როგორ შეიძლება დაწნათ ქაღალდით კალათა ან ლარნაკი? - ხელოვანის მასტერკლასი

ლალიკო მაღრაძე ქაღალდების დაწვნის ხელოვნებით არის დაკავებული. იგი გვიამბობს, თუ საიდან იღებს სათავეს, როგორ ვითარდებოდა და იხვეწებოდა ეს კულტურა. ამასთანავე გაგვიზიარებს და გვასწავლის ქაღალდებისგან ულამაზესი დეკორაციის შექმნას.


- ქაღალდების დაწვნის ხელოვნება უძველესია. უძველესი დროიდან მოწნული ნივთებით სარგებლობდნენ ადამიანები, განსაკუთრებით ჭურჭელს წნავდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა - აფრიკა, აზია, ავსტრალია, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა. თავდაპირველად ქსოვდნენ ლერწმის, ბამბუკის, ვაზის და ჩალის ხის ფესვებით, ასევე ბალახებითაც, რითიც ძირითადად ტანისამოსი იქსოვებოდა. უძველესი მოწნული ნივთები ეგვიპტეში და ახლო აღმოსავლეთშია აღმოჩენილი. მაგალითად ექსპედიციის დროს ტუტანჰამონის

საფლავში იპოვეს ორი კარგად შემონახული მოწნული სკამი. ძველ რომში კი ძირითადად იყენებდნენ წნელებს ავეჯის მოსაწნელად, ვაზის ხის ქერქისგან კი გლადიატორები ფარებს იკეთებდნენ. წნელებით დაწვნა ერთადერთი ხელობაა, რომლის ტექნიკაც საუკუნეების მანძილზე პრაქტიკულად არ შეცვლილა. რაც შეეხება ქაღალდით დაწვნის ხელოვნებას, მასაც თითქმის ყველა ქვეყანაში უძველესი ისტორია აქვს. ის დაახლოებით 8500 წელს ითვლის. ქაღალდით შექმნილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი ორიგინალურობითა და მრავალფუნქციურობით გამოირჩევა.


- ბავშვობაშიც გაინტერესებდათ ხელნაკეთი ნივთების შექმნა?
- დიახ ბავშვობიდან, რაც ჩემი თავი მახსოვს სულ რაღაცას ვაკეთებ. თავდაპირველად დავიწყე ნაჭრის თოჯინების კერვა, ქსოვა, შემდეგ ქარგვამ გამიტაცა, ვქარგავდი და ვკერავდი ჩანთებს. იყო პერიოდი, როდესაც აღმოვაჩინე თიხის შემცვლელი ტექნიკა, რომელიც მარილიანი ცომისგან მზადდება და რითაც ძალიან საინტერესო ნივთების და აქსესუარების შექმნა შეიძლება.


- ქაღალდზე მუშაობა როდის დაიწყეთ? თვითნასწავლი ხართ თუ ვინმემ გასწავლათ?
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და ახალ-ახალი ხელობის სწავლის ექსპერიმენტებით აღმოვაჩინე ქაღალდის დაწვნის ხელოვნებაც, ეს იყო 4 წლის წინ. შაბლონური აქსესუარებითა და ნივთებით ავსებულ თანამედროვე სამყაროში ცდილობ მასას გამოეყო და რაღაც განსხვავებული შექმნა, გააკეთო. ვიძიებ სხვადასხვა ინფორმაციას, ვსწავლობ, მოკლედ გამუდმებით ვმუშაობ საკუთარ თავზე, რამაც აქტიურად გამიტაცა და დღესდღეობით ქაღალდით დაწვნის ხელოვნება ჩემს მეორე პროფესიადაც იქცა.

- დეკორაციის შექმნის დროს ქაღალდის გარდა რა მასალაა საჭირო?
- თვდაპირველად მზადდება ქაღალდის ჩხირები, რომლებიც კალათის ან რაიმე სხვა ნივთის მოსაწნავად გვჭირდება, ასევე საჭიროა წებო, სხვადასხვა საღებავი, ლაქი და კიდევ ბევრი სხვა აქსესუარი, რომელიც უკვე შემდგომ მოწნული ნივთის გასაფორმებლად გამოგვადგება. ეს უკვე ინდივიდუალურია, გემოვნების და ფანტაზიის შესაბამისად.

- რამდენად მყარია ქაღალდისგან შექმნილი დეკორაცია?
- საკმაოდ მყარი გამოდის ქაღალდით შექმნილი ნივთები. რა თქმა უნდა, დამუშავების შედეგად ვიღებთ ხის იმიტაციას, ამიტომ შეიძლება ითქვას, ქაღალდით მოწნული კალათები ჩალით მოწნულ კალათებზე 100-ჯერ მეტად პრაქტიკულია, არ არის მტვრევადი, არ ფუჭდება, სუნთქავს კიდეც. დამუშავების სხვადასხვა ტექნიკა არსებობს, ძირითადად მხოლოდ ლაქით ფარავენ, მე ჩემი ტექნოლოგია შევიმუშავე, რითაც მოწნული ნივთები უფრო მეტად მყარი და გამძლე გამოდის.

- ხელოვანთან ერთად ხართ ქველმოქმედიც...
- ქველმოქმედი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა მქონდა ორი გამოფენა, რომელიც სპეციალურად გაჭირვებული ოჯახებისა და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მოვაწყვეთ. იქნება მცირედით მაინც შევძლოთ ვინმეს გვერდში დადგომა და დახმარება. ვიმედოვნებ, მომავალშიც შევძლებ ასეთი საქველმოქმედო გამოფენების მოწყობას სხვადასხვა ხელოვანთან ერთად. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი სითბო და სიკეთე გავუზიაროთ ერთმანეთს.

- რა დრო სჭირდება ერთი დეკორაციის შექმნას? სახლის პირობებში, არაპროფესიონალებისთვის რამდენად ხელმისაწვდომია სახლის ლამაზი დეკორაციის შექმნა?

- ქაღალდით მოწვნა ძალიან შრომატევადი, მაგრამ ამავე დროს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ჩემს შექმნილ თითოეულ კალათში ძალიან დიდ შრომასა და ენერგიას ვდებ. კონკრეტული დროის თქმა რთულია, გამომდინარე იქიდან, რა სახის კალათს ვწნავთ. მქონია შეკვეთები, რომლის მოსაწნავად, დასამუშავებლად და საბოლოო სახის მისაღებად 2 თვეც დამჭირვებია. სახლის პირობებში მოყვარული ხელოვანისთვის არაა რთული პატარა კალათების, საფანქრეების, ზარდახშების და მსგავსი ნივთების შექმნა. მთავარი სურვილი და მონდომებაა, მიუწვდომელი და რთული არაფერი არაა.

- ასწავლეთ რამე "შინის" მკითხველს.
- ვეცდები ჩვენს მკითხველს თანამიმდევრობით მოვუყვე, თუ რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ სასურველი კალათა მოვწნათ. თავდაპირველად ვაგროვებთ მაკულატურას და ვამზადებთ ქაღალდის ჩხირებს, შემდეგ ვაკეთებთ მონახაზს, თუ რის შექმნა და მოწვნა გვსურს. ვამზადებთ კარკასს, შემდეგ ვიწყებთ ამ კარკასის მოწვნას. მოწვნას ვიწყებთ 3 ჩხირით, ზემოდან ვადებთ ქილას, რომ სწორი და სასურველი ფორმა მივიღოთ, ვიღებთ ერთ ჩხირს და ვადებთ ზემოდან მეორეს, ისე, რომ იკვეთებოდეს, ქვედა ჩხირს ვწევთ მაღლა და ვადებთ ისევ მომდევნოს, მომდევნოს ქვედა ჩხირს ვწევთ მაღლა და ვადებთ ისევ მომდევნოს, და ასე მივყვებით მთელ წრეზე, სანამ სასურველ ზომას და სიმაღლეს არ მივიღებთ.

დაწვნის ბოლოს დარჩენილ თავებს შემოვაჭრით, ჩავუკეცავთ და მივაწებებთ შიდა მხრიდან, ან როგორც მოგიხერხდებათ. როდესაც სასურველი ფორმის ნივთის დაწვნას დავასრულებთ, გადავდივართ მეორე ეტაპზე, ანუ ნივთის დამუშავებასა და შეღებვაზე. ვარჩევთ სასურველი ფერის საღებავს (მე ყველა საღებავს ვიყენებ, რაც კი ხელთ მაქვს) და ვუცდით გაშრობას. მესამე ეტაპი - ლაქით დაფარვაა, რათა მოწნული ნივთი მეტად ლამაზი და მყარი გახდეს. გისურვებთ წარმატებებს!


მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები