23 წლის ქართველი გოგონა, რომელიც პლასტმასის მილებისგან დეკორის ნიმუშებს ქმნის

23 წლის ქეთევან ღიბრაძე სამხატვრო აკადემიაში მაგისტრის დამამთავრებელ საფეხურზე სწავლობს სამკაულისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკის მიმართულებით. წელს გახდა მერიის სტიპენდიანტი, უკვე მეორედ. სწავლის პარალელურად ხელოვნების გიმნაზიაში კომპოზიციას ასწავლის და ასევე აქვს ტიხრული მინანქრის ჯგუფი სადაც ნებისმიერი ასაკის მსურველს ვასწავლი ამ საქმეს. და რა თქმა უნდა, თავისუფალ დროს უთმობს შემოქმედებას - ქმნის დეკორატიულ ნივთებს ინტერიერისათვის. სწორედ ამით მიიქცია ჩვენი ყურადღება.

- ზოგადად ხელოვნების, მხატვრობის ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა, ხშირად ვაკეთებდი სამკაულებს, ვქარგავდი, როგორც ყველა გოგონა, მეც ვუკერავდი კაბებს ჩემს თოჯინებს. თუმცა ხატვა მეექსვე-მეშვიდე კლასში
დავიწყე. დედამ ხელოვნების გიმნაზიაში შემიყვანა და იქ აღმოვაჩინე, რომ ხელოვნება იყო სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. შემდეგ გადავწყვიტე, აკადემიაში ჩამებარებინა სამკაულისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკის მიმართულებაზე. ეს მიმართულება დამოუკიდებლად ავირჩიე და ახლა დავრწმუნდი, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში.

- კიდევ რაიმე სხვა მიმართულებითაც ხომ არ მუშაობთ?
- დიახ, ძალიან მიყვარს ბისერებით ქარგვა, ვმუშაობდი კიდეც ამ მიმართულებით არაერთ ქართველ დიზაინერთან. ასევე დავეუფლე სუტაჟის ტექნიკასაც და ვაკეთებდი აქსესუარებს. ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, ჩემს ნამუშევრებსაც ყოველთვის მე ვუღებ ფოტოებს.

- კონკრეტულად რა მასალით მუშაობთ და რამდენად რთულია ეს საქმიანობა, როგორია მუშაობის პროცესი?
- ჩემი პროფესია რაზეც ვსწავლობ, მოიცავს ბევრ მიმართულებას, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ კონკრეტულად მარტო სამკაულის შექმნას და დამუშავებას არ გვასწავლიან. ეს მიმართულება გვაძლევს საშუალებას, რომ ვისწავლოთ ხეზე მუშაობა, ლითონის დამუშავება, ჭედურობა, ქანდაკება, მინანქრის ტექნოლოგია. ეს ყველაფერი მე გამოვიყენე ჩემს სადიპლომო ნამუშევარში და აი თქვენც გაჩვენებთ. ესეც უპირველესად ინტერიერისთვის არის იდეალური დეკორაცია. რა თქმა უნდა, ეს მიმართულებები რაც ზემოთ ჩამოვთვალე, გოგოსთის ძალიან რთული და შრომატევადია, მაგრამ როდესაც შენი საქმე გიყვარს, ეს უკვე მეორეხარისხოვანი ხდება. 

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამდენ მასალაში მუშაობამ გააფართოვა ჩემი ფანტაზია. ახლა, შეიძლება ითქვას, მივაგენი სრულიად განსხვავებულ მასალას - პლასტმასის მილებს და გადავწყვიტე, ეს გადამექცია დეკორაციად და სრულიად უჩვეულო მასალა გამომეყენებინა ზოგადად ხელოვნებაში და, რა თქმა უნდა, ჩემს შემოქმედებაში.

- რა დრო სჭირდება საშუალოდ ერთი ნამუშევრის შექმნას და საიდან მოდის იდეა, შემოქმედებითი მუხტი?
- ასე დაზუსტებით რთულია დროის განსაზღვრა, როცა შემოქმედებითად მუშაობ, პროცესში ისეთი დეტალები იჩენს თავს, რომ შენც იმ მომენტში ახალ რაღაცას სწავლობ, აღმოაჩენ და შეიძლება სრულიად სხვაგან წაგიყვანოს ამ პროცესმა. იდეას რაც შეეხება, იდეა შიძლება სრულიად არასათანადო დროს მოვიდეს ან კიდევ ხედავდე რაღაც მასალას, რაღაც ნივთებს და უცებ იქედან გამომდინარე გაჩნდეს იდეა. აი ეს პლასტმასის მილების გამოყენებაც ასე მოხდა, სოფელში ყოფნის დროს, როდესაც მამა ამ მილებით წყლის გაყვანილობას აკეთებდა, მეც ვუყურებდი და დავფიქრდი, შეიძლებოდა თუ არა გამეკეთებინა რაიმე ამათგან. შემდეგ უკვე რაღაც დეტალები მოვხაზე ჩემს გონებაში, ნელ-ნელა დავიწყე ესკიზების ხატვაც და მასალაშიც განვახორციელე. ხოლო მუხტი ჩემს შემთხვევაში ალბათ ხასიათიდან გამომდინარე მოდის, ყოველთვის რაღაც მინდა, რომ ვაკეთო, რაღაც ახალი შევქმნა და ამის გამო სულ ძიების პროცესში ვარ.

- რამდენად მნიშვნელოვანია დეკორის ნივთები ინტერიერში, თქვენი თვალთახედვით და ორიგინალურ ნამუშევრებს როგორი აქცენტები შეაქვთ ინტერიერში?
- ჩემი აზრით, დეკორის ნივთები ინტერიერში აუცილებელი ელემენტია, რადგან თითოეული დეკორი ქმნის რაღაც განწყობას. ვფიქრობ, რომ პატარა დეტალიც კი გამორჩეულს ხდის ინტერიერს, თავისი ემოცია მოაქვს. ყველას გვაქვს ალბათ საყვარელი გამორჩეული ნივთი ოთახში ან თუნდაც საყვარელ კაფეში, რის გამოც იქ ყოფნა გვიყვარს, რის გამოც იქ ხშირად მივდივართ, რაც შენთნ ახლოს არის და უბრალოდ გინდა რომ სულ მას უყურო. ვფიქრობ, რომ ინტერიერი დეკორის, ორიგინალური ნივთების გარეშე იგივეა, რაც მუზეუმი ექსპონატების გარეშე.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები