკველიც რომ ჰქონდეს და ბინაზე არ იქნება დაკიდებული. არამედ იქნება ცალკე მდგომი ,მაგრამ ბინას დაკავშირებული გაფართოების მიზნიტ. თუ არის ამის ნებართვები მერიაში.?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები