თეა მჭედლიძის საოცარი თექის დეკორაციები და მასტერკლასი "შინის" მკითხველებისთვის

თეა მჭედლიძე პროფესიით მხატვარია. ხატვა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო. ამბობს, რომ მხატვრობა მისი ბავშვობის ახდენილი ოცნებაა. ხატვის გარდა ქარგავს, კერავს. ხელოვნება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თეა საოცარ ნახატებს, დეკორაციებს ქმნის, რომელიც მნახველში დიდი აღფრთოვანებას იწვევს.

- პროფესიით მხატვარი ვარ, ხელსაქმეც მიტაცებდა - ქარგვა, კერვა. დავამთავრე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელი და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით. ბევრს და ნაყოფიერად ვხატავდი, ამჟამად გატაცებული ვარ თექის ხელნაკეთობებით.

- როდის გაგიტაცათ თექაზე მუშაობამ?
- აკადემიის დასრულების შემდეგ, შემოქმედებითი კრიზისი დამეწყო, ხელში ფუნჯს ვეღარ

ვიღებდი და თან ამავდროულად უმოქმედობაც მტანჯავდა... რაღაც მომენტში ყურადღება მივაქციე მატყლს (აქამდე მასთან შეხება არასდროს მქონია), მომინდა, ფერადი მატყლით თოჯინები და ნახატები შემექმნა და ასე საღებავის ალტერნატიული მასალით მოვუბრუნდი მხატვრობას. ახლა „ვხატავ“ მატყლით. თექაში მაქვს შექმნილი გერგეთის და მყინვარის პეიზაჟები, სხვადასხვა თემის ფერად-ფერდი კომპოზიციები და თოჯინები, რომლებიც დიდი მოწონებით სარგებლობს. მატყლის დათექვის ორნაირი ხერხი არსებობს - მშრალი და სველი. მე მხოლოდ მშრალი ტექნიკით ვმუშაობ. არსებობს სპეციალური ნემსი, რომლის საშუალებითაც ხდება მატყლის დათექვა. მას სველი ტექნიკისგან ის გამოარჩევს, რომ მატყლი ინარჩუნებს ჰაეროვნებას და სიმსუბუქეს.


თექას 2011 წლიდან დავუმეგობრდი და მას შემდეგ ამ დარგში ვიხვეწები. გამოფენებშიც აქტიურად ვმონაწილეობ, არის ხელნაკეთი ნივთების ყოველწლიური საშობაო და სააღდგომო გამოფენა-ბაზრობები, ასევე ფესტივალები და დღესასწაულები, სადაც მეც სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას. თუმცა ჩემთვის უფრო სასიამოვნოა ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობა, რადგან ამ დროს კონკრეტული ნივთი კონკრეტული ადამიანისთვის იქმნება. ეს კიდევ სხვა დონის „ჯადოქრობაა“.


2015 წელს გავწევრიანდი საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციაში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ორგანიზაცია არსებობს, ის ზრუნავს საქართველოში მცხოვრებ და სხვადასხვა დარგში მოღვაწე ოსტატებზე. ახალისებს მათ შრომას და ხელს უწყობს, რომ ხელნაკეთი ნივთების შექმნა ახალი თაობისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. თან რეალიზაციაშიც ეხმარება. ასოციაციას ჩამოჰყავს უცხოელი სპეციალისტები, ისინი ატარებენ ტრენინგებს, სემინარებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ცოდნას გვძენს და გვეხმარება საქმიანობის სწორ ორგანიზებაში.

- იდეები საიდან მოდის?
- ჩემი იდეების წყარო ბუნებაა, კიდევ, ბავშვობის საყვარელი წიგნები და მულტფილმები, ზღაპრული სამყარო - ფერიები, ჯუჯები, ანგელოზები... ბოლო რამდენიმე წლის თექის ნამუშევრებს რომ გადავხედოთ, ჩემი პერსონაჟები არიან პატარა უფლისწული, პეპი, მგელი და კრავი, თოვლის გუნდა, ნამცეცა, ვინი პუჰი, კარლსონი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ბალერინები, ანგელოზები, ელფები, დედაშვილობის თემა, შობის თემა.


- თექის გარდა რა მასალაზე მუშაობთ?
- ვმუშაობ ბევრ სხვადასხვა მასალაში. მატყლი იქნება ეს, ფეტრი, საღებავი, მძივები, ქაღალდი, ბისერი, ვიტრაჟის საღებავი, ხე, მავთული და სხვა. ყოველთვის რაღაც ახალი გამიტაცებს და მას აუცილებლად პრაქტიკაში ვანხორციელებ. რამდენიმეს ჩამოვთვლი, ვაკეთებდი ვიტრაჟებს, სიზმრის დამჭერებს, მავთულისგან ვწნიდი „ბუდის“ და „სიცოცხლის ხის“ გულსაკიდებს, მოხატული ხის გადანაჭრები-გულსაკიდები, საყურეები, ფეტრის ბროშები, ორიგამში შევქმენი კუსუდამები, ასევე ვქარგავ ნახატებს და ა.შ. შესაბამისად სამუშაო იარაღების ასორტიმენტიც ფართოა - ძირითადად ეს მაკრატელი, ბრტყელტუჩა, სეკატორი, ნემსი, ძაფი და წებოა. 

- ერთი დეკორაციის შექმნას რამდენ ხანს უნდებით?
- გააჩნია იმ დეკორს, რასაც ვქმნი. ყოველი ნამუშევარი თავისებურია და შესაბამისად თავის დროს ითხოვს შესაქმნელად. არის ნამუშევრები, რომლებიც დამიწყია და რაღაც სტადიის იქით ვეღარ წავსულვარ, გასულა წელი და უცებ გადმომიღია თაროდან და დამისრულებია. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ეს შინაგან კარნახზეა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში მე უბრალოდ შემსრულებელი ვარ.

- ყვავილებთან და მცენარეებთან რა დამოკიდებულება გაქვთ?
- მცენარეებთან და ბუნებასთან ძალიან ახლო და თბილი დამოკიდებულება მაქვს, მე ამით ვცოცხლობ. ის ენერგიით და ხალისით მავსებს. ბავშვობიდან კერძო სახლში გავიზარდე და ეზო, ბუნება ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა. პატარაობიდან მშობლებს შაბათ-კვირას ლაშქრობებში დავყავდით. ზაფხულში კი ხან აგარაკზე, ხან სოფელში ვისვენებდით. მოვლილი გვაქვს თითქმის მთელი საქართველოს მთა-ბარი.


ახლაც, ერთი კვირა რომ არ გავიდე სადმე ბუნებაში, უკვე ძალა მეცლება. ამჟამად მეუღლესთან ერთად ბინაში ვცხოვრობთ. სივრცის სიმცირის გამო იძულებული ვარ ყვავილისა და მცენარის რამდენიმე ქოთნით შემოვიფარგლო. 2 წლის წინ ყველაფერი ერთი მინიატურული ბაღით დაიწყო. მეუღლემ დაინახა რა ჩემი დიდი სიყვარული ყვავილების მიმართ, თავისი ხელით ხის თარო გამიკეთა. ასე გაჩნდა მწვანე კუთხე ჩვენს სახლში, მაგრამ უკვე ისიც აღარ მყოფნის. ლაშა მეხუმრება - ცოტა ხანში შენთვის ბოტანიკური ბაღიც პატარა გახდებაო. ყვავილების მოშენება ძალიან აზარტული საქმეა და შეყოლა იცის.

შარშან მაისში ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა, ვეწვიეთ ჰოლანდიას და კერძოდ კოკენჰოფის პარკს, რომელიც დამთვალიერებლისთვის გაზაფხულზე მხოლოდ ორი თვით იღება. ეს იყო საოცრება, ჯერ ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. უკვე ახალი ოცნება მაქვს, რომ საქართველოშიც შეიქნას კოკენჰოფის მსგავსი პარკი. საოცარი სანახავი იყო, ბუნებისა და ადამიანის ერთიანი შემოქმედება. ვფიქრობ, ასეთი სილამაზეების ნახვით ადამიანები უფრო ჰარმონიულები და ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულები გახდებიან. ამ პარკის დასათვალიერებლად ხალხი მთელი მსოფლიოდან იყო ჩამოსული, ვის არ შეხვდებოდი და საოცარი ის იყო, რომ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა და სიყვარული სუფევდა, ყველა მშვიდად დასეირნობდა და ბუნების და ყვავილების სილამაზით ტკბებოდა.

თეამ მასტერკლასიც ჩაგვიტარა და ჩვენს მკითხველებს გამოცდილება გაუზიარა:

მასტერკლასი 1. მინიატურული თექის ყვავილი
მისათვის დაგვჭირდება მინიატურული თიხის ქოთანი, ფერადი ფეტრის ნაჭერი ყვავილის და ფოთლების გამოსაჭრელად, მცირე რაოდენობის ქართული მატყლი „მიწისთვის“, ბუსუსა მავთული ყვავილის ღეროსთვის (თბილისში ამ მასალების შეძენა შეიძლება კოლმეურნეობის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში).

მუშაობის პროცესისთვის ასევე დაგჭირდებათ დამხმარე იარაღები: ბრტყელტუჩა, პისტოლეტი წებო, მაკრატელი, სათექი ნემსი (ნემსით ფრთხილად უნდა დათექოთ, ის ძალიან მახვილია და თუ ხელზე იჩხვლიტეთ საკმაოდ მტკივნეულია), ღრუბელი, რაზეც ნემსით დათექვა ხდება (ამ შემთხვევაში პატარა ჭურჭლის სარეცხი ღრუბელიც საკმარისი იქნება). ავიღოთ სასურველი ფერის ფეტრის ნაჭერი და მასზე მოვხაზოთ წრე, დიამეტრით დაახლოებით 10 სმ. ამოვჭრათ და ცენტრისკენ სპირალურად ჩავჭრათ 2,5 სმ სიგრძის ლენტად.


გავამზადოთ ყვავილის ღერო. ავიღოთ ბუსუსა მავთული, დაახლოებით 15 სმ სიგრძის და მასზე ჯერ თავში დავახვიოთ ყვითელი ფერის მატყლი - ყვავილის გულისთვის, ხოლო შემდგომ მწვანე ფერით გავაგრძელოთ ბოლომდე, ბოლოს დავაფიქსიროთ ნემსით, რათა დახვეული მატყლი არ ჩამოიშალოს. ვიღებთ ყვავილისთვის სპირალურად მოჭრილ ფეტრის ნაჭერს და სპირალის შიგნიდან გარეთ ვახვევთ ყვავილს ღეროზე, ბოლოში ფეტრის კუთხეს დავაფიქსირებთ ცხელი წებოს დახმარებით (ასევე შეიძლება შეუმჩნევლად ძაფით მიკერება). შემდგომ ამოვჭრით ორ ფოთოლს და მზა ყვავილის ღეროს ბოლოში მივუმაგრებთ, ისე რომ „მიწიდან“ ამოსულს ჰგავდეს. და ბოლო ეტაპი - ყვავილის ძირზე ფოთლებთან შემოვახვევთ მწვანე ან ყავისფერ მატყლს და ჩავდებთ ქოთანში, ვიწყებთ ფრთხილად მისი ნემსით დათექვას (ჩატკეპნას). ეს მატყლი ქოთნის ფორმას რომ მიიღებს, ყვავილიანად ფრთხილად ამოვიღოთ და ძირზე წავუსვათ წებო და ისევ დავაბრუნოთ ქოთანში. ამიერიდან ის ქოთნიდან აღარ ამოვარდება.


თექის ყვავილის გარდა, ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ თექის კაქტუსი, რომელიც მარად იყვავილებს და მორწყვა არ დასჭირდება.


მასტერკლასი 2. მინიატურული ბაღი საკუთარი ხელით.
ბევრ თქვენთაგანს ბინაში პატარა სივრცე აქვს, არადა ბაღის ქონა სურთ. არსებობს მშვენიერი გამოსავალი - მინიატურული ბაღი, რომლის შექმნა არც ისე რთულია და მისი მასალაც ადვილი საშოვნელია)). შექმნის პროცესში ჩართეთ ბავშვებიც, ამით მათ ძალიან გაახარებთ და თან მიწასთან, მცენარეებთან მუშაობის გამოცდილებასაც შესძენთ.


ამისათვის პირველ რიგში დაგჭირდებათ თქვენი ფანტაზია და სხვადასხვა მასალა, მაგალითისთვის: დაბალი და ფართე ქოთანი, რამდენიმე მინიატურული მცენარის ნერგი, ტოტები, ხავსი, ხის ქერქი, მავთული, კანაფის ძაფი, თიხის ქოთნის ნატეხები, კბილის ჯოხები, ზღვიდან ჩამოტანილი კენჭები, ნიჟარები, მინა, დეკორატული აქსესუარები (კერამიკის ფიგურები) და ა.შ. მუშაობის პროცესისთვის ასევე დაგჭირდებათ დამხმარე იარაღები: პატარა ნიჩაბი (მიწის ჩასაყრელად და ნერგების ჩასარგავად), მაკრატელი კანაფის თოკისთვის), ბრტყელტუჩა (მავთულისთვის), სეკატორი ან მაკრატელი (ტოტების გადასაჭრელად).
შევუდგეთ საქმეს. პირველ რიგში ქოთანში ჩავყაროთ ორგანული სასუქით შეზავებული მიწა. განვსაზღვროთ კომპოზიცია, ანუ ქოთანში ერთი ელემენტი ყველა სხვა დანარჩენზე მაღლი უნდა იყოს, რომელიც ცენტრიდან ოდნავ გვერდზე ჩაირგვება. სასურველია შეირჩეს ისეთი მცენარე ან ყვავილი, რომელიც უპრეტენზიოა და ადვილად გასახარებელია. ჩავრგოთ მცენარე/მცენარეები და მოვრწყათ. ჩარგვის შემდეგ ვიწყებთ ქოთნის სივრცის მორთვას. შეიძლება შუშის კენჭებით გაკეთდეს მინიატურული ტბა (იმისათვის რომ მინამ იბზინოს შეგიძლიათ დაასხათ ლაქი), ჩაიდგას მინიატურული ხის კიბე (ხის ჩხირებისგან), ტოტებისა და მავთულის მეშვეობით მოიწნას პატარა ღობე, რომელიც ლამაზად გამოყოფს ამ სივრცეს.

შეიძლება მინიატურული დეკორატიული ფიგურების, სახლების ჩადგმა. მოკლედ ეს ყველაფერი უკვე თქვენს გემოვნებაზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მთავარია, ზედმეტად არ მორთოთ, დაუტოვეთ სივრცე, ხომ იცით სილამაზე სისადავეშია. დროთა განმავლობაში შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილებები. მოკლედ, მინი ბაღი ძალიან საინტერსო და განვითარებადი პროექტია. გთავაზობთ ჩემი მინიატურული ბაღების ფოტოებს. ჩემი მინი ბაღი თავდაპირველად და ახლა, ორი წლის შემდეგ.
არსებობს მინიატურული ბაღის უფრო მარტივი ვარიანტი, როდესაც მაგალითად დიდი მცენარე გეზრდებათ ქოთანში და მის ძირთან ცარიელი მიწაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი სივრცე და მორთოთ სხვადასხვა დეტალებით. მე ჩემ ავოკადოს ნერგს ასე გავუფორმე ძირი.
ჩემგან პატარა რჩევა მათთვის, ვისაც სახლში ქოთნის ია გაქვთ, როდესაც იას ყვავილები სცვივა, არ იჩქაროთ მათი გადაყრა, რადგან ისინი დიდხანს ძლებენ. შეიძლება მათი წყლიან ფიალაში მოთავსება და მაგიდის დეკორირება, ან სხვა მწვანე მცენარის ფოთლებზე დადება. დამიჯერეთ საუცხოოდ გამოიყურება.

მერი ბლიაძე

კომენტარები

tamara 2016-05-23 11:38
ra lamazia kvelaferi, yochag tkven. carmatebebi :)

კომენტარის დამატება