მაკო კუვშინოვა ბათუმში ცხოვრობს და ხელნაკეთი ნივთების დამზადებით არის დაკავებული. ბოლო პერიოდში ინტერიერის დიზაინითაც დაინტერესდა და მისი ბინის ფოტოებმა ჯგუფ "რემონტში" დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც თავად გვიამბო, მის მფლობელობაში არსებული ორი ბინის რემონტი საკუთარ თავზე აიღო და წარმატებითაც გაართვა თავი. ეს მისთვის იმდენად დიდი აზარტი აღმოჩნდა, სურს, კიდევ მოსინჯოს ამ სფეროში ძალები.
- 10 წელი სილამაზის სფეროში ვმუშაობდი, ახლა დაკავებული ვარ იმ საქმით, რომელიც პანდემიის დროს უახლოეს მეგობართან ერთად დავიწყე. ეს არის ხელნაკეთი სანთლების, ჭაღების, სარკეების ონლაინმაღაზია და საბოლოო ჯამში ეს ჰობი
- თქვენი ბინის დიზაინმა ბევრი ადამიანი აღაფრთოვანა. ინტერიერის დიზაინში რა გამოცდილება გაქვთ?
- მადლობა, ძალიან მიხარია ასეთი დადებითი გამოხმაურება. დიდი სიყვარულით ვაკეთებდი ამას და აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ პერიოდში მიძლებდნენ. პირველი დამოუკიდებელი გამოცდილება იყო, რაშიც სრულად მე ვმონაწილეობდი და ჩემი მეუღლე მეთანხმებოდა. სრული მხარდაჭერა მქონდა მისგან. რემონტის დროს ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- რამდენი კვადრატია ბინა, როგორ დააპროექტეთ და დაგეგმეთ დიზაინი? რა ფერებს და სტილს მიანიჭეთ უპირატესობა?
- ბინა ზღვის და მთის ხედით არის 40 კ/მ, ხოლო ბინა, სადაც ვცხოვრობ - 140 კ/მ. პატარა ბინაზე არ მიფიქრია ბევრი. თავიდანვე ვიცოდი, რომ ფერადი უნდა ყოფილიყო. ასევე არ გამოვყავი საძინებელი კედლით, ტიხარი ვარჩიე, რადგანაც სინათლე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის და მაქსიმალურად ვეცადე არ ჩამეხშო ის. საბოლოო ჯამში ფერადი ბინა გამოვიდა, რომლიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ბათუმზე. სწორედ ეს არის ამ ბინის უმნიშვნელოვანესი შტრიხი.
რაც შეეხება ბინას, სადაც ვცხოვრობ, პირველი შთაბეჭდილება, როდესაც ვიძენდით, აივნებმა და მზის შუქმა მოახდინა, რომელიც ბინის ბოლოშიც კი აღწევდა. ნეიტრალური ფერები მინდოდა და აქცენტების შემოტანა ფერების სახით უკვე აქსესუარებში. მარტივი გამოსაცნობია ამ ბინით, თუ რა ფერები მომწონს, ეს არის ხისფერი, კრემისფერი, მშვიდი და ნეიტრალური ტონალობები, თუმცა სხვადასხვა სეზონზე და დღესასწაულზე აქსესუარებით შემომყავს სხვა ფერებიც.
- იატაკი და კედლები როგორ შეუხამეთ ერთანეთს და რა კომბინაციას ქმნის?
- იატაკი ძალიან მინდოდა chevron, ფრანგული დაგება, მაგრამ ვინაიდან იატაკქვეშ გათბობა მსურდა, საძინებლის გარდა ესპანური კერამოგრანიტი გამოვიყენეთ.
- რემონტის დროს ყველაზე რთული რა იყო?
- რემონტის დროს ყველაზე რთულია მასალის და პროფესიონალი ხელოსნის შოვნა. ამას მიაქვს დიდი დრო და ძალიან დიდი ნერვები, ცრემლებიც კი. თუმცა შედეგი ღირს ამად.
- რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს რემონტს?
- ვინც ახლა აკეთებს ან იწყებს რემონტს, ვურჩევ, ყველაფრისთვის მზად იყვნენ. გზადაგზა შეხვდებით პრობლემებს. მაგალითად, მე კედელი რადენჯერმე მოვანგრიე, ეს გარდა ხარჯებისა, მოითხოვს დროს და არის სტრესი. თუმცა იცოდეთ, აუცილებლად გახვალთ შედეგზე, რომელიც დაგავიწყებთ ამ დღეებს. ახლა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რამე ახალს შევეჭიდო, უკვე განსხვავებული ინტერიერის სურათებიც კი მაქვს წარმოდგენილი. ზოგადად მგონია, რომ რასაც სიყვარულით აკეთებთ, ყოველთვის გამოიღებს ნაყოფს.
მერი ბლიაძე