გაზქურა ყველაზე რთულად მოსავლელი უბანია სამზარეულოში. მისი დასუფთავება სისტემატურად გვიწევს, რაც დროსა და საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. გინახავთ ქალი, გაზქურის ხეხვა რომ უყვარდეს? არა მგონია... ამჯერად გასწავლით, როგორც ჩაატაროთ გაზქურის წმენდის პროცედურა სწრაფად და მარტივად. აი, რა დაგჭირდებათ ექსპრეს-წმენდისთვის:
* მეოთხედი ჭიქა ცომის გამაფხვიერებელი
* 250 მლ. ამიაკის ხსნარი (ნიშადური)
* 1 ლიტრი ცხელი წყალი
* 2 ცეცხლგამძლე ჭურჭელი
როგორ უნდა გაწმინდოთ ღუმელის მინა:
1. გამაფხვიერებელს დაამატეთ წყალი და ურიეთ, სანამ არაჟნის სისქეს არ მიიღებს.
2. დაასხით ეს მასა მინაზე
3. დატოვეთ
4. გადაწმინდეთ ჩვრით ან ღრუბელით.
ისე გაკრიალდება, გაოცებული დარჩებით.
ღუმელის შიგთავსის გასუფთავებაც ადვილია. ეს პროცედურა ჯობია საღამოს წამოიწყოთ.
1. გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსამდე
2. ჩაასხით ჭურჭელში ერთი ლიტრი მდუღარე წყალი
3. მეორე ჭურჭელში - ამიაკი
4. გამორთეთ ღუმელი
5. ამიაკი და წყალი ორივე ღუმელში შედგით (გამორთულ, მაგრამ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში). ოღონდ, ამიაკი დადგით ლანგრის დასადგმელზე, შუაში, წყალი კი ღუმლის შიგთავსის ძირზე, ზედაპირზე.
6. დახურეთ ღუმელი და დასაძინებლად წადით (ეს პროცედურის ყველაზე სასიამოვნო დეტალია)
7. მეორე დილით ამიაკში ცოტა ჭურჭლის სარეცხი სითხე ჩაუმატეთ, უხეში ქსოვილი ჩაალბეთ მასში და შიგთავსი გაწმინდეთ.
სულ ეს არის. ხომ ადვილია? ოღონდ არ დაგავიწყდეთ სამზარეულოს განიავება და ნიშადურის ოხშივარისგან გათავისუფლება. შეგიძლიათ ნიშადურის ნაცვლად სოდაც გამოიყენოთ. ოღონდ წყალში გაზავებული სოდით ღუმელის კედლები დაასველეთ და ისე გააჩერეთ. ამის შემდეგ გაწმინდეთ.