ლილი მეშველიანი მხატვარია. ხატვისკენ მიდრეკილება და დაუძლეველი სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ეშინოდა ფუნჯის ხელში აღება. საყვარელი მამიდის დახმარებით საკუთარი ადგილი იპოვა „ადამიანურ რეალობაში“. დღეს თურქეთში ცხოვრობს, იქ მოღვაწეობს და საუცხოო ნამუშევრებს ქმნის. ლილი მისი ცხოვრების, მისწრაფებების და ხელოვნების შესახებ თავად მოგიყვებათ.
- ჩემი ბავშვობის მოგონებები ძირითადად სოფელს უკავშირდება. დიდ მწვანე ეზოში ვცხოვრობდით, სადაც ბევრი ცხოველი გვყავდა, მათთან ბევრ დროს ვატარებდი. კნუტებს ვუკერავდი ტანსაცმელს, მინდვრის ყვავილებისგან ვაკეთებდი კაბებს და გამოგონილ პერსონაჟებს ვქმნიდი. კაკლის ხის ტოტზე საათობით ვიჯექი და
ჩემმა საყვარელმა მამიდამ მიმიყვანა ხატვის სკოლაში, ძმასთან ერთად, სადაც ძალიან არ მინდოდა სიარული, რადგან მრცხვენოდა, მეგონა დამცინებდნენ. სწორედ მამიდას დამსახურებაა, ვინც ვარ ახლა. ჩემი ადგილი მაპოვნინა „ადამიანურ რეალობაში“.
- თექაზე როდის დაიწყეთ მუშაობა?
- თექაზე მუშაობა მიგვიანებით დავიწყე. მაშინ მედეა ჩახავას თეატრალურ კინოაკადემიაში პირველივე კურსზე ვსწავლობდი. რამდენიმე ლექცია ჩაგვიტარდა სასწავლებელში, ქუდების მოთელვა ვისწავლეთ, მას მერე ძალიან დავინტერესდი და შევისწავლე მშრალი ტექნიკა, რაც ძალიან მარტივი და სასიამოვნო პროცედურაა. თექა საშუალებას მაძლევს გავაერთიანო ფერწერა და ფანტაზია, იგი თამამად ერწყმის ჩემი ოცნებების გამას.
- მზა თექას ყიდულობთ თუ თვითონ ამუშავებთ?
- მატყლს გამზადებულს ვყიდულობ. თავიდან ჩემთვის, ახლობლებისთვის ვაკეთებდი სხვადასხვა ნივთს. მერე დავიწყე კერძო შეკვეთების მიღება. ქუჩაში შემხვედრი ადამიანები მეკითხებოდნენ, თუ სად შევიძინე ქუდი, რომელიც მეხურა. როცა ვპასუხობდი, რომ ჩემი გაკეთებულია, მთხოვდნენ, რომ მათთვისაც დამემზადებინა მსგავსი. შემდეგ გავაკეთე ჩემი ფეისბუქ გვერდი, უკვე 5 წელია აქტიურად ვმუშაობ შეკვეთებზე.
- თურქეთში ცხოვრობთ. როგორ ახერხებთ თქვენი ნივთების საქართველოში რეალიზებას?
- დიახ, თურქეთში ვარ დაოჯახებული და ტერიტორიული ბარიერი ვერ მიქმნის პრობლემას მუშაობაში. თურქეთშიც მაძლევენ შეკვეთებს, მაგრამ უფრო აქტიურად საქართველოდან მიკვეთავენ.
- ვინ არიან თქვენს მიერ შექმნილი არსებები?
- ძალიან მიყვარს ცხოველების თემაზე მუშაობა,ზღაპრებს ბავშვობიდან ვწერ და ჩემი სათამაშოებიც სწორედ ამ ზღაპრებიდან იქმნება.
- მომეჩვენა, თუ თქვენი თოჯინები ცოტა სევდიანები არიან?
- სევდიან პერსონაჟებს განზრახ არ ვაკეთებ. გაგიკვირდებათ და დიდი მოთხოვნაა სევდიან სათამაშოებზე. თითქოს მოფერებას ითხოვენ, სევდასაც ხომ აქვს თავისი ხიბლი...
- რა შეიძლება იყოს თქვენი შთაგონების წყარო?
- შთაგონების წყარო შესაძლოა ყველაფერი იყოს. მაგალითად, როცა ჩემს პატარა, ორწლინახევრის იაკობთან ერთად ვუყურებ ხოლმე მულტფილმებს, შემოქმედებითი ამბიცია მიმძაფრდება და ვიწყებ ფორმების გამოყვანას. წინასწარ არ ვაკეთებ ჩანახატს. როცა მატყლი ხელში მიჭირავს, თითქოს თავისით იღებს ფორმებს და „მომყვება“. ძალიან მიყვარს ბუნებაში სეირნობა და ფიქრი, ძლიერი შთაგონება ყოველთვის თავისუფლებიდან მოდის, სუფთა ჰაერიდან და სიმშვიდისგან. თუმცა ხშირად ვერ ვახერხებ ჩემთვის სასურველ ადგილზე წასვლას, რადგან მხატვართან ერთად დიასახლისიც ვარ და დედაც. ძირითადად ღამით ვმუშაობ, როცა ყველას ძინავს, რაც საშუალებას მაძლევს ვიმოგზაურო ჩემს თავში და უკეთესად გადმოვცე ჩანაფიქრი.
- გაიხსენეთ თქვენი ყველაზე რთული და საუცხოო ნამუშევარი, რაც განსაკუთრებით მოგწონთ.
- ვფიქრობ ჯერ არ შემიქმნია ისეთი რამ, რაც ბოლომდე მომწონს. ძალიან თვითკრიტიკული ვარ. რაც უფრო მეტ დროს ვხარჯავ ნამუშევარზე, მით უფრო ვაფასებ და მომწონს. თუ მარტივად შევქმენი რომელიმე სათამაშო, ის უფრო ნაკლებად მიყვარს. ხშირად მიწევს ერთნაირი ნივთების გაკეთება, რაც დიდად არ მომწონს და ერთი სული მაქვს, როდის მოვრჩები. რაც უფრო რთულ შეკვეთას მაძლევენ, მით უფრო მაინტერესებს და ბოლომდე ვერთვები ამ პროცესში.
მერი ბლიაძე
კომენტარები