მასწავლებელი, რომელმაც სკოლის ეზოში კოპწია ბაღი მოაწყო - "გაკვეთილების მერე, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, სკოლის ბაღში ჩავდივარ... ყვავილების ბაღის გაშენების იდეა დიდი ხანია მქონდა..."

139-ე საჯარო სკოლის ეზოში ახლახან გამოჩნდა პატარა კოპწია ბაღი, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო. მით უმეტეს, რომ ბაღი მასწავლებლის ინიციატივით გაჩნდა, რომელსაც ამ საქმეში სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და მოსწავლეები დაეხმარნენ. შორენა თამაზაშვილი თავად გვიამბობს ბაღის შექმნის ამბავს:


- ტყუილად არ ვამბობ ხოლმე, მასწავლებლობა მრავალფეროვანი პროფესიაა... როცა ხარ მასწავლებელი, გზადაგზა შეგიძლია იყო მხატვარი, მსახიობი, რეჟისორი, მომღერალი, დიზაინერი, მზარეული, ექიმი და მებაღეც კი... ყვავილების ბაღის გაშენების იდეა დიდი ხანია მქონდა, ველოდებოდი საჭირო დროს, საჭირო ადგილს. ერთ დღეს ჩვენი სკოლის დირექტორმა პედაგოგებს, რომლებიც გავდიოდით
გარემოს დაცვის ტრენინგს, გაგვაცნო პროექტი "მუსიკა და მცენარეები“; ბევრი აღარ მიფიქრია, იდეები მქონდა, მშობლებს გავაცანი და უცებ აიტაცეს.

მეორე დღესვე მოიტანეს პატარა ჩითილები, ნერგები, სამუშაო იარაღი - ნამდვილ მებაღეებად ვიქეცით. ყოველდღე ემატებოდა რამდენიმე ყვავილის ძირი. ყველა დარგული მცენარის ისტორია და ავტორი ვიცი, რომელი საიდან მოიტანეს, რომელი სოფლიდან, კუთხიდან, ვინ მოიტანა, ვინ დარგო... ბუნებასთან ურთიერთობა ჩემი ჰობია - წყალი, ხე, მიწა, ყვავილი... როცა რომელიმე მასწავლებელი ან მშობელი ყვავილის ძირებს მოიტანს, ხანდახან ვთხოვ, დატოვონ და მე დავრგავ...


გაკვეთილების მერე, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, სკოლის ბაღში ჩავდივარ, დარგვის პროცესში მიწის სუნს ვგრძნობ, ეს სხვა შეგრძნებაა... ბაღს ამშვენებს ბანერები დამაფიქრებელი ფრაზებით: "ყვავილები - ბუნების ლექსები“, "დედამიწა იცინის ყვავილებით“, "ნუ მომწყვეტ, მაცოცხლე“, "ყვავილები მოაშენეთ და მოუსმინეთ მათ“ და ასე შემდეგ... ეს ბანერები მშობლებმა დაამზადეს, ღობეც მშობლების ნახელავია და სხვა ყველა დეკორი, რაც ბაღს ორიგინალურს ხდის. მინდა, აღვნიშნო ჩვენი დირექტორის ჩართულობა სკოლის ბაღის დამშვენების საქმეში, მას ძალიან უყვარს მცენარეები, უამრავი ლამაზი ყვავილი შეამატა... ეს დიდი მოტივაციაა ჩვენთვისაც.

რაც შეეხება მოსწავლეებს, სკოლაში როცა მოდიან, ჯერ ბაღში შერბიან, ხმელ ფოთლებს აშორებენ, ისწავლეს ჩითილების გამოყვანა, შემდეგ ბაღში გადატანა, მორწყვა... უკვე იციან, როგორ გაუფრთხილდნენ იმ გარემოს, სადაც ისინი და მათი თანატოლები სწავლობენ. სკოლის ეზოში გაშენებული ბაღის გალამაზებაში ჩართულია სასკოლო საზოგადოება, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ერთი ნერგი, ჩითილი, ძირი თუ რაიმე მასალა მოგვცა, ვისაც უხარია და მოსწონს 139-ე სკოლის ეზოში გაშენებული ეს სილამაზე, ვინც ჩერდება ღიმილით ბაღთან, განსაკუთრებული მადლობა - ჩემი კლასის მშობლებს.

ბაღი ჯერ არ დასრულებულა, უამრავი იდეა გვაქვს, მომავალი სასწავლო წლიდან ბევრი საინტერესო დეკორი და აქტივობა ელით სკოლის ბაღის გულშემატკივრებს.






კომენტარის დამატება