რა უნდა იცოდეთ ბინისა და სახლის ინტერიერის დაგეგმვისას - არქიტექტორის რჩევები

რამდენიმე წლის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მეტად ორიგინალური შენობა აიგო, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. კარგად მახსოვს, რომ შენობის ნახვისთანავე მოვიხიბლე თანამედროვე არქიტექტურით და მისი ფუნქციით დავინტერესდი. ერთხელაც მოქანდაკეთა საზოგადოებაში აღმოვჩნდი, სადაც სწორედ ამ შენობის ავტორი - არქიტექტორი, დიზაინერი და მოქანდაკე ლევან ჩლაიძე წარმიდგინეს.

ბატონ ლევანს თანამედროვე არქიტექტურასა და დიზაინზე, სახლის მოწყობაზე, შემოქმედებით პროცესებსა და ზოგადად, ხელოვნებაზე ვესაუბრე.



- თქვენ არაერთი შენობა დააპროექტეთ, მათ შორის არასაცხოვრებელიც. რით განსხვავდება სახლის დიზაინი სხვა შენობებისაგან?

- სახლი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, მისი მუდმივი

სამყოფელია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომფორტულობით გამოირჩეოდეს, ასახავდეს მფლობელის ხასიათს და შეესაბამებოდეს მისი ცხოვრების სტილს. ყველას უნდა, რომ მისი სახლი განსაკუთრებული, საინტერესო და მყუდრო იყოს, სადაც ყოველ საღამოს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ გსიამოვნებს დაბრუნება. ამიტომ პროექტზე მუშაობისას ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ისეთი მყუდრო კუთხე იყოს, სადაც ადამიანი სრულყოფილად დაისვენებს, სტუმარს მიიღებს, განიტვირთება.



ოფისებსა ან დაწესებულებებში კი პირიქით, არ არის საჭირო მონოტონური და მშვიდი დიზაინი, ოდნავ გამაღიზიანებელიც შეიძლება იყოს, რადგან იქ სულ სხვა სახის აქტივობა გჭირდება, სამსახურში შეიძლება ცოტა იფორიაქო კიდეც. სახლი კი ერთგვარი ნავსაყუდელია და აუცილებლად დასასვენებლად უნდა განგაწყობდეს.

- როგორ იწყებთ სახლის პროექტზე მუშაობას, სტანდარტული მიდგომა ხომ არ გაქვთ?

- სახლის ექსტერიერზე მუშაობისას ინტერიერსაც ვითვალისწინებ, ყოველთვის მაინტერესებს, სად რა იქნება განთავსებული. რაც შეეხება სტანდარტულ მიდგომას, ჩემი აზრით, ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა მიუდგე, - ან რელიეფია სხვა ან ხედი და კიდევ უამრავი რამ. რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ საძინებლები მზის მხარეს იქნება, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამოდის. არასტანდარტული შემთხვევები ხშირად მეტად ორიგინალურ იდეებს გკარნახობს და საკმაოდ საინტერესო შედეგამდე მიდიხარ.



- რომელი სივრცეა სახლის ინტერიერში უპირატესი?

- რატომღაც მომხმარებლებმა საერთოდ არ იციან, რა არის წინკარი (ჰოლი) და მას დაკარგულ ადგილად მიიჩნევენ, მაშინ როდესაც ეს სივრცე ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთული ადგილია სახლისთვის. ყველაზე ეფექტური სწორედ წინკარი უნდა იყოს, რადგან ის გიქმნის განწყობასა და პირველ შთაბეჭდილებას, წინკარით შეგიძლია იმსჯელო მთელ სახლზე და მის მეპატრონეზეც კი.

ჩემი აზრით, სახლის ინტერიერის ნებისმიერ სივრცეში დასვენების ელემენტი უნდა შეიტანო. მაგალითად, სამზარეულო ხომ აქტიური ადგილია, მაგრამ იქაც უნდა ისვენებდე, აბაზანაში - თავისთავად, მისაღებშიც. ეზოც კი ისე უნდა დაგეგმო, რომ რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებული და მყუდრო დასასვენებელი კუთხე შექმნა.



ცალკე თემაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბავშვო ოთახი: ის აუცილებლად უნდა იყოს ნათელი, მზის მხარე. ბავშვს უნდა ჰქონდეს სივრცე, ზოგი მიიჩნევს, რომ ბავშვს პატარა ოთახიც ეყოფა, მაგრამ ეს არასწორია. სამეცადინო კუთხე ცალკე უნდა იყოს, სათამაშო კუთხე - ცალკე, აუცილებელია დამოუკიდებელი სველი წერტილებიც. საქართველოში ზოგი რატომღაც საძინებლებს უკეთებს სველ წერტილებს და საბავშო ოთახებს არა, არადა, ეს აუცილებელია. აგრეთვე ბავშვის ფსიქოლოგიისთვის მნიშვნელოვანია, როგორი განათება იქნება ღამით, ძალიან არ უნდა ბნელოდეს, დაბალი განათება მაინც უნდა იყოს, როდესაც ბავშვს გაეღვიძება, მას უნდა შეეძლოს ორიენტაცია დამოუკიდებლად.

- რამდენად მეტყველებს სახლის დიზაინი მის მფლობელზე?

- თუ გემოვნებიან ინტერიერში შედიხარ, დარწმუნებული იყავი, რომ პატრონი გემოვნებიანია. გემოვნება არ ნიშნავს რომელიმე კონკრეტული სტილის დაცვას, ნებისმიერი სტილი შეიძლება იყოს, ან საერთოდ არ იყოს, ეკლექტიკაც მისაღებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეტყობა, რომ მხატვარს აქვს ნამუშევარი და რადგან მას დაუჯერეს, ესე იგი მეპატრონეც გემოვნებიანია, ან ჭკვიანი.

- რა ხელის შემშლელი ფაქტორები შეიძლება არსებობდეს დიზაინის შექმნისას?



- ალბათ, ყველაზე უსიამოვნოა, როდესაც დიდი ფართობი და დაბალი ჭერია. მაგალითად, როდესაც აკეთებ მისაღებს, ან დარბაზს და უნდათ, რომ დიდი დარბაზი ჰქონდეთ, არადა ჭერი დაბალია, შეფარდება შესამჩნევად ირღვევა და ვიზუალურად ულამაზო გამოდის. იგივეა, თუკი პატარა ფართია და მაღალი ჭერი. ესეც დარღვევაა და დარღვეული პროპორციები დაუსრულებლის განცდას გიჩენს, რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. როდესაც რაიმე მკვდარ, ოთხკუთხა ოთახს ვაპროექტებ, ყოველთვის ვცდილობ მის გაცოცხლებას რაღაც დეტალით, ან ფანჯარა უნდა ჩაჯდეს სადმე, ან ექსტერიერში გახვიდე, ან სადღაც ბაღში და ა.შ.

დიზაინისთვის ხელისშემშლელია, მაგალითად, შუა ოთახში გამავალი მილი, ერთი შეხედვით თითქოს ვერ უხერხებ ვერაფერს, მაგრამ შემდგომ ბევრს წვალობ, ფიქრობ და რაღაც ორიგინალურ და საინტერესო გადაწყვეტილებამდე მიდიხარ, შეიძლება, მთელი ინტერიერი მის გარშემო ააწყო.

- ყველაზე აქტუალური თემა მომხმარებლისთვის პატარა სივრცეა.

- ნუ შეშინდებით პატარა სივრცის შემთხვევაში, გამოსავალი ყველა სირთულიდან არსებობს. ძალიან ბევრი ხრიკი არსებობს პატარა ფართის გასაზრდელად. თუ ავეჯი არ გვეტევა, ტრანსფორმირებადი და მრავალფუნქციური ავეჯი უნდა გამოვიყენოთ, - შეიძლება გაკეთდეს გადასაშლელი საწოლი, ასევე შეიძლება კიბის ქვედა ნაწილის გამოყენება ძალიან ბევრი დანიშნულებით - წიგნების თაროდ, დასასვენებლად ან საძინებლად.

რა თქმა უნდა, სივრცეს ნათელი ფერი ადიდებს, სხვათა შორის, მუქიც - კედლებზე, ან ჭერზე, მთავარია, მანძილის შეგრძნება გაქრეს. მუქ ფერებს იშვიათად ხმარობენ, მაგრამ დასაშვებია. პატარა სივრცეში სარკეც შეგვიძლია გამოვიყენოთ, თან სარკის ფუნქციას შეასრულებს, თან იმის ილუზიას შექმნის, რომ მის მიღმა რაღაც ხდება, თუმცა უნდა იცოდე, სად განათავსო.

- ფუნქციური ან ესთეტიკური დატვირთვის განცალკევება რომ შეიძლებოდეს, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?

- შემიძლია რუსი ავიაკონსტრუქტორი სერგეი კოროლიოვის სიტყვებით გიპასუხოთ: "თუ თვითმფრინავი ლამაზი არ არის, ის არ იფრენს". შეუძლებელია, ფუნქციამ შეჭამოს სილამაზე, ან პირიქით, მშვენიერებისთვის დათმო ფუნქცია. მათი სინთეზია არქიტექტურისა და დიზაინის მახასიათებლი, სხვაგვარად შეუძლებელია.

- როგორ სახლში არ შეიძლება ცხოვრება და რა არ არის გამართლებული?

- თუ რაიმე ლამაზი და ესთეტიკურად მისაღები არ არის, სწორედ ის არის მავნებელი. ყველაფერი, რაც ლამაზია, გკურნავს და გაჯანმრთელებს, თუ სახლი ან ინტერიერი არ არის ლამაზი, ჩათვალეთ, რომ ადამიანი სიცოცხლის ხუთ წელს მაინც კარგავს. არაესთეტიკური გარემო სასჯელის ფორმადაც შეიძლება მივიჩნიოთ. სწორედ ამის დასაძლევად გვევლინება ხელოვნება, რომელსაც ძალიან დიდი სულიერი ძალა აქვს. ენერგეტიკა, რომლითაც ის გვავსებს, დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, რადგან სულიერ სფეროს უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე ხორციელს.

- რა შეცდომას უშვებს მომხმარებელი ყველაზე ხშირად?

- პირველ რიგში დიზაინერთან ან არქიტექტორთან ურთიერთობის დროს უშვებს შეცდომას. თუ მოგყავს პროფესიონალი, უნდა ენდო კიდეც მას, ხშირად მომხმარებელი ყველაფერში ერევა და ხელ-ფეხს გიკრავს. ჩემი რჩევა იქნება, მომზადებული მივიდნენ არქიტექტორთან ან დიზაინერთან. უნდა იცოდნენ, რა სურთ, ასევე ურიგო არ იქნება, თუ განსაზღვრავენ სახლის სასურველ ზომებს, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც სახლის ზომას ვთქვათ 340-360 კვ/მ-ს გეუბნებიან და მერე კი, როცა ოთახების ზომებს აზუსტებ, მინიმუმ 600 კვ/მ გამოდის, ამიტომ სასურველია დაკონკრეტდნენ, ჩამოაყალიბონ საკუ­თარი სურვილები და მხოლოდ შემდეგ მივიდნენ პროფესიონალთან.



ლევან ჩლაიძის რჩევები კერძო სახლის ან აგარაკის აშენების მსურველებს:

1. სწორად შეარჩიონ მიწის ნაკვეთი. სახლის აშენებამდე გეოლოგიური დასკვნა რომ უნდა ჰქონდეთ, ალბათ ყველამ იცის, ანბანია და თავისთავად იგულისხმება.

2. უნდა გაითვალისწინონ სახლის ორიენტაცია: მზე საიდან ამოდის, ქარი საიდან უბერავს. აქტიური ოთახები, როგორიცაა: საძინებლები და მისაღები, ჯობს განათავსონ სამხრეთით, ხოლო ნაკლებად აქტიური ოთახები, სადაც უფრო მცირე დროს ვატარებთ დღე-ღამის განმავლობაში - ჩრდილოეთით.

3. დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ განათებას. სასურველია და ძალიან კარგია, თუ ყველა ოთახში გვაქვს ბუნებრივი განათება, სველ წერტილებშიც კი, თუ ეს შესაძლებელია.

4. გასათვალისწინებელია ბუნებრივი ვენტილაცია, განიავება, თუკი გამჭოლი განიავება იქნება - ორპირს რომ ვეძახით, უკეთესია.

5. სახლის აშენების დროს მნიშვნელოვანია ქარისა და წვიმის მიმართულების გათვალისწინება.

6. კერძო სახლში ან აგარაკზე რეკომენდებული არ არის თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონი) კედლები, სივრცე ჰერმეტულად იხურება და ობის ან სხვადასხვა მწერის გაჩენის საშიშროებაა, რაც განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის ალერგიულ ადამიანებს ან ბავშვებს.

7. უნდა გავითვალისწინოთ მანქანის დასაყენებელი ადგილი და აგრეთვე მნიშვნელოვანია, სახლი ისე განვათავსოთ ეზოში, რომ მის გარშემო შემოვლა შევძლოთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვთქვათ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში და ა. შ.

8. სარდაფი ან მიწისქვედა ოთახები უნდა იყოს გრილი და მშრალი, კარგი იზოლაციით.

9. თუ ეზო ბუნებრივად სწორია - კარგია, მაგრამ თუ რელიეფურია - უფრო მრავალფეროვანია. შეიძლება ტერასების გაკეთება და ძალიან საინტერესოდ დაგეგმარება. თუ რელიეფურ ეზოს ბუნებრივი ელემენტი აქვს, ვთქვათ რაღაც კლდის ნაწილი ან ქვა, კიდევ უკეთესი, ის არ უნდა მოშორდეს, შეიძლება ლამაზი მხატვრული ელემენტის შეტანა.

10. ეზოს გამწვანებისას უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი მცენარეები - ბუჩქები, ყვავილები, ბალახები, თუ საშუალებაა, შეიძლება დენდროლოგის მოწვევა, რათა ადგილობრივი ბალახები გააკულტურულოს. ჩვენთან რატომღაც უყვართ უცხო მცენარეების შემოტანა, რომელიც შეიძლება არც კლიმატს უხდებოდეს, არც გარემოს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი ფლორა.

11. ეზოში ხელოვნური ფანჩატურის ან საჩრდილობლის გაკეთებას ჯობია ხის დარგვა, იქნება ეს კაკალი, ცაცხვი, თუთა თუ სხვა რამ, და ბუნებრივი ჩრდილის შექმნა. ეს ბევრად სასარგებლო და ჯანსაღია.

12. მოსაპირკეთებლად ვურჩევ, ხელოვნურ და ერთგვაროვან მასალას ნუ გამოიყენებენ, ძალიან ერთფეროვანი და უინტერესოა. უმჯობესია, ბუნებრივი ქვით მოაპირკეთონ, რაც ჩვენთან საკმაოდ ხელმისაწვდომია და ლამაზიც გამოდის. შესაძლოა ქვისა და ხის სინთეზი შეიქმნას, ან ქვისა და რკინის სინთეზი და საერთოდ, რაც უფრო მეტ ბუნებრივ მასალას გამოიყენებენ, მით უკეთესი.

13. ზოგადად, აგარაკი ან კერძო სახლი უმჯობესია იდგეს მაღალ ადგილას, ეს უფრო ჯანსაღია ქალაქშიც და აგარაკზეც. დასასვენებლადაც მაღალმთიანი რაიონები სჯობს, მით უმეტეს ზაფხულში, ხოლო დაბლობი კარგია შემოდგომით. თუ საზაფხულო აგარაკისთვის ვირჩევთ ტერიტორიას, აუცილებლად მაღალმთიანი ადგილები შევარჩიოთ, საქართველოში ეს მარტივი საქმეა.

თეა იაკობაშვილი

კომენტარები

nia 2018-06-27 15:19
დაბალი ჭერი ვიზუალურად როგორ უნდა გავადიდით რატომ არ წერთ
როენა 2018-02-16 19:05
თქვენი მისამართი დადეთ
ლალი 2017-01-22 19:22
გამარჯობათ.მაინტერესებს ის შენობა,რომელზაც დასაწყისშია საუბარი,ანუ აეროპორტთან,იქნებ ფოტო დადოთ ან ლინკი რომ ვნახო.. ? მადლობა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები