"ვიცი, რომ ქვაში ამეტყველებულ სიყვარულად დავრჩები კედლებზე" – 65 წლის მოზაიკოსის ფერადი სამყარო

65 წლის ლალი თავართქილაძე მოზაიკოსია და ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. საჭირო მასალას საკუთარი ხელით აგროვებს და ყველა ნამუშევარს ინდივიდუალიზმს სძენს, რადგან წინასწარ არასდროს აქვს დაგეგმილი, რას გააკეთებს. წერს ლექსებს და დედისგან დატოვებული რეცეპტით სხვადასხვა სამკურნალო წამალს ამზადებს. ბევრი ეკლესია-მონასტერი მოაპირკეთა მოზაიკით, მნიშვნელოვან პროექტებშია ჩართული და უამრავ ადამიანს ულამაზებს გარემოს. ფულს არასდროს იღებს, რადგან ფიქრობს, რომ თავისუფლებას დაკარგავს. საკუთარი შემოქმედების შესახებ ლალი თავართქილაძე თავად გვიყვება:

- პროფესიით ფარმაცევტი ვარ. მოზაიკაზე მუშაობა 10 წლის წინ, ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, დავიწყე. მამაჩემი ექიმი და
მოზაიკოსი იყო, ამიტომ, ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ იქმნებოდა ეს ყველაფერი. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სტრესთან და ტკივილთან გამკლავება ამ ფორმით შევძელი. იქამდე არასდროს მიცდია. მაქვს საავტორო წამლები, რომლებიც, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, რუის-ურბნისის ეპარქიის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს ვასწავლე და ამ ეს მალამოები მათთვის შემოსავლის წყაროა.


- გაქვთ ხოლმე წინასწარ კონკრეტული თემა, თუ შექმნის მომენტში რასაც განიცდით, იმას აკეთებთ?

- კედელთან რომ დავჯდები, ძალიან მეშინია იმიტომ, რომ არ ვიცი, რა გამომივა. წინასწარ მონახაზსაც არ ვაკეთებ. არასდროს ვიცი, როგორი იქნება შედეგი. ვჯდები და თავისით მოდის ეს ყველაფერი. სულ მეუბნებიან, რომ თვითნასწავლი ხარო. ყველას ვეუბნები, რომ თვით სწავლა შეუძლებელია, მე ღვთითნასწავლი ვარ. ვგრძნობ, რომ რაღაცას ჩემი ხელი აქვს და ამ ხელით ვაკეთებ ყველაფერს. მოზაიკა ძალიან ბევრ ადგილას მაქვს გაკეთებული. რა აურასაც მაძლევს იქ მაცხოვრებელი ადამინი ან რა გრძნობაც მეუფლება, ზუსტად ისეთი გამომდის. ყველაზე მთავარი ის არის, რომ პირდაპირ კი არ მივყვები კედელს, სადაც მუზა მომივა, იქ ვაკეთებ. ნამუშევარი ბოლოს იკვრება და ისეთი რაღაცები ისახება კედელზე, თავადაც გაოცებული ვარ ხოლმე. ძალიან სწრაფად ვმუშაობ. ოზურგეთში ლიტერატურული სალონი მაქვს, 600 კვადრატული მეტრია. 21 დღეში გავაკეთე.

- რა რეაქცია აქვთ ხოლმე, როდესაც თქვენს ნამუშევრებს ხედავენ?
- საერთაშორისო პროექტის მონაწილე ვარ, ყველანი ერთად მსოფლიოში ბავშვთა შიმშილის დასაძლევად ვერთიანდებით. ჩემს ნამუშევრებს 5 კონტინენტის 65 ქვეყანა უყურებს. საქართველოდან მარტო მე ვარ პროქტში და 5 მოზაიკა მაქვს წარმოდგენილი. ყველა სხვა დანარჩენს - ერთი. პროექტის სიმბოლო ხელებია. ცოტა ხნის წინ ოზურგეთის ცენტრში გავაკეთე და არ დარჩენილა ადამიანი, რომელსაც არ მოსწონებოდა. ამ ყველაფერს უფასოდ ვაკეთებ. მეც მიხარია, ისეთ რამეს რომ ვქმნი, რაც სხვას სიამოვნებას ანიჭებს. ურეკში სახლი მაქვს, მთლიანად მოზაიკაშია ჩასმული. უცხოელი ტურისტები ისე არ მიდიან, იქ რომ სურათი არ გადაიღონ.

- რას ნიშნავს თქვენთვის მოზაიკის შექმნა?
- ჩემთვის ეს სიმშვიდეა. ფერების სამყაროში გამოგზაურებს და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყველაფერი მიდის ამ ქვეყნიდან, მხოლოდ ხელოვნება რჩება. ვიცი, რომ ქვაში ამეტყველებულ სიყვარულად დავრჩები კედლებზე, ეს მაკეთებინებს ალბათ არანორმალურ შრომას იმიტომ, რომ ყველაფერს საკუთარი ხელით ვაგროვებ. ზღვის ნიჟარები, ქვები, ბიჟუტერია, მოზაიკური ფილები, რომლებიც სახლში მაქვს ძალიან ბევრი, მამაჩემისგან დატოვებული. მხატვართა კავშირის წევრიც ვარ. ძალიან ცნობილი მხატვრები როდესაც ჩემს ნამუშევრებს ხედავენ, მეუბნებიან: "შენი ხელოვნება იმიტომაა გამორჩეული, რომ არ იცი წესებიო“. როცა წესები იცი, იზღუდები. ეს ჩემთვის თავისუფლებაა, რასაც გონება მიკარნახებს, იმას ვაკეთებ. იქ შეიძლება კონკრეტული ხაზის გავლება არ შეიძლებოდეს, მაგრამ მე ხომ ეს არ ვიცი, არსად მისწავლია. წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტი, სულ სხვა მიმართულებით. ურეკში სასტუმრო "კოლხიდას“ 200 მეტრი კედელი მაქვს გაკეთებული. მითიური არსებებია გამოსახული. ჩემებური ხედვაა, რაც საიდან მომდის, არ ვიცი.


- თქვენთვის ეს შემოსავლის წყაროცაა?
- არა, მხოლოდ ჩემთვის და მეგობრებისთვის ვაკეთებ. უამრავი შემოთავაზება მაქვს. თუმცა, როცა ადამიანი ფულს გიხდის, საკუთარ პირობებს გთავაზობს. მე პირობებს ვერ დავაკმაყოფილებ, რადგან, რაც მეკეთებინება, ის უნდა ვაკეთო. მსოფლიო მოზაიკთა ასოციაციის წევრი ვარ და ბევრი ქვეყანის მოზაიკოსთა დახურულ ჯგუფებში ვარ გაერთიანებული. ლექსებს ვწერ, წამლებს ვამზადებ. ძალიან შეძლებული ოჯახის შვილი ვიყავი, მამაჩემმა ვერაფერი წაიღო ამ ქვეყნიდან. დარჩა მხოლოდ ხალხის სიყვარული და ხელოვნება. ყველაზე მეტად მიხარია, რომ ამას გულით ვაკეთებ. მონასტრებში რომ რჩება ჩემი ნამუშევარი, ხანდახან ვუყურებ, ვტირი და არ მჯერა, რომ ჩემი გაკეთებულია.






თამარ იაკობაშვილი

კომენტარები

მარი თაბაგარი 2021-03-15 22:39
საოცარო, ლალიკო, მართლაც ოქროსხელებიანო და ბაჯაღლო გულის პატრონო, იხარე და მხნედ გამყოფოს უფალმა უთვალავი წელი!
მანანა შეწირული 2020-11-07 18:06
ლალიკო ამდენ სხვადასხვა საქმეს ერთნაირი წარმატებით როგორ ასწრებ საოცრებაა, წარმატებებიი❤️????????
Maya 2020-11-02 22:34
შესანიშნავია!
მადონა 2020-11-01 08:08
საოცრად ლამაზია. ბევრი
კედელი მოგექარგოთ ამ ხალისიანი ფერებით.
ნინო 2020-10-31 20:50
რა მშვენიერია ! თქვენ გაგიმარჯოთ დიდებულო ქალბატონო !

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები