ცნობილი "თევზების" ქართველი ავტორი - მხატვარ-კერამიკოსი ქალბატონი, რომლის ნამუშევრებსაც შეცდომით მის ქმარს მიაწერდნენ


რამდენიმე თვის წინ ჩვენს საიტზე დაიწერა სტატია, რომელიც ერთ დროს ჭურჭლის ძალიან პოპულარულ ნაკრებს „თევზებს“ ეხებოდა. სტატიას ამ ნაკრების ავტორის ქალიშვილი მანანა ბარამიძე გამოეხმაურა და „თევზებთან“ დაკავშირებით ბევრი დეტალი დაგვიზუსტა.

ქალბატონი მანანა კერამიკოსების - საქართველოს დამსახურებული მხატვრების აბესალომ და მერი ბარამიძეების შვილია. სწორედ, მასთან ინტერვიუში გავარკვიეთ ცნობილი ნამუშევრის - "თევზების" ნაკრების ნამდვილი ისტორია.

მანანა ბარამიძე:
- საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე ისწავლებოდა ფაიფური. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრების ძველი ფოტოები რომ ნახოთ, გაკვირვებული დარჩებით. მერე რატომღაც ჩაკვდა ეს მიმართულება, ამიტომ
ჩემმა მშობლებმა დიპლომი ლენინგრადში დაიცვეს და 1952 წელს იქვე იქორწინეს. მომდევნო წელს მამა რიგის ფაიფურის ქარხნის მთავარ მხატვრად დანიშნეს. იმ პერიოდში თბილისში გაიხსნა ნავთლუღის ფაიანსის საწარმო და კადრები სჭირდებოდათ. ვფიქრობ, რომ მამა ამის გამო გაგზავნეს რიგაში, სადაც ოჯახთან ერთად წავიდა, ჩემი და თვეებისა იყო. მე 5 წლის შემდეგ დავიბადე. რიგაში დედა საამქროს უფროსად მუშაობდა. საქართველოში რომ დაბრუნდნენ, მამამ აქ გააგრძელა მუშაობა. აბესალომ ბარამიძე ფაიფურის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იყო, მას ყველგან იწვევდნენ სამუშაოდ. დედა სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, პროფესორი გახლდათ. დაქორწინების დროს, დედაჩემმა, მერი ჯალაღანიამ, მეუღლის პატივისცემის ნიშნად, მისი გვარი მიიღო, რამაც მოგვიანებით პრობლემები შეუქმნა. ყველა გამოფენაზე, როგორც კი გვარი ბარამიძე გაჟღერდებოდა, მის ნამუშევრებს მექანიკურად აბესალომს მიაწერდნენ ხოლმე, რადგან მამას სახელი ცნობილი იყო, დედა კი სახლში იჯდა ბავშვების გამო. 8-10 წლისა ვიქნებოდი, როცა დედაჩემი „აჯანყდა“ და თავისი გვარი დაიბრუნა.


- ისე მოხდა, რომ თავიდან „თევზების“ ავტორად აბესალომ ბარამიძე მიიჩნეოდა, ინტერნეტწყაროებში დღესაც ასეა მითითებული. არადა, სინამდვილეში ქალბატონი მერის ნამუშევარია.
-თქვენ წარმოიდგინეთ, მე თვითონაც მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ეს ნამუშევარი მამას ეკუთვნოდა. ჯერ ერთი მეთევზე იყო და თევზებზე გიჟდებოდა, უამრავ ფიგურას ქმნიდა, ძერწვა ეხერხებოდა და სულ თევზებს ძერწავდა. ძალიან გვიან გავიგე, რომ დედასი იყო. როგორ გავიგე? მეც ფაიფურის სპეციალისტი ვარ (ჩემი დაც კერამიკოსია, ამერიკაში ცხოვრობს) და ზუგდიდის ფაიფურის ქარხანაში ვმუშაობდი. იქ მეგობარმა მაჩვენა, ყალიბი აუღია - ნახე, რა კარგი რამეაო და მამაჩემისაა-მეთქი, რომ ვუთხარი, გაკვირვებული დარჩა. მე სახლში მოვყევი ეს, როგორც ამბავი და დედაჩემი აღშფოთდა: ეგ მამაშენისა კი არა, ჩემიაო!

- რისთვის არის განკუთვნილი ეს სერვიზი?
- ის არ იყო ღვინის სერვიზი, როგორც დღეს ჰგონიათ, მას თავიდანვე „ლიკიორნიცას“ ეძახდნენ. საკავშირო მასშტაბით ღვინის სერვიზს არავინ გააკეთებდა (საქართველოსთვის შეიძლება), მერე ფორმაც ისეთია - ჭინჭილადან ღვინოს როგორ დალევ? თევზი ზომაში შემცირდა იმიტომ, რომ ეტყობა დედაჩემის გაკეთებულ ორიგინალ ნიმუშს პირდაპირ აუღეს ყალიბი და ისე ჩამოასხეს. ამ დროს აუცილებლად მცირდება ზომები, ამან გამოიწვია ცდომილება. როგორც წერენ, უკრაინის ქარხანა უშვებდა - თვალით არ მინახავს ის უკრაინული სერვიზი და არც გამიგონია ამის შესახებ. თუ რეალურად არსებობს მათი სერვიზი, ძალიან მაინტერესებს და მინდა ვნახო, რაზეა ლაპარაკი. თევზის სერვიზის სულ სამი ვარიანტი არსებობდა: თეთრი წითლით მოხატული, მუქი ლურჯი კობალტი ოქროთი მოხატული და მოცისფრო-მოლურჯო სახის. სხვა ვარიანტი არ შემხვედრია. იაპონიაში გამოფენაზე რომ მოხვედრილიყო, ამით ხომ დედაჩემი მთელი ცხოვრება იამაყებდა, ესეც არასწორია. მოხატულობის ავტორი ოლგა სელეზნიოვა - ვინ არის, წარმოდგენა არა მაქვს, ანდა ვის ჰქონდა უფლება, რომ ამ სახის სერვიზის ანალოგი გაეკეთებინა.


-თქვენ საუბრობთ სავტორო უფლებების დარღვევაზე...
-სწორედ მაგას ვამბობ. მე ვარ შემსწრე, რომ სადღაც 70-იან წლებში, დედას ჰქონდა მიწერ-მოწერა საკავშირო კულტურის სამინისტროსთან, ითხოვდა გარკვეულ თანხებს, რადგან დააფიქსირა, რომ ქარხანა იმ დრომდე უშვებდა სერვიზს. ანაზღაურება ხდება ორი გზით: როცა ნიმუში კეთდება, ან ქარხანა მაშინვე ერთჯერად დიდ თანხას უხდის მხატვარს, ან აძლევს გაყიდვებიდან პროცენტს. მაშინ პატარა ვიყავი და არც ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრამ დედა რომ დავობდა სამინისტროსთან, ეს კარგად მახსოვს. ბოლოს ხელი ჩაიქნია, მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა.

-მშობლების სხვა ნამუშევრებზე გვიამბეთ...
- მამა არაფერს აღრიცხავდა. ხელოვნებათმცოდნეები თავად დასდევდნენ, რომ გაეგოთ, რომელია მისი ნამუშევრები და სად არის? თბილისში ბევრგან შეხვდებით მამას ნაკეთობებს. ჩემს ბავშვობაში ბროლის მაღაზია იყო ოფიცერთა სახლის წინ, ბესიკის ქუჩის ასახვევთან. მაღაზიის შესასვლელში იდგა მამას გაკეთებული ორი უზარმაზარი კობალტის ლარნაკი და ზედ ფუნიკულიორი ეხატა, რომელიც მაშინ ახალი გახსნილი იყო. ილია ჭავჭავაძის სახლის თავზე ორი დიდი ლარნაკიც მამასია. ჰქონდა სხვა წვრილმანი ნამუშევრებიც. დედა უფრო მოწესრიგებული იყო მაგ მხრივ, წიგნებიც გამოუშვა და თავისი კატალოგიც აქვს. საოცარია, მაგრამ დედას ორი ნამუშევარი გაქრა: „თამარ მეფე“ - სამხატვრო აკადემიის ფონდიდან და მეორე მისი სადიპლომო ნამუშევარი - „ლიქიორის კომპლექტი“, რომელიც ირანულ სტილში, ძალიან გრძელი ყელით გააკეთა. მაგას კინაღამ გადავყევით მთელი ოჯახი, გამოფენიდან დაიკარგა. იცით, რა რთულია ფაიფურზე მუშაობა? ათი უნდა გააკეთო, რომ ერთი გამოვიდეს...
დღეს ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ არიან. მამა 2003 წელს გარდაიცვალა, დედა - 10 წლის წინ. ორივე 1926 წელს იყო დაბადებული, 2026-ში ასი წელი შეუსრულდებოდათ .

ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები