დეკორის ულამაზესი ნივთები ქართველი ხელოვანისგან, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად

ნანუკა ჩხეიძე საკმაოდ ცნობილი ხელოვანია, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და მის აქსესუარებსაც ბევრი ქალბატონი გაულამაზებია. მის სამკაულებს თუ ჩანთებს სიამოვნებით ატარებენ ქართველი თუ უცხოელი ქალბატონები. თუმცა ნანუკას, როგორც ხელოვანს, მრავალფეროვნება ახასიათებს და არასდროს სჯერდება ერთ მიმართულებას, სულ სიახლეების ძიებაშია და ერთი, რაც ყოველთვის აერთიანებს მის ნამუშევრებს, არის ულამაზესი, ცოცხალი და ხასხასა ფერები, რომლებიც ყურადღებას მაშინვე იპყრობს. ამჯერად ხელოვანმა მორიგი სიახლე შესთავაზა გულშემატკივრებს - მოხატული თეფშები, როგორც საინტერესო დეკორი ინტერიერისთვის. ნანუკას სწორედ ამ სიახლეზე სასაუბროდ მივმართეთ.

- ძალიან მიყვარს მინის ჭურჭელი, პატარა კოლექციას ვაგროვებ, თიხაც, ხეც... ხშირად ვყიდულობ, თუ სადმე შემხვდება. ბევრი თეფში მაქვს ნაყიდი, რომლებსაც ძირითადად
ფოტოების გადასაღებად ვიყენებ... პირველად ალბათ ერთი წლის წინ შევღებე თეფში და ძალიან მომეწონა, თუმცა არ გამიგრძელებია რატომღაც, ალბათ უფრო არ მეცალა ამისთვის. რამდენიმე დღის წინ კი ახალი ბეჭდებ გავაკეთე და მინდოდა, განსხვავებულად გადამეღო და აჰა, ეს იდეაც გაჩნდა, მომეხატა რამდენიმე თეფში... დავიწყე და ვეღარ გავჩერდი, ორი დღე ვხატავდი... მასალა ზოგი თიხაა, რომელსაც მზას ვყიდულობ. ვხატავ სხვადასხვა სამხატვრო მასალით, თუმცა არ ვაპირებ მხოლოდ ამით შემოვიფარგო, ალბათ მეტ ინოვაციას ჩავრთავ, ვნახოთ! თავად ძალიან მიყვარს, როცა სახლში კედლის დეკორად არის ასეთ თეფშები გამოყენებული და სწორედ ასეთ ადამიანებზეა გათვლილი, ვისაც ნათელი ფერები და მრავაფეროვნება უყვარს სახლში თუ ოფისში!

ერთფეროვნება ძალიან მბეზრდება, ამიტომ ვცდილობ, მუდამ რაღაც სიახლე შევიტანო და გავამდიდრო, რომ ადამიანებს მეტი ინტერესი ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, ვერასოდეს ვუღალატებ ტყავს, ლითონს, ხეს და ბამბუკს, რომელიც ჩემი საყვარელი მასალაა და სწორედ ახლა ვამზადებ ახალ კოლექციას - ეს იქნება სახლის დეკორის ელემენტები - სანათები და დეკორატიული ნივთები მცენარეებისგან, რომელიც ვფქრობ, საინტერესო და ეკლექტური იქნება და ყველა გემოვნებიანი ადამიანის სახლს დაამშვენებს!

რაც შეეხება ჩემს ფერებს... ფერების გარეშე სამყარო წარმოუდგენელია, ირგვლივ იმდენი ფერია და გრადაცია, ზოგჯერ გვაფორიაქებს სასიამოვნოდ, ზოგჯერ გვამშვიდებს. მაგალითად მწვანე და ცისფერი ყველაზე დიდი დოზით უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში... ჩემთვის ორივე სიმშვიდის, ჰარმონიის და სიხარულის მომნიჭებელია. როცა მოწყენილი ვარ, სულ ცას ვუყურებ, ისაა ჩემი სულის მალამო... ვფიქრობ, როცა ნამუშევრის ფერით ხვდება ადამიანი, ეს ვისი ნამუშევარია, ეს უკვე გამარჯვებაა და წარმატება. მაღაზიაში რომ შევალ, თუნდაც მასალას ვყიდულობ ან ტანსაცმელს, ხშირია შემთხვევა, კონსულტანტი მეუბნება, ეს ხომ თქვენი ფერია? მერე აღმოჩნდება, რომ ის ჩემი სოციალურ ქსელშია ჩემი გამომწერი და დიდი გულშემატკივარი, რაც ძალიან მახარებს! მეუბნებიან, რომ მე მათ ეს ფერები შევაყვარე.

ცოტა ხნის წინ მეგობარი მიყვებოდა, თურქეთში ვიყავი და შენი ჩანთა მეკეთა. ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიაში შევედი, სადაც ტყავის ნივთები იყიდებოდა და გამყიდველმა ჩემი ჩანთა რომ დინახა, შოკში ჩავარდა, ისე მოეწონა, სულ დეტალურად გამომკითხა, ვინ და სად დაამზადაო. ძალიან ამაყი გამოვედი მაღაზიიდანო. მეც რომ მიამბო ეს, ძალიან გამიხარდა.

ახალმა ნამუშევრებმა უკვე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც ველოდი, სიმართლე გითხრათ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია, რაც შეიძლება ამ თემის ირგვლვ დაატრიალო და გააკეთო. როგორც კი მცირე დრო გამომიჩნდება, აუცილებლად ამ ხაზსაც ვაქცევ განსხვავებულად და მყიდველისთვის სასურველად.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები