"ასე დაიწყო "ფანჯრის რაფაზე ჩამომსხდარი ანგელოზების” ამბავი..." - ემიგრაციაში შვილიშვილის მონატრებით შექმნილი კეთილი არსებები

ლალი შიუკაშვილს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. ათ წელზე მეტია, ემიგრაციაში ცხოვრობს. ხელოვანების ოჯახში აღიზარდა და სამშობლოში, მშობლიურ ზესტაფონში თეატრის მსახიობიც და ტელეწამყვანიც. ამერიკაში კი მარტო აღმოჩენილმა, საკუთარ თავში სულ სხვა, მიმალული ნიჭები აღმოაჩინა. სამშობლოსა და საყვარელი ადამიანების მონატრებით გამოწვეულ სევდას წლები უქარვებდა საოცარი ხელნაკეთი სამკაულები, გულსაბნევები, რომლებსაც გულმოდგინედ ქმნიდა და საყვარელ ადამიანებს ჩუქნიდა.
ცოტა ხნის წინ კი მის ცხოვრებაში ერთი ღიმილიანი და ბედნიერებისმფრქვეველი არსება გამოჩნდა - შვილიშვილი მაშო, რომელმაც ბებიას ახალი შთაგონება მოჰგვარა და "ლალის ანგელოზები" აპოვნინა. თუ როგორ დაიწყო
ამ საყვარელი არსებების შექმნა, ამაზე ქალბატონი ლალი თავად გვიამბობს, მისებურად - ემოციურად და ხატოვნად.

- იანვრის იმ ცივ ღამეს, თავქუდმოგლეჯილები რომ გავრბოდით საავადმყოფოსკენ, რაღაც მომენტში შევამჩნიე, რომ გზას, რომელსაც ჩვენი მანქანა გადიოდა, ორივე მხარეს საახალწლოდ განათებული, შობის ანგელოზები ჩაუყვებოდა. საოცარი სანახაობა იყო, ცარიელ ქუჩაში მხოლოდ ჩვენ და კაშკაშა, საყვირიანი ანგელოზები!.. შიში გამიქრა და იმ წუთიდან დავიჯერე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... გამთენიისას მაშო დაიბადა! მე გავიფიქრე, რომ ეს გოგო ანგელოზებმა მაჩუქეს!..

პირველი შვილიშვილის დაბადება ემიგრაციაში, ტელეფონით მომილოცეს... ალბათ ამიტომ მქონდა აბსოლუტურად განსხვავებული განცდა მაშოს, ჩემი მეორე შვილიშვილის დაბადებისას... იქ ვიყავი, მის გვერდით და ახალდაბადებულიც პირველმა მე ვნახე. "გამარჯობა, ჩემო პატარა, მე შენი ბებო ვარ... იცი, როგორ გელოდი… შენ ჩემი ახდენილი ოცნება ხარ, ბე!” - ასე დაიწყო ჩემი და მაშოს მეგობრობა...

პატარა, ოქროსფერმა არსებამ თითქოს მეორე სუნთქვა თუ სიცოცხლე მაჩუქა... ცხოვრების ყველაზე ლამაზი მომენტი რომელი გქონდაო, რომ მკითხონ, დაუფიქრებლად ვუპასუხებ: ის უძილო ღამეები, მაშოსთან ერთად გატარებული... გულზე სათუთად აკრული რომ დამყავდა ოთახიდან ოთახში და დიდი ხნის წინ მივიწყებულ "იავნანას" ვუმღეროდი... მაშომ ჩემი სამყარო ბევრად უფრო ნათელი, კეთილი და ლამაზი გახადა... და ახლა თუ რამეზე მწყდება გული, მხოლოდ იმაზე, რომ მისგან ძალიან შორს ვარ…

მონატრების და სიშორის სევდა ლაიტმოტივად გასდევს ჩემს ცხოვრებას… სულ ვიღაც მაკლია, სულ ვიღაც მენატრება... ცოტა ხნის წინ, ეკრანის წინ მოთამაშე შვილიშვილებს, თომას და მაშოს ვუყურებდი და უცებ გავიფიქრე: სახლი, სადაც ანგელოზები ცხოვრობენ… თომასთან თამაშში სასაცილოდ თმაგაჩეჩილ მაშოს შევხედე და წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა, მისი მსგავსი თოჯინის გაკეთება რომ მეცადა… ვცადე და... ასე დაიწყო "ფანჯრის რაფაზე ჩამომსხდარი ანგელოზების” ამბავი...

რატომ ფანჯრის რაფაზე? იმიტომ, რომ პატარა ოთახში, რომელსაც უზარმაზარი ფანჯარა აქვს, ანგელოზების "საცხოვრებელი ადგილი “ ფანჯრის რაფაზე გამოიძებნა მხოლოდ... იბადებიან და სკუპდებიან მერე ფანჯარასთან და მოწყენილობის ჟამს ერთად ვუყურებთ დაორთქლილი მინის მიღმა სამყაროს და ქარიან ამინდებში სასაცილოდ მოცუხცუხე ადამიანებს... ხანდახან მეჩვენება, რომ ხასიათი აქვთ და განწყობა... ერთმანეთისგან განსხვავებულები გამოდიან... მაგრამ თითოეული მათგანისგან დადებითი ენერგია და სიყვარული მოდის... ალბათ ამიტომ უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა პირველივე პოსტს... პირველი ნაკეთობები მეგობრებმა მიისაკუთრეს, "ლალის ანგელოზები” დაარქვეს ხუმრობით... მეუბნებიან, რომ დადებითი აურა აქვთ და მე ეს ბედნიერს მხდის: რა კარგია, რომ შემიძლია რაღაც ლამაზი შევქმნა და სხვა ადამიანებს ჩემი წილი სითბო და სიყვარული გავუზიარო...











კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები