ქალბატონი ელისო ხარჩილავა ლანდშაფტის დიზაინერია. აქტიურად თანამშრომლობს დეველოპერებთან, სამშენებლო კომპანიებთან, მუშაობს დენდროლოგიურ პროექტებზე. ასევე, განხორციელებული აქვს არაერთი კერძო პროექტი საქართველოს სხვადასხვა რაიონში. ჩვენც სწორედ მის საყვარელ საქმიანობაზე, პროექტებსა და ამ სფეროში ბოლო დროს დამკვიდრებულ ტენდენციებზე ვესაუბრეთ.
- დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში, სოხუმში. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე სოხუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სატყეო, საბაღო, საპარკო ფაკულტეტზე, სპეციალობით - გამწვანების ინჟინერი. რა თქმა უნდა, სოხუმში ვერ მოვასწარი დასრულება და ჩვენი ინსტიტუტი ქუთაისში გადავიდა. მეც მომიწია ქუთაისში სწავლის დასრულება.
90-იან წლებში, როგორც ყველას მეც მომიწია
- წლების განმავლობაში საქართველოში როგორც იცვლებოდა ტენდენციები ამ სფეროში?
- კი, ნამდვილად საგრძნობლად შეიცვალა ტენდეციები საქართველოში. ძალიან ბევრი სანერგე მეურნეობა გაჩნდა, რაც საშუალებას გვაძლევს დიზაინერებს, მომხმარებელს შევთავაზოთ მცენარეთა მრავალფეროვნება ჩვენი ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით. გარდა ამისა, იმატა კერძო ბაღების მსურველთა რაოდენობამ. მიხვდა ადამიანი, რომ სჭირდება ლანდშაფტის დიზიანერი, რათა თავიდანვე სწორად, გრამატიკულად დააგეგმაროს და შეარჩიოს კონკრეტული ეზოსთვის სტილი.
ბიზნესმაც მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ტურისტული ბიზნესის განვითარებამ მოიტანა ლანდშაფტის განვითარება. აქ უკვე ჯანსაღი კონკურენტუნარიანობაც გამოიკვეთა, რაც მახარებს.
- რაც შეეხება სამუშაო პროცესს, როგორ, რა ეტაპებით იწყებთ დაგეგმარებას? რა არის ის პირველი სამუშაო, რაც შემდეგ ლამაზი ბაღის საწინდარი ხდება?
- სამუშაო პროცესი ძალიან მრავალფეროვანი, სახალისო და შემოქმედებითია. ჩემს შემთხვევაში პრიორიტეტად მაქვს განსაზღვრული: აუცილებელია ტერიტორიის ჩემეული ანალიზი, სივრცის შეგრძნება და დამკვეთთან ურთიერთობა. ანალიზის შემდეგ მეორე ეტაპი უკვე პირველადი ესკიზური ვარიანტების განხილვაა და შემდეგ უკვე გენგეგმაზე მუშაობა და ვიზუალიზაცია. აქვე მინდა განვმარტო, რომ ლანდშაფტის დიზაინის პროექტი იყოფა ორ ნაწილად: პირველია გეგმა და შემდეგ განხორციელება გეგმის მიხედვით. იყო ჩემს პრაქტიკაში ასეთი გამოცდილებაც, პროექტი გავაკეთეთ და 6 თვის ან ერთი წლის შემდეგ განახორციელეს ბაღი, ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს პროექტი და განხორცილება. მე პირადად ჩემს დამკვეთს დეტალურად ვუხსნი ყველა ეტაპს, რომ მოლოდინები და სურვილები ძალიან არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.
ძირითადად მაინც ნდობაზე, კომპეტენტურობაზე და საკუთარი თავის პრეზენტაციაზე არის დამოკიდებული. დღეს ქართველი დამკვეთი ძალიან მომთხოვნი და საქმეში გარკვეულია და შენც უნდა განვითარდე და არ ჩამორჩე მოთხოვნებს.
- შესაძლებელია, ნებისმიერი ტიპის ნიადაგზე, ნებისმიერ სივრცეში შექმნას ადამიანმა ლამაზი ბაღი?
- კი შესაძლებელია. თუ სწორად ნახე და დაისახე სამოქმედო გეგმა, ამავდროულად მხოლოდ ხაზვის ცოდნა არ არის საკმარისი, აქ გულით და სულით უნდა იგრძნო სივრცე და, რა თქმა უნდა, გარკვეული პრაქტიკა, ცოდნა და გემოვნება გეხმარება.
- ზოგადად როდის არის ყველაზე უკეთესი ბაღის დაპროექტება და გაშენება, რომელი სეზონია ამისთვის საუკეთესო?
- მე ყოველთვის ჩემს ტრენინგებზე, ჩემს ბიზნეს გვერდზე „ვღაღადებ“, ყველაზე საუკეთესო დრო პროექტირებისთვის არის ზამთარი! რადგან ზამთარში მშვიდად დააპროექტებ და ახალ სეზონს - გაზაფხულს შეხვდები უკვე პროექტით, ასევე პროექტისთვის ჩემთვის ზაფხულია არაჩვეულებრივი, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. პროქტირება და დაგეგმრება ყოველთვის შეიძლება და თუ გაინტერესებთ ბაღის განხორციელება, ესეც ყოველთვის არის შესაძლებელი, თუ ისევ და ისევ სწორად დაგეგმავ და პრიორიტეტებს განსაზღვრავ. ჩვენთან სანერგე მეურნეობებს ძალიან კარგად აქვთ შესწავლილი ჩვენი კლიმატური პირობები და ისეთი მცენარეები აქვთ გასაყიდად, რომლებიც ქოთანში კარგად არის დაფესვიანებული. როცა მცენარე ქოთანში კარგად არის დაფესვიანებული და შენ საპროექტო ტერიტორიას ინფრასტრუქტურით გამართულს დაახვედრებ, რა პრობლემაა? მარტივად შეიძლება განახორციელო პროექტები. მე აგვისტოშიც მაქვს განხორციელებული და იანვარშიც ბაღები ჩემს გუნდთან ერთად.
- კონკრეტული ბაღისთვის მცენარეებს რის მიხედვით არჩევთ? ალბათ ჩრდილს, მზეს, კლიმატს, ქარიანობას და ა.შ განსაზღვრავთ...
- დიახ, აუცილებელია მცენარე შეირჩეს კონკრეტული ბაღისთვის სხვადასხვა მახასიათებლით, ანუ მარტო დიზაინი არ არის საკმარისი, არამედ დენდროლოგიური ნაწილიც უნდა იცოდე.
- დღეს როგორი ტენდენციებია და როგორი ტიპის ბაღებია უფრო მოდური, რა მოსწონთ საქართველოში?
- დღევანდელ დღეს ასე ვთქვათ ფერები მოსწონთ, რაც თუნდაც 5 წლის წინ არ იყო მოთხოვნადი. სიფერადე, სეზონურობა და ნაკლებად მოსავლელი მცენარეები უნდათ, ხეებიც დეკორატიული და სიმყუდროვე, უფრო ბუნებრიობასთან მიახლოებული ბაღები, კლასიკური. მკაცრი და მხოლოდ წიწვოვანები და მარადმწვანეები ნაკლებად, უფრო ფოთოლმცვენი, მოყვავილეები და ფერადები. ვარდების გარდა სხვა ლამაზი მცენარეებიც რომ არსებობს ბუნებაში, ძალიან ბევრმა აღმოაჩინა, რაც მახარებს.
- რა რჩევას მიცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ძალებით, პროფესიონალის გარეშე ცდილობენ სახლის თუ აგარაკის ეზოში ლამაზი ბაღის მოწყობას?
- ეს ისეთივეა, დაავადებას საკუთარი ძალებით რომ მიხედო. ვფიქრობ, ერთი ვიზიტი, კონსულტაცია მაინც უნდა გაიარო პროფესიონალთან, რომელიც სწორ მიმართულებას მოგცემს. მერწმუნეთ, ლამაზი ბაღი და სწორად გამართული ბაღის გაშენება ბევრ დამწყებ დიზაინერსაც უჭირს და როცა ამ სფეროში არ ხარ და ამბიციები დიდი გაქვს, თუნდაც კონსულტაცია პროფესიონალთან ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.
მერი ბლიაძე