”ეტლს მივეჯაჭვე... და ქარგვამ გადამარჩინა” - ნინო ქამუშაძის საოცარი ნამუშევრები

ხერხემალზე რთული ოპერაციის გადატანის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდა. ცხოვრებას აზრი რომ არ დაეკარგა, საყვარელი საქმეს მიჰყო ხელი. ქარგვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ნინო ქამუშაძე თვითნასწავლი ხელოვანია. მის ნაქარგებში არაერთი ცნობილი მხატვრის ტილოებს შეხვდებით, რომელიც მას განსაკუთრებულად უყვარს. როგორც ნინო ამბობს, ქარგვისას ის ფერები, რომლებიც მის ყოველდღიურობას აკლია, ნამუშევრებში გადააქვს და მის ცხოვრებას უფრო ფერადს ხდის...

- თბილისში დავიბადე, დავამთავრე მე-5 მუსიკალური სკოლა და საცეკვაო სტუდია. პროფესიით პედაგოგ-ფსიქოლოგი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია, ჯანმთელობის გაუარესების გამო. ქარგვა

ბავშვობიდან მიყვარდა, თუმცა, განსაკუთრებული დატვირთვა მაშინ შეიძინა, როცა 24 წლის ასაკში ხერხემალზე რთული ოპერაცია გადავიტანე. დამოუკიდებლად მოძრაობა ვეღარ შევძელი და ეტლს მივეჯაჭვე. ჩვენს გარშემო იმდენი არასაჭირო რამაა, რომ მათი დაკარგვა სულაც არ წარმოადგენს დიდ უბედურებას, მაგრამ მე ცხოვრებაში დავკარგე ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. მე ვარ ადამიანი შეზღუდული უნარებით... ჩემმა ნამუშევრებმა შინაარსი ავადმყოფობის შემდგომ შეიძინეს. ყოველივე ამის გამო დრო უქმად რომ არ მეფლანგა და რამე სასარგებლო მეკეთებინა, ბავშვობის გართობას მივუბრუნდი და ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდე ხელი. გადავწყვიტე, საყოველთაოდ აღიარებული მხატვრების ტილოები ჩემს ნაქარგებში გადმომეტანა და ასე დაიწყო ჩემი შემოქმედებითი გზა, თვითნასწავლობით, ვან გოგისა და გუსტავ კლიმტის სიყვარულით.

ვქარგავ ჯვარედინი ქარგვის სტილით. ხელოვნება ყოველთვის მიტაცებდა, ხელოვნებათმცოდნეობის მცირე კურსიც გავლილი მქონდა სწავლის პერიოდში, რაც დამეხმარა ჩემს შემდგომ საქმიანობაში.


- რას ნიშნავს თქვენთვის ქარგვა?
- ქარგვა ჩემი გრძნობების, აუხდენელი ოცნებების, ნაფიქრისა, შეგრძნებების გადმოცემის საშუალებაა... ჩემი შინაგანი სამყარო ქარგვის დროს თავისუფალია ამ დროს, სულიერად მშვიდი ვარ და ეს ერთგვარი რელაქსაციაა. მთელი ცხოვრება ვაგროვებდი შეგრძნებებს, რომელიც მინდოდა განმეცადა:პირველი ცეკვა, ღამით ვარსკვლავიანი ცა, ყვავილებით მოხატული მთა და მდელო... რაც ვაგროვე დავკარგე... ეს ყველაფერი კი ჩემს ნამუშევრებში გავაცოცხლე. ახლა ვმუშაობ და დრო მცირედი მაქვს, მაგრამ მაინც არ ვამბობ ქარგვაზე უარს და გამუდმებით ვქარგავ.


- თქვენი ნამუშევრებიდან განსაკუთრებულად რომელიმეს ხომ არ გამოარჩევდით?
- ნამუშევრებიდან ვან გოგის „ვარსკვლავიანი ცას “, „მზესუმზირებსა “ და გუსტავ კლიმტის „კოცნას“ გამოვარჩევდი. ისინი განსაკუთრებულად მიყვარს...

- გამოფენები თუ გქონიათ...
- პირველი გამოფენა ცისფერ გალერეაში 2002 წელს მქონდა. შემდეგ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივითა და ხელშეწყობით სამინისტროს მე-9 სართულის მისაღებში ჩემი ნამუშევრების გამოფენას დაეთმო, რომლის მიზანი ქართველი ხელოვანების პოპულარიზაციისათვის ხელისშეწყობა იყო.
ყველა უცხოელ თუ ქართველ სტუმარს, ვინც კი მინისტრსა და მის მოადგილეს ხვდება, ქართველ ხელოვანთა შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა. ამისათვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ თეას, ბატონ ალექსანდრე ბარამიძის და ქალბატონ მარიამ სხილაძეს. მათ თავიანთი მხარდაჭერითა და გულშემატკივრობით დიდი ბიძგი მომცეს, რომ თამამად გამეგრძელებია ეს გზა და შემდგომშიც მომეწყო გამოფენები. 28 იანვარს კი ფიროსმანის სახლ-მუზეუმი მასპინძლობდა ჩემს ნამუშევრებს.
ფიროსმანის სახლ-მუზეუმში ჩემი ნამუშვრების გამოფენა დიდი გამოწვევა იყო და რომ არა ჩემი გულშემატკივრები, ალბათ ასეთ თამამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი. ასევე იყო პერიოდი როცა ვხატავდი კიდეც, თუმცა ნახატები არავისთვის მინახებია... შემდეგ კი სულ დავანებე ხატვას თავი.

ნინო ჩიქოვანი

კომენტარები

ana 2017-06-27 22:41
saocari adamiani xart.. tu yidit naqarebs
dali 2017-06-21 15:14
es arachveulebrivia,mec vkargav da kargad vici ,rasac grznobt kargvisas,carmatebebs gisurvebt.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები