მეგობრებისთვის უბრალოდ ბაიაა, ესპანელები კი ტამარას სახელით იცნობენ. პროფესიით ესპანური ენის ფილოლოგია. მეექვსე წელია, ესპანეთში ცხოვრობს. მუშაობს ერთ-ერთ აგრარულ კომპანიაში და პარალელურად ლიტერატურულ ტექსტებს თარგმნის. ავეჯის განახლებით სულ ახლახან დაინტერესდა. როგორც ბაია ბუიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სახლის განახლება ზედმეტი ფინანსური დანახარჯების გარეშეც არის შესაძლებელი.
- ბევრი ისეთი ოჯახია, რომელსაც ძველი ავეჯი აქვს სახლში და ძალიან უნდა განახლება, თუმცა გარკვული მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებს. როგორ უნდა მოიქცეს? დიდ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს ეს საქმე?
- დიახ, ნამდვილად მოიძებნება ყველა ოჯახში რაიმე
- თქვენ როდის დაინტერესდით ავეჯის რესტავრაციით? როგორ დაეუფლეთ ამ ტექნიკას?
- ადრე არასოდეს დავინტერესებულვარ ამ საქმით. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. დიდი ხანი ვათვალიერებდი ერთი მაღაზიის ვიტრინას, რომელსაც ჩემი შვილის სკოლისკენ მიმავალ გზაზე ჩავუვლიდი. ერთ დღესაც შევედი და გამყიდველს ვკითხე, რა ღირდა წიგნის ფორმის ტუმბო, ვიტრინაში რომ იდო და ძალიან მომწონდა. გამყიდველმა მითხრა, რომ არ იყიდებოდა, მაგრამ თუ მსურდა, ღირებულებას დაიანგარიშებდა და შემეძლო შემეკვეთა. ტუმბოს ფასი 350 ევრომდე გამოვიდა. მართალია, ძალიან მომწონდა, მაგრამ მაინც მეძვირა. გამყიდველმა მითხრა, ამათ მე ვაკეთებ და მასტერკლასებსაც ვატარებ, თუ გსურს შენც გასწავლი და მერე შენ თვითონ გააკეთე, როგორიც გინდაო. ბევრი არც მიფიქრია, მაშინვე ჩავეწერე და ასე დავიწყე რესტავრაციის სხვადასხვა ტექნიკის შესწავლა.
- რა სახის ავეჯის რესტავრაციას აკეთებთ და რა ეტაპებს გადიხართ, სანამ ავეჯი განახლებულ სახეს მიიღებს?
- თავიდან მეგონა, რომ რესტავრაცია მხოლოდ ხის ავეჯზე შეიძლებოდა. მერე აღმოვაჩინე, რომ ყველანაირ მასალაზე შეიძლება მუშაობა და მისი განახლება. მაგალითად, მდფ-ის, მინის ზედაპირების მქონე ავეჯზეც. უამრავი ტექნიკა არსებობს ავეჯის გასალამაზებლად. ასევე - მრავალფეროვანი სამუშაო მასალა სასურველი ზედაპირის ფაქტურის მისაღებად.
- სრულიად განსხვავებული პროფესია და სამსახური გაქვთ, როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურს და ჰობის?
- იმდენად მომწონს და მიყვარს მუშაობის პროცესი, რაც არ უნდა მძიმე და გადატვირთული დღე მქონდეს, მაინც ვპოულობ დროს და სულ რაღაცას ვღებავ, თან ასე ავეჯის ზედაპირის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკის პრაქტიკას გავდივარ. სახლში მგონი ავეჯი არ დავტოვე ხელშეუვლები.
- რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ძველ ნივთს ახალ სიცოცხლეს სძენთ?
- როგორც უკვე გითხარით, იმდენად სასიამოვნოა ჩემთვის თვითონ მუშაობის პროცესი, რომ ბოლოს შედეგით მე თვითონ ვარ ხოლმე ამაყი და აღფრთოვანებული. ხანდახან ისეთი ლამაზი და კარგი გამომდის ნამუშევარი, მიჭირს დაჯერება, რომ ჩემი შექმნილია. მახსოვს, როდესაც ჩემი პირველი ნამუშევარი დავასრულე, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვინც კი ჩემთან მოვიდოდა, ყველას თავმომწონედ ვაჩვენებდი. ასე რომ, კარგია, როცა იმ საქმეს აკეთებ რაც სიამოვნებას განიჭებს.
- მოდის ტენდენციებს ეცნობით თუ ყველაფერს თქვენი გემოვნებით და სურვილით აკეთებთ?
- უფრო ინსტაგრამზე ვადევნებ თვალს ამ ტიპის ნამუშევრებს, მაგრამ მაინც ჩემი გემოვნებით ვირჩევ ფერებს, დამუშავების ტექნიკას და ისე ვაკეთებ.
- როგორი ავეჯია დღეს ევროპაში ყველაზე აქტუალური?
- დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადია ვინტაჟური სტილი.
- ქართველ და უცხოელ დამკვეთებს სახვადასხვა მოთხოვნები და გემოვნება აქვთ? რით განსხვავდებიან ან რით გვანან ერთმანეთს?
- უცხოელისგან განსხვავებით, ქართველი დამკვეთი ნაკლებად გამბედავია ფერებთან მიმართებაში. რატომღაც ბევრს ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება სახლში ჰქონდეს მკვეთრი ფერის ავეჯი - მაგალითად, მწვანე "დესაუ” ან იასამნისფერი ვიტრინა. უპირატესობას მაინც ხისფერ ან თეთრ დაძველების ეფექტის მქონე ავეჯს ანიჭებენ.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო სერიოზული სახე მისცეთ თქვენს ახალ საქმიანობას, უფრო დატვირთული რეჟიმით დაიწყოთ ამ მხრივ მუშაობა?
- იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ტიპის რესტავრაციაზე მოთხოვნა დიდია, სამომავლოდ ვფიქრობ, ჩემს ჰობის სერიოზული სახე მივცე და ბევრ ადამიანს გავუფერადო მობეზრებული თუ გადასაგდებად განწირული ავეჯი.
მერი ბლიაძე