ხის სამკაული არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც სიახლეა. ნიკო ავალიშვილი რამდენიმე წელია ხის ნაკეთობებს ხელით ამზადებს. თავდაპირველად ხატებისთვის ჩარჩოებს აჩუქურთმებდა, შემდეგ სათამაშოების გაკეთება დაიწყო, ბოლოს სამკაულების შექმნა გადაწყვიტა და საკმაოდ წარმატებული გამოდგა ეს ნაბიჯი. მისი თქმით, ამ ეტაპზე მისი საქმიანობა გატაცების დონეზეა, ოცნებობს გახსნას სახელოსნო, რათა უფრო აქტიურად გააგრძელოს მუშაობა.
– ძალიან მომწონდა ხე. თითქოს გრძნობს და სუნთქავს. ყოველთვის მინდოდა, ხეზე მუშაობა შემესწავლა. ერთ დღესაც დავიწყე ხეზე კვეთის შესწავლა. როცა ხეზე კვეთა ვისწავლე, იმ პერიოდში გავიცანი ერთი ადამიანი,
– ანუ თვლით, რომ სამკაულის იდეამ გაამართლა?
– ხის სამკაული ყველგან სიახლეა. ჩემს შემთხვევაში ძალიან საინტერესო და სახალისო იყო ამის გაკეთება. ხალხმაც დადებითად მიიღო, მოეწონათ. ხალხის დამოკიდებულებამ დიდი სტიმული მომცა.
– რა თვისებებით გამოირჩევა ხე? აქვს მნიშვნელობა, ხის რომელი მასალისგან ამზადებთ სამკაულს?
– ყველა ხეს აქვს თავისებური მნიშვნელობა სუნით, ფერით, ფაქტურით, გამძლეობით. გააჩნია, რა ნივთის გაკეთება გინდა.
– მაგალითად, სამკაულის შესაქმნელად რა მასალა გამოიყენება?
– თუ თხელ სამკაულს ვაკეთებ, აუცილებელია მასალა იყოს გამძლე, ამიტომ ვიღებ მკვრივ მასალას. ასეთი მასალაა ბზა, მაჰაგონი, კაკალი.
– რა მასალაზეც გიმუშავიათ, მათ შორის ყველაზე ხარისხიანი და გამძლე მასლა რომელია?
– ბზა არაჩვეულებრივი მასალაა, რომელიც თავისი ფერით და ხარისხით გამოირჩევა. ასევე მაჰაგონი.
როცა სათამაშოებს ვაკეთებდი, ბევრი მასალა შემომრჩა, შემდეგ სამკაულებში გამოვიყენე ეს მასალა. გარკვეულ მასალებს ვყიდულობ. ძვირი ღირს ბზა, მაჰაგონი და საკმაოდ ძნელად საშოვნელიცაა. ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ ხე ყველგან არის, ადვილად მისაწვდომია და ფასი არ აქვს. დამიჯერეთ, ასე არ არის. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო ეს რესურსი. ამ ბოლოს დროს ხის სამაჯურებს მრავალფეროვნებისთვის დავუმატე ვერცხლის დეტალი. ძალიან მოუხდა და სულ სხვა ელფერი შესძინა. საკმაო დიდი თანხაც დაიხარჯა მის გაკეთებაზე.
– ხის მასალა ხელზე დისკომფორტს არ ქმნის? რამდენად მოსახერხებელია?
– ისეა დამუშავებული, როგორც ვერცხლი და სხვა მეტალი. მე სამკაულში შედარებით მარტივ ფორმებს ვაკეთებ, ამიტომ ძალიან სუფთად არის დამუშავებული და შესაბამისად არანაირ დისკომფორტს არ უქმნის ადამიანს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩემს გაკეთებულ სამკაულს არ ვუსვამ ლაქს. ეფექტი ისეთივე აქვს, როგორც გალაქულ ნივთს. ყველა სამკაულს ვუსმევ მხოლოდ თაფლით, ზეითუნის ზეთით და სანთლით დამზადებულ საცხს. ამის მთავარი დანიშნულება არის, ის რომ ხეს უტოვებს პირვანდელ ფერს და შეხედულებას. ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია სამკაული იყოს ეკოლოგიურად სუფთა და არ გამოიწვიოს ალერგია.
ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია ხეზე მუშაობა. გასაკეთებელი ყოფილა პატარა ზომის ნივთი და ამაზე საკმაოდ დიდი დრო დამიხარჯავს. ყოფილა დიდი ზომის ნივთი, მაგრამ ძალიან მოკლე დროში დამისრულებია.
– რა ეტაპებს გადიხართ, სანამ ნივთი დასრულებულ სახეს მიიღებს?
– პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია შემოქმედებითი ფიქრი. რა გინდა შექმნა, როგორი გინდა გამოვიდეს. მეორე ეტაპია ტექნიკური სამუშაო. ხშირად რაღაც ნაგლეჯისგან ულამაზესი ნივთი შემიქმნია. ხეზე მუშაობა მარტივი არ არის. სუფთად უნდა დამუშავება, გაპრიალება. აქ აუცილებელია სიზუსტე და დაკვირვება.
– ყოფილა შემთხვევა, სხვა ჩანაფიქრი გქონიათ და სრულიად განსხვავებული ნივთი გამოგსვლიათ?
– ვაკეთებდი ოთხკუთხა სამაჯურს, მოულოდნელად გამებზარა და გატყდა. იქვე იდო ტყავის ნაგლეჯი. დამებადა ახალი იდეა. რამდენიმე საათში გაჩნდა ახალი სამაჯური, ასე ვთქვათ, ნახევარ სამაჯური ტყავზე. ძალიან ორიგინალური გამოვიდა. მთავარია უსმინო, დააკვირდე ხეს, ამის შემდეგ ნამუშევარი გამოვა არაჩვეულებრივი.
მომავალში ძალიან მინდა ისევ სათამაშოების გაკეთებას დავუბრუნდე, რადგან ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს სათამაშოების გაკეთება.
– ყველაზე წარმატებულ ნაბიჯად რას მიიჩნევთ თქვენს საქმიანობაში?
– პირველ რიგში არ ვიცი ეს საქმიანობად იქცა თუ ისევ ჰობის დონეზე რჩება. საქმიანობად მაშინ გადაიქცევა, როცა სახელოსნო მექნება და კუთხე სადაც თავისუფლად ვიმუშავებ, თავისუფლად მივცემ გზას ჩემს ფანტაზიას. ძალიან ხშირად მაქვს იდეა გავაკეთო გარკვეული ნივთი, მაგრამ სახლის პირობებში ეს შეუძლებელია.ხშირად შეკვეთის გაკეთებაზე უარი მითქვამს იმ მიზეზით, რომ არ მაქვს სახელოსნო.სახელოსნო ჩემი დიდი ოცნებაა. იმედი მაქვს ამ ოცნებას ავიხდენ.
მერი ბლიაძე
კომენტარები