როგორ უნდა შეარჩიოთ მინა კარ-ფანჯრისთვის თუ შხაპ-კაბინისთვის - პრაქტიკული რჩევები სპეციალისტისგან

რემონტის დროს მინის შერჩევა საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმეა, თუმცა მის შესახებ არც ისე ბევრ ადამიანს აქვს სრულყოფილი ინფორმაცია. მინას დიდი ადგილი უკავია ინტერიერში, ეს იქნება კარ-ფანჯარა, აბაზანის შხაპ-კაბინა, აივანი თუ სხვა, ამიტომ აუცილებელია მისი სწორად შერჩევა. რა ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ და რა დეტალებია გასათვალისწინებელი მინის შერჩევისას, ამის შესახებ მეტალოპლასტმასის, ალუმინის და მინის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანადამფუძნებელი ლაშა უჯმაჯურიძე გვესაუბრა.

- რამდენი სახეობის მინა შემოდის დღეს ქართულ ბაზარზე და რა არის ის ძირითადი ინფორმაცია, რაც უნდა ჰქონდეს მომხმარებელს და ერკვეოდეს მინის შერჩევისას?

- საქართველოში შემოდის გამჭვირვალე, ტონირებული, სარკისებური, ლამექსის ტიპის, ასევე დაბალემისიური და მულტიფუნქციური მინები. ამ მინებიდან ყველაზე აქტუალურია დაბალემისიური და მულტიფუნქციური მინები, რადგან ისინი უზრუნველყოფენ შენობის ენერგოეფექტურობას. ლამექსის ტიპის მინები არის მინები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების მაქსიმალურ დონეს, გამოიყენება მოაჯირებსა და მაღალი სტატიკის მოთხოვნის უზრუნველყოფისთვის. სხვადასხვა ტიპის  ტრიპლექსის მინის წარმოებით მიიღწევა ჯავშან-უსაფრთხოება.

- ვიტრაჟის შემთხვევაში რომელ მინას ურჩევთ მომხმარებლებს ზამთრის პერიოდში სითბო, ზაფხულის შემთხვევაში კი სიგრილე რომ შეინარჩუნოს?

- დაბალემისიური მინა, ეს არის მინა, რომელიც აფერხებს ერთი მიმართულებით მზის სხივის ინფრაწითელი სხივის შეღწევას. მულტიფუნქციური მინები არის მინები, რომლებიც აფერხებს ორივე მიმართულებით მზის სხივის ინფრაწითელი სპექტრის შეღწევას, ანუ ეფექტურობა მიღწეული იქნება ზამთრის და ზაფხულის პერიოდში. მულტიფუნქციური მინები  გამოიყენება მინის სახურავებში (აკვარიუმის ეფექტის აღმოსაფხვრელად). აგრეთვე, ისინი გამოიყენება დამატებით სარკისებური, ტონირებული ეფექტის მისაღწევადაც. მაღალსართულიან შენობებზე, რომლებიც მინის ფასადებითაა შემოსილი, მულტიფუნქციური მინები მთავარ  როლს ასრულებენ სტატიკის და ენერგოეფექტურობის კუთხით.

- აივნის შესამინად რომელ მინას გვირჩევთ? პრაქტიკული და უსაფრთხო რომელია?

- აივნების მოსაწყობად მთავარია მინა იყოს უსაფრთხო და ძლიერ დატვირთვებს უნდა უძლებდეს. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა ნაწრთობი მინებით მიღებული ლამექსის ტიპის მინები.

- რა მასალებით უნდა იყოს დამზადებული და დამუშავებული შხაპ-კაბინის მინა და რატომ?

- სამწუხაროდ, საქართველოში არ არის რეგულაცია, რომელიც ავალდებულებს უსაფრთხო მინის გამოყენებას. ჩვენი კომპანია ამკვიდრებს შიდა მოხმარებისთვის სტანდარტს და უარს ამბობს ტექნიკური პირობის დარღვევაზე, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი დამკვეთების მხრიდან. გასაგებია, რომ ფინასურად ვერ არის ყველა ერთნაირად მზად, მაგრამ აუცილებელია ელემენტარული, უსაფრთხოების ზომების დაცვა. ნაწრთობი მინა ან ლამექსი იხმარება, შეიძლება ფერადი და გაუმჭვირვალე ლამექსი. ლამექსი არის უფრო უსაფრთხო, თუმცა ნაწრთობებს ხმარობენ სიიაფისთვის.

მერი ბლიაძე


"უზარმაზარი მინის ტიხარი თავზე დაგვეფშვნა მე და ჩემს შვილს და სულ დაგვსერა... არ დაიჯეროთ, რომ ნაწრთობია და ნამცეცებად იფშვნება" - საშხაპეებში მინის მსხვრევის მომრავლებული შემთხვევები და დაზარალებული ადამიანები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები