"სახლში თუ რაიმე ძველი ნივთი იყო შენახული, ყველაფერი გადმოვალაგე და ახალი სიცოცხლე ვაჩუქე..." - მოყვარული ხელოვანის შემოქმედებითი სივრცე

მადონა თედლიაშვილი გორის რაიონ სოფელ კარალეთიდანაა. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია, თუმცა ხშირად ინტერესდება სხვადასხვა სფეროთი. ამ ეტაპზე ნივთების რესტავრირებით არის გატაცებული და ჩვენი ყურადღებაც ამით მიიპყრო.

- წლების წინ საკუთარი კაფე-ბარი მქონდა, USAID-ის კონკურსში გავიმარჯვე, დამაფინანსეს და 3 წელი საკუთარ ბიზნესით ვიყავი დაკავებული. თუმცა შემდგომ ემიგრაციაში მომიწია წასვლა, კერძოდ - თურქეთში, სადაც 10 წლის განმავლობაში სეზონურად ვმუშაობდი ტურისტებთან. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ვნახე სამსახური. შარშან შემოდგომით დავბრუნდი და დიდი სურვილი მაქვს, აღარ წავიდე და სამომავლოდ აქ გავაკეთო ჩემი საქმე.

ხელნაკეთი ნივთების შექმნა ბავშვობიდან
მიყვარდა, მაგრამ ასე სერიოზულად ორი წელია დავინტერესდი. სახლში თუ რაიმე ძველი ნივთი იყო შენახული, ყველაფერი გადმოვალაგე და ახალი სიცოცხლე ვაჩუქე. პროფესიონალი არ ვარ, ჰობია ჩემი და მინდა უფრო ღრმად შევისწავლო. სამომავლოდ მინდა პატარა სახელოსნო გავხსნა, სადაც ჩემს იდეებს ფრთებს შევასხამ.


ძალიან მიყვარს, როდესაც ძველ ნივთს ახალ სიცოცხლეს ვჩუქნი და ყოველი მათგანი მიყვარს. ვურჩევდი ყველას, რომ არ გადაყარონ ძველი ნივთები, ისინი ხომ ჩვენი წინაპრების ნაქონია და ყველა ნივთი ისტორიას ინახავს. უბრალოდ აიღონ, გააცალონ საღებავი და ლაქი, და შეღებონ. თავიდან თუ არ გამოუვათ, მეორე ჯერზე აუცილებლად გამოუვათ. უამრავი ვიდეო დევს იუთუბზე, სადაც ახსნილია. მეც სულ ვუყურებ ასეთ ვიდეოებს და ბევრს ვსწავლობ. მთავარია, მონდომება გქონდეს და აუცილებლად გამოგივა.

უბრალო ხის ნაჭერიც კი შეიძლება სანათად იქცეს, ასეთი მაქვს კომშის ერთი ტოტი, რომელიც გახმა და მოჭრეს. ერთი ტოტისგან სანათი გავაკეთე. ყველა ნივთი შესაძლოა გამოიყენო. მაგალითად, ბაღში ქვები შევღებე და ზოგი - კუდ, ზოგი - ბაყაყად, ზოგი ფუტკრად და ჭიამაიად გადაიქცა. ძველი ბოთლები, რომლებიც განწირული იყო გადასაყრელად, "დავასაქმე" და ხეების გარშემო დიდი საყვავილეები გავაკეთე. ბაღში ქვები მოვაგროვე და ქვაფენილები გავაკეთე, ძველი საბურავიდან - ყავის მაგიდები. მოკლედ, შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს....


ინდიელობანას ვთამაშობდით სულ ბავშვობაში და ამიტომ ინდიელების ქოხიც გავიკეთე. სამი დღე მოვუნდი ხეების მოტანას, ამოთხრას და მოწვნას. მის სიახლოვეს ბულბულმაც დაიდო ბინა. ახლა ყავის დასალევად სასიამოვნო გარემოა შექმნილი. ერთი ქალიშვილი მყავს - 15 წლის ქრისტინა, რომელიც ხანდახან მეხმარება ჩემს საქმიანობაში.


სამომავლოდ იმედია, აღარასდროს მომიწევს ემიგრაციაში წასვლა და ის ოცნების სახლი, რაც დავიწყე, მინდა დავამთავრო და წალკოტად ვაქციო, სადაც იქნება მხოლოდ სიყვარული და სითბო, რასაც ერქმევა ჩემი კერა. ყველაზე დიდი ოცნება ესაა ჩემი.






კომენტარები

ხათო 2024-02-09 15:57
რა საუცხოოა და რა სილამაზეა
ალექსი 2024-02-06 21:31
წარმატებებს გისურვებ,შენი ოცნებების ახდენას❤️
ა.შ. სიმბოლო ჩავსვი 2024-02-06 15:26
სიმბოლო ჩავსვი და კითხვის ნიშნებად გადაკეთდა რედაქტორებას საშვალებას არ მაძლევს
ა.შ. 2024-02-06 15:22
უნიჭიერესი გოგო ხარ ????
ბევრმა არ იცის რომ საოცარი ჩანსხატები გაქვს და იმედია მაგ ნიჭითაც გაგიცნობს საზოგადოება.
წარმატებები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები