"ერთხელაც მამაჩემმა შეჰყვირა: "არიქა, მგონი, გვეშველა, ხატვის ნიჭი აქვს!" - მხატვარ ლევან ხარანაულის უბრალოება

ლევან ხარანაულს 60 წელი 29 სექტემბერს შეუსრულდა. დიდი ხანია, მასთან საუბარი მსურდა, მაგრამ ეს დღემდე ვერ მოხერხდა. ახლა კიდევ ერთხელ ვცადე, ამჯერად გამოვიდა. ხალას და უბრალო მხატვარს გალერეა "იარტში" შევხვდი. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ მასზე სიტყვაძვირი კი არ ითქმის, უბრალოდ ასეთია: თავმდაბალი, გულწრფელი, ნამდვილი, უშუალო... და ვფიქრობ, სწორედ ამაშია მისი როგორც პიროვნული, ისე შემოქმედებითი ხიბლიც.

არაერთი წელია, გალერეა "იარტი" და მისი მფლობელი იკა ბოკუჩავა ქართველ ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენაზეა ორიენტირებული. აღნიშნულ სივრცეში ლევან ხარანაულის გამოფენა 29 სექტემბერს გაიხსნა და ორი
კვირა გასტანა. როგორც აღმოჩნდა, ლევან ხარანაული და იკა ბოკუჩავა ერთ დღეს, ერთ წელსა და ერთ სამშობიაროში არიან დაბადებული. ერთმანეთი წლების წინ გაუცნიათ, როცა მხატვარი გალერისტის პორტრეტს ხატავდა და სწორედ ამ ქალბატონის იდეა, შემდეგ კი ერთობლივი გადაწყვეტილება ყოფილა, გამოფენა წელს, 29 სექტემბერს გახსნილიყო. გარდა ამისა, მხატვარი კიდევ ერთი ექსპოზიციის მზადების პროცესში იყო. ლევან ხარანაული 1983 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს მიღმა, მაგრამ შეიძლება ითქვას, დღემდე ისეთი მასშტაბური გამოფენა არ ჰქონია, როგორიც ახლა: 19 ოქტომბერს მხატვრის ტილოები დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა პერიოდშია შექმნილი და დროებით ჩამოხსნილია მხატვრისა და ახლობლების ინტერიერის კედლებიდან. მათ შორის არის მხატვრის ბებიის პორტრეტიც, რომელიც მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნამუშევარია.

- ბატონო ლევან, ჩვენი საუბარი დაბადების დღით დავიწყოთ: მითხარით, რა დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი დაბადების დღის მიმართ? და ყველაზე გამორჩეულად თუ გახსოვთ რომელიმე?

- რა ვიცი, განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მაქვს. ყოფილა შემთხვევა, როცა თიანეთში ვყოფილვარ სრულიად მარტო, წელს კი ჩემს დაბადების დღეზე გალერეაში უამრავი ადამიანი იყო... მახსოვს, პატარაობისას, როცა სოლოლაკში ვცხოვრობდი, ერთხელაც დაბადების დღეზე კლასელები მეწვივნენ. შინ ჭადრაკი გვქონდა. ჩემი ხუთოსანი კლასელი ხათუნა ნარეკლიშვილი ჭადრაკზე დადიოდა და ძალიან კარგად თამაშობდა. "ლაზიერი", "შამათი", "ქიში" - ასეთ სიტყვებს იყენებდა, რომლებიც ჩემთვის უცხო იყო და თან ძალიან მომწონდა... მე ხუთოსანი მხოლოდ ერთ მეოთხედში ვიყავი, იქაც ერთ-ერთ ხუთიანს წერტილი ესვა, რაც იმას ნიშნავდა, შემდეგში აღარ წაგიმატებო (იღიმის). მე და ჩემი ბიძაშვილები 12 წლის რომ ვხდებოდით, ბებია საათს გვჩუქნიდა - ეს წინასწარ ვიცოდი. საათი და ველოსიპედი დაახლოებით ერთი თანხა ღირდა და ამიტომ ბებიას ვთხოვე, საათი არ მინდა, ველოსიპედი მაჩუქე-მეთქი... მიყიდა.

- როგორც ბევრმა ბავშვმა, თქვენც გაიარეთ მაშინდელ პიონერთა სასახლის ხატვის წრის პერიოდი?

- მცდელობა იყო, მაგრამ მგონი, მხოლოდ 2 გაკვეთილზე ვიყავი. იქ ისეთი "დასრულებული" მხატვრები იყვნენ, გამიკვირდა. მე კი არ გამომდიოდა, "ნუ პაგაძის" და "მიკი მაუსსაც" ვერ ვხატავდი. პიონერთა სასახლეში არ მივლია. მოგვიანებით ნიკოლაძის სამხატვრო ოთხწლედში ვსწავლობდი, სადაც ჩემი პირველი პედაგოგი ფრიდონ გოცირიძე იყო. მერე გურამ დოჩანაშვილმა თემო მაჭავარიანთან მიმიყვანა. ამის შემდეგ - ნუგზარ მეძმარიაშვილი, ფარნაოზ ლაპიაშვილი, რუსუდან გაჩეჩილაძე, ლევან ცუცქირიძე - უკვე აკადემიაში.

- სამხატვრო აკადემიის წლებმა ყველაზე ძვირფასი, რა დაგიტოვათ?

- მოგონებები... პედაგოგები... მეგობრები.

- საერთოდ, ვინ აღმოაჩინა ან თავად როდის ჩათვალეთ, რომ ხატვა გამოგდიოდათ?

- ერთხელაც მამაჩემმა შეჰყვირა: "არიქა, მგონი, გვეშველა, ხატვის ნიჭი აქვს!" მესიამოვნა, რომ გაუხარდა და მეც გავაგრძელე. მაშინ 14 წლის ვიქნებოდი.


- რა იყო თქვენთვის ყველაზე უცნაური მასალა, რომლითაც ბავშვობის პერიოდში გიხატიათ?

- სოლოლაკის შემდეგ საცხოვრებლად საბურთალოზე გადავედით. მამაჩემის მეგობარ შოთა სამხარაძეს ეზოში სახელოსნო ჰქონდა. ერთხელ, მამა და შოთა ჩვენთან სვამდნენ. შოთამ მითხრა, ჩემთან სახელოსნოში ადი, ნარდივით ყუთი დევს და მომიტანეო. წავედი, ყუთი ავიღე და მივუტანე. ფრანგული პასტელები აღმოჩნდა, ორ წყებად იყო ჩალაგებული. მაჩუქა (იღიმის).

- სხვადასხვა პერიოდი: ბავშვობა, სკოლა, სტუდენტობა და ა.შ. ფერებად თუ დაგიყვიათ ან ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი ფერებად თუ დაგიმახსოვრებიათ?

- ნისლიანი ამინდი მიყვარს.

- სევდას არ გგვრით?

- პირიქით, სიმშვიდეს მგვრის.

- ეს ფერი თქვენი ცხოვრების რომელიმე ეტაპს აქვს?

- არა, ცხოვრებას ფერების მიხედვით არ აღვიქვამ, ასე არ ვაკვირდები. ნისლიანი ამინდის დადებითი თვისება ის არის, რომ ამ დროს მუშაობისთვის სტაბილური განათებაა. მზეს ღრუბელი რომ მიეფარება, მერე გამოანათებს და ცვალებადი ამინდია, ეს ხელისშემშლელია. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები