როგორ ვაქციოთ გამოუსადეგარი ნივთები დეკორის ნიმუშებად - ხელოვანი პედიატრის მასტერკლასი

დეკუპაჟი ნივთების გალამაზების ტექნიკაა. ამ ტექნიკით შეგიძლიათ ყველანაირი გამოუსადეგარი, მოსაწყენი ნივთი, ეს იქნება მაგიდა, ჭურჭელი, მუყაოს ყუთები თუ სხვა, ულამაზეს დეკორაციად აქციოთ. მის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ნახატის, ორნამენტის ხელსახოცი, ქსოვილი. ქალბატონი მარინა ვაშაძე ერთ-ერთი მათგანია ვინც ფურცლებით,მუყაოთი, ხელსახოცებით საოცარ კომპოზიციებს აცოცხლებს. თივისგან, ფოთლებისგან, ქსოვილებისგან ქმნის ხელოვნების ნიმუშებს.


- როდის დაიწყეთ დეკუპაჟის შექმნა?
- ძალიან რომანტიკოსი ვარ. მიყვარს ბუნება, ყვავილები. შემიძლია დაუღალავად ვისეირნო ტყეში და ვესაუბრო ფოთლებს, ბალახებს, ხეებს. 10 წელი აბასთუმნის ობსერვატორიაში, ფაქტობრივად ტყეში ვცხოვრობდი. დავდიოდი ტყეში, ვაგროვებდი ლამაზ-ლამაზ

ფოთლებს, თივას, ბაბუაწვერა ყვავილებს. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, ბუნების სილამაზე შუშაზე დამეფიქსირებინა. პირველი დეკუპაჟი თივით შევქმენი და დღემდე ვინახავ. ისე მოხდა, რომ თანდათან ჩამომიყალიბდა ჩემი სტილი.
პროფესიით ექიმი-პედიატრი ვარ. მყავს სამი შვილი. მოგეხსენებათ, ბავშვები, ოჯახი, სამსახური დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს, ამის მიუხედავად, ყოველთვის ვახერხებდი, გამომენახა დრო და შემექმნა ლამაზი ნივთები, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი განტვირთვის საშუალება. ვწერ ლექსებს და მოთხრობებს. მიტაცებს ხატვა. ალბათ ამ კუთხით მამის ნიჭი გამომყვა. მამაჩემი იყო რეჟისორი და მსახიობი, ფილმ ,,მამლუქში" გოჩას როლის შემსრულებელი - ვალერიან ვაშაძე. ხატავდა არაჩვეულებრივად და იყო გამოუსწორებელი რომანტიკოსი.


- დეკუპაჟისთვის რა მასალებს იყენებთ?
- ყველანაირ მასალას, დაწყებული შუშიდან, ქაღალდით დამთავრებული. დეკუპაჟი ერთგვარი აპლიკაციაა. მის შესაქმნელად შეიძლება გამოვიყენოთ მინის და თიხის ჭურჭელი, კონსერვის ქილები, უბრალო ფურცლები, ლამაზი ორნამენტებიანი ხელსახოცები, ქსოვილები, კომპიუტერის დისკები, პლასტმასის ქილები. ვიყენებ აგრეთვე აკრილის საღებავებს, პევეას წებოს, გამჭვირვალე ლაქს.


- დეკორაციებს მხოლოდ თქვენთვის ქმნით, თუ მათ რეალიზებასაც ახდენთ?
- არასოდეს მომსვლია თავში აზრად, რომ გამეყიდა. რადგან რასაც ვქმნი ერთია, ის აღარ განმეორდება, მსგავსს მეორედ ვეღარ შევქმნი, ამიტომ გასაყიდად მენანება. როდესაც ობსერვატორიაში ვცხოვრობდი, იქ ხშირად გვსტუმრობდნენ უცხოელები. ძალიან მოსწონდათ და მთხოვდნენ, მიმეყიდა. თავდაპირველად გასაჩუქებლადაც მენანებოდა, მაგრამ წლების მერე შევიცვალე (იღიმის), უკვე თამამად ვჩუქნი მეგობრებს, ნათესავებს. შექმნილი მაქვს ლარნაკები, საყვავილეები, პეიზაჟები. ვცდილობ, ყოველთვის ბუნებრივი ფერები გამოვიყენო, რადგან ფერი არის ენერგია, მუხტი.


სპეციალურად ”შინ"-ის მკითხველისთის შევქმნი თეთრი თეფშისგან და ყვავილებიანი ხელსახოცისგან გაშლილი მდელოს პეიზაჟს.
დეკორაციის შესაქმნელად დაგვჭირდება, როგორც უკვე აღვნიშნე, თეთრი თეფში, ყვავილებიანი ხელსახოცი, ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, აკრილის საღებავები, პევეას წებო და გამჭვირვალე ლაქი. პირველ რიგში თეფში უნდა გასუფთავდეს, ამიტომ ვუსვამთ სპირტს. ცხიმიან შუშას კარგად არ დაედება აკრილის საღებავი.

თეფშზე ფუნჯით ვუსვამთ წებოს. ხელსახოცს ვხევთ ხელით, რადგან მაკრატლით სასურველ ფორმას ვერ მივიღებთ. ვაფენთ თეფშზე და ზემოდან ვუსვამთ წებოს. ჩვენი ფანტაზიით გავშლით ყვავილებს, ვიღებთ ღრუბელს და მისი საშუალებით ლურჯ საღებავს, ცის სახით ვანაწილებთ ზედა ნაწილში. მწვანე საღებავით მინდვრის იმიტაცის ვქმნით. თეთრი საღებავით ღრუბელს დავხატავთ. ყველაფერი ეს რომ გაშრება, წავუსვამთ გამჭვირვალე ლაქს. სულ რაღაც 10 წუთში ულამაზესი დეკორაცია მზადაა.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ვიოლეტა 2019-05-27 11:05
არჩვეულებრივია!
დოდო 2016-03-19 00:18
მარინა მოხიბლული ვარ ნამუშევრებით !!!
ანა ვაშაძე-ბეროშვილი 2016-03-18 23:41
მარინა შენ თვითნაბადი ნიჭი გაქვს და მშვენივრადაც იყენებ, მიყვარხარ.
fato 2016-03-18 22:47
yvelaperi lamazia. nichieri qalbatonia.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები