თანამედროვე ინტერიერში უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ლითონის ნაკეთობები. გემოვნებით შეხამებული ჭედური ავეჯი თუ დეკორატიული ნივთები დღეს მოდურიცაა და საცხოვრებელსაც განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს.
ნიკოლოზ ბერიანიძის თანამედროვე და ამავდროულად ძალიან ტრადიციული ნამუშევრები ინტერიერსა და ექსტერიერში მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ბატონი ნიკოლოზი საკუთარ შემოქმედებასა და ზოგადად, თანამედროვე მელითონეობაზე გვესაუბრა.
- ჩემი პროფესია ძირითადად ლითონისა და სხვადასხვა მასალის მხატვრულ-დეკორატიულ დამუშავებასა და მათ სინთეზს გულისხმობს. მასალებში შედის ლითონის ნაირსახეობა. მოგეხსენებათ, არსებობს სხვადასხვაგვარი ლითონი, ყოველ მათგანს თავისი სპეციფიკური ხასიათი აქვს და სხვადასხვანაირად უნდა მიუდგე. შავი
- დღეს ჭედურობას თანამედროვე ინტერიერსა და ექსტერიერშიც იყენებენ, ნაჭედი ავეჯიც მოდურია, - ამგვარი გამოცდილება თუ გაქვთ?
- დიახ, ავეჯიც მაქვს შექმნილი და ექსტერიერსა და ინტერიერზეც ვმუშაობ. ინტერიერის დიზაინში ისეთი ტენდენცია შემოვიდა, რომ მისაღებსა და სამზარეულოს აერთიანებენ, მაგრამ მთლად საერთო სივრცესაც არ ქმნიან, ამიტომ საჭირო ხდება რაღაც ნაზი, ორიგინალური გამყოფი, მაგალითად, დეკორატიული გამჭოლი კედელი. დანარჩენი კი ფანტაზიაზეა დამოკიდებული - შეგიძლია გამოიყენო შავი ლითონი და მას ხის მასალა შეუფარდო, ან მინა - კერამიკის დეტალები, მაგრამ ყველაფერი დოზირებულად, ქაოსი რომ არ იქმნებოდეს, და თვალისთვის სასიამოვნო აღსაქმელი იყოს. სხვადასხვა მასალა ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს. რისი წამოწევაც გინდა, ცოტა დიდი დოზით უნდა გამოიყენო, ვთქვათ იქაურობას უხდება შავი ლითონი, მაშინ შავი ლითონი უნდა წამოიწიოს და მას ლაიტმოტივად მისდევდეს უკან, ვთქვათ, ხის ან მინის დეტალები. ეს დეტალები ბანს უნდა აძლევდნენ ძირითად მასალას და რაღაც სინაზე შეჰქონდეთ. თუკი ამას მიაღწევ და იგრძნობ, მაშინ ჩათვალე, რომ მხატვრის ნამუშევარი შედგა. ინტერიერსა და ექსტერიერზე მუშაობისას გრაფიკაც უნდა იცოდე, ხატავდე კიდეც, აბა, ესკიზს როგორ შექმნი, თუ ხელი არ გემორჩილება.
- ჭედურობაზე საუბრისას შეუძლებელია არ გავიხსენოთ ძველი თბილისის მჭედელთა ამქარი...
- მჭედლობას, როგორც ხელოსნობის დარგს, თბილისსა და სხვა ქალაქებში თავისი ორგანიზაციული ფორმა ჰქონდა. აქ არსებობდა მჭედელთა ამქარი თავისი სტრუქტურით: ჰყავდათ ოსტატი, შეგირდი და ქარგალი, ჰქონდათ საკუთარი დროშა, განსაკუთრებული წეს-ჩვეულებები: ხდებოდა ოსტატად დალოცვა, ქარგლის ხელდასხმა და ა.შ.
დღეს ძველი თბილისი არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ. აქ უამრავ უნიკალურ ჭედურობას ვხვდებით, შემიძლია ერთ ნამუშევარს საათობით ვუყურო. გასაკვირია, როგორ ქმნიდნენ მას. ამჟამად გვაქვს ნაირ-ნაირი შესადუღებელი აპარატები - ავტოგენები, სხვადასხვა თანამედროვე სახერხი, საჭრელი და ელექტროინსტრუმენტები, ეს ნამუშევრები კი დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარშია შესრულებული, როდესაც არაფერი არსებობდა, ყველაფერს ხელით აკეთებდნენ, გაცხელებით. სწორედ ამაშია მთელი გენიალურობა, რომ ტექნიკურად ძალიან ძნელი შესასრულებელი ესთეტიკურად ასეთი დახვეწილი და ულამაზესია. ჩვენდა საბედნიეროდ, ეს ყველაფერი დღესდღეობით არსებობს, მაგრამ მათი რესტავრაცია ძალიან ფრთხილად და სათუთად უნდა მოხდეს და მხოლოდ სპეციალისტის მიერ, რადგან კულტურული მემკვიდრეობაა. თანაც აქ ვხვდებით ხისა და ლითონის იდეალურ სინთეზს, არქიტექტურისა და ჭედურობის სინთეზს: სადარბაზოების კარები, აივნები, კიბის მოაჯირები და ა. შ.
- როდის დაიწყეთ მუშაობა საეკლესიო ნივთებზე?
- ჩემს სადიპლომო ნამუშევრად საეკლესიო შანდალი ავირჩიე. მოგვიანებით ეს ნამუშევარი სამების საკათედრო ტაძარს შევწირე, შანდალი ამჟამადაც საკურთხეველშია და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირველი ნამუშევარი იყო და საკმაოდ რთულ პირობებში გავაკეთე, დროს გაუძლო და დღევანდელი გადმოსახედიდანაც მომწონს, თუმცა ჩემს ნამუშევრებს საკმაოდ კრიტიკულად ვაფასებ.
შემდეგი სერიოზული ნამუშევარი "შვიდტოტა" უკვე 2003 წელს შევქმენი, ამჟამად ისიც სამების საკათედრო ტაძარშია, პატრიარქს მოეწონა და სხვა შანდლების გაკეთების კურთხევა მომცა. როდესაც შანდლების შეკვეთა მივიღე, გადავიკითხე ლიტერატურა, მივაკითხე არქივებს, რომ დამედგინა, თუ როგორი იყო ქართული შანდალი, სამწუხაროდ, ვერანაირი მასალა ვერ მოვიძიე, ვერც ისტორიკოსებთან, ის კი არა, მხატვრულ ლიტერატურაშიც კი არავის ჰქონდა აღწერილი ან მოხსენიებული. ჩემთვის ხომ ყოველ დეტალს ჰქონდა მნიშვნელობა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ისეთი შანდალი გამეკეთებინა, რომელიც ნაციონალურიც იქნებოდა, ლამაზიც და ორიგინალურიც. საბედნიეროდ, ძველ ტაძრებზე ჩემთვის საინტერესო უამრავი დეტალი აღმოვაჩინე, გადავხედე აგრეთვე ბექა და ბეშქენ ოპიზრების ნამუშევრებს, და ამ ყოველივეს გაერთიანებისა და სინთეზის შედეგად დაიბადა ახალი შანდალი. მათ გამოჩენას ზოგი დადებითად შეხვდა, ზოგი კი კრიტიკულად, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან პატრიარქის კურთხევა მქონდა და თანაც ჩვენ ერთად ვმუშაობდით ესკიზებზე - პატრიარქი არჩევდა მათ და თავის შენიშვნებსა და მოსაზრებებს მიზიარებდა, სწორედ ამგავარად ყალიბდებოდა შანდლების ახალი მოდელი. მიხარია, რომ რაღაც პატარა წვლილი შევიტანე ახალი ქართული შანდლის დაბადებაში. გავა დრო და ამ საქმის გამგრძელებელიც გამოჩნდება...
თეა იაკობაშვილი
კომენტარები
-- შვიდი ნამდვილად არაა ქართული... )))