ქართველი ოსტატის მიერ კვერცხის ნაჭუჭით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები

კვერცხზე გრავირების ისტორია ჩინეთიდან იღებს სათავეს. 1368-1644 წლებში ჩინეთში ხალხს ჩვევად ჰქონდათ ქორწილებში, დაბადების დღეებზე დეკორატიული კვერცხების ჩუქება. ნაჭუჭზე ჭრიდნენ ორნამენტებს, ყვავილების, ფრინველების, ცხოველების, ადამიანების გამოსახულებებს. წლების განმავლობაში იხვეწებოდა და უმჯობესდებოდა ეს კულტურა.

ბატონი გიორგი შოვნაძე კვერცხის ნაჭუჭზე გრავირების მეთოდით საოცრად ნატიფ ორნამენტებს აცოცხლებს. უკვე შვიდი წელია, ორიგინალური და განსხვავებული კომპოზიციები კვერცხის ნაჭუჭზე გადააქვს. მისი მანუშევრები მნახველზე საოცარ გავლენას, ემოციას და აღფრთოვანებას იწვევს.

- ეს ხელოვნება ძალიან დიდი ხნის წინ წარმოიშვა ჩინეთში. კვერცხზე იჭრებოდა სხვადასხვა ფერის და ფორმის ორნამენტები. მისი ალტერნატიული და მსგავსი ხელოვნებაა

პისანკი, რომელიც გავრცელებულია უკრაინაში. კვერცხი ისანთლება წვრილად და შემდეგ იღებება ერთი ფენა საღებავით, შემდეგ ისევ ისანთლება სპეციალური მოწყობილობით, რომელშიც დნება სანთელი, წვრილი ნახვრეტის მეშვეობით კი ფენა ფენა ედება ნაჭუჭს.

საქართველოში რამდენად არის გავრცელებული გრავირების მეთოდი?
- საქართველოში იშვიათად მოიპოვება გრავირებული ნაკეთობები და საკმაოდ ძვირად ფასობს. მე ვმუშაობ ქათმის კვერცხის ნაჭუჭზე, თუმცა შესაძლებელია გაკეთდეს ბატის, სირაქლემას კვერცხზე. მათი კვერცხის ნაჭუჭის სისქე დაახლოებით 2-3 მმ-ია, არ არის ისეთი სათუთი და ადვილად მსხვრევადი, როგორც ქათმის კვერცხი, შესაბამისად მუშაობაც შედარებით ადვილია, მასზე მუშაობის დროს შეიძლება გამოვიყვანოთ გამოძერწილი სახის ნაკვთები.

- რა ეტაპებს გადიხართ იმისთვის, რომ კვერცხის ნაჭუჭი ხელოვნების ნიმუშად აქციოთ?
- კვერცხი არ გაჩერდება სწორ ზედაპირზე, ის არის სუვენირი და მას სჭირდება სადგამი. სადგამს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ სადგამი ულამაზოა, დეკორაციაც კარგავს თავის სილამაზეს და პეწს. უპირველეს ყოვლისა უნდა გაკეთდეს ლამაზი, მისაზიდი სადგამი და სტენდი. რაც შეეხება უშუალოდ კვერცხს, უნდა გაირეცხოს სარეცხი საშუალებით, მოვნიშნოთ ნახვრეტი ფანქრით, სისქით 3-4 მმ, საიდანაც დიდი ზომის შპრიცით, რომლის თავზეც რეზინის მილია დამაგრებული, რათა პლასტმასის წვერით ნაჭუჭი არ დავაზიანოთ, გამოვდევნით შიგთავსს. შიგნიდან რჩება აპკი, აუცილებელია აპკის გამოღება, რადგან აპკი ხელს უშლის ადამიანს მუშაობის დროს.

აპკის გამოღების საიდუმლოს ჩემთვის დავიტოვებ, ეს არის საიდუმლო, რომელიც ჩემებურად ამოვხსენი. შიძლება ჩინეთში ან სხვა ქვეყანაში არსებობს ამის მეთოდი, მაგრამ მე ჩემებურ მეთოდს მივმართავ. ეს გადაუწყვეტი პრობლემა იყო ჩემთვის, დაახლოებით ორი წელი ვწვალობდი, რომ გამომენახა გამოსავალი, ხშირად მიზიანდებოდა ნაჭუჭი. აპკის ამოღების და გასუფთავების შემდეგ კვერცხი უნდა დამუშავდეს სოდიანი და სპეციალური სადეზინფინფექციო ხსნარით, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე სახის ინფექცია. ამის შემდეგ კარგად გამოვრეცხავთ თბილი წყლით, გამოვაშრობთ და ვიწყებთ მოხატვას. გააჩნია, მუზა როგორ ნახატს მიკარნახებს ან დამკვეთის სურვილი როგორია. ბოლო ეტაპია მონიშნული ორნამენტების ამოტვიფრა. მუშაობის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო. კვერცხის ნაჭუჭი უნდა დამუშავდეს სპეციალურ სითხეში, რათა ცოტა სიმაგრე შეიძინოს. თუ კვერცხის ნაჭუჭი არ გამოაწრთე, როგორც ფოლადი, ის დარჩება ისეთივე მსხვრევადი, როგორც იყო თავდაპორველად, მასზე კი საკმაოდ რთულია ორნამენტების ამოჭრა. არის ისეთი სირთულის ორნამენტები, რომლებზე მუშაობას 1-2 კვირას ვანდომებ. თუ დიდი ფიგურაა და ამოსატვიფრია პატარა ზომის ორნამენტი შედარებით ნაკლები დრო სჭირდება. ამოტვიფრული მაქვს ადამიანის, ცხოველის, ფრინველის ფიგურა, რომელიც ძალიან დეტალიზებულ მუშაობას საჭიროებს და დიდი დროს მოითხოვს. 

- როდის გაგიჩნდათ სურვილი, გრავირების მეთოდით დეკორაცია შეგექმნათ?
- ჩემს ბავშვობაში იყო რუსული ჟურნალი ,,механика и наука“, სადაც იყო სტატია ჩინელ სპეციალისტზე. ნემსებით, საჭრეთლებით, შტრიხებით ამოჰყავდა ნახატები ბატის კვერცხზე. ძალიან მომეწონა და გამიჩნდა ინტერესი მეც მეცადა. თავდაპირველად ისე კარგად არ გამომდიოდა, წლების განმავლობაში ნელ-ნელა დავხვეწე ნამუშევრები. კვერცხის ნაჭუჭის გარდა ვმუშაობ ქვაზე, შეშაზე, ხეზე, ანუ ყველა მასალაზე, რაზეც კი შეიძლება გაკეთდეს გრავირება. საიუველირო ნაწარმზე, მაგალითად ბეჭედზე წვრილად ვტიფრავ ინიციალებს, სახელებს, სამახსოვრო წარწერებს.

- როგორც ვიცი, პროფესიით მასაჟისტი ხართ...
- ჩემი პროფესია არის ძალიან რთული. გარდა ფიზიკური დატვირთვისა, მორალურადაც ძალიან იღლები. ხშირად პაციენტისგან უარყოფითი ენერგია მოდის და ეს ცუდად აისახება ჩემს განწყობაზე, ამიტომ გრავირება განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, ამ დროს ყველანაირი ყოფითი პრობლემა მავიწყდება და სრულიად სხვა სამყაროში ვხვდები. ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც აქვს ჰობი და სიამოვნებას იღებს საყვარელი საქმიანობით.

ბატონი გიორგის ინტერესის სფერო მხოლოდ კვერცხზე გრავირებით არ შემოიფარგლება, იგი დაინტერესებულია უჩვეულო ხელოვნებით, რომელსაც ხელოვნური ბონსაი ჰქნია (ულამაზესი დეკორატიული ჩინური ბუნების საოცრება, ასე აფასებენ მსოფლიოში მის სილამაზეს), ასევე იტაცებს იკებანა - ყვევილების დაწყობის იაპონური ხელოვნება, ტვისტინგი - ბუშტების ხელოვნება, ქმნის ორიგინალურ ნაკეთობებს, ცხოველებს, ყვავილებს, , მულტფილმის გმირებს და ა.შ.

მერი ბლიაძე

კომენტარები

Zambakhidze Sofia 2021-04-18 21:14
საოცარი შედევრებია. პირველად ვხედავ ჩემს ცხოვრებაში ამ ტიპის ხელოვნებას.
salome 2016-04-14 11:40
Ra silamazeaaa...

კომენტარის დამატება