როგორ უნდა გაზარდოთ პატარა ბინა ვიზუალურად

გავიგეთ, რა მიიჩნევა ინტერიერის ყველაზე მოდურ ნივთებად მსოფლიო დიზაინში. ახლა კი გავარკვიოთ, რა არის ყველაზე პოპულარული საქართველოში, რას სთხოვენ დიზაინერებს ქართველი დამკვეთები და რა რჩევებს აძლევს დიზაინერი მათ, ვისაც პატარა ბინა აქვს. ამაზე სასაუბროდ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არქიტექტორ-დიზაინერი ილია ზაქარაია მოვიხელთეთ.

- პირველ რიგში საინტერესოა, დღეს ინტერიერის რომელი სტილია მოდური ჩვენთან და ყველაზე ხშირად რა სტილის მიხედვით აწყობენ სახლებს?
- დღეს მოდერნის სტილია ყველაზე პოპულარული. მოსწონთ მაქსიმალურად უბრალო, კომფორტული და სადა ბინები. ფერებს რაც შეეხება, უფრო პასტელური ფერებია პოპულარული

- კრემისფერი, ნაცრისფერი, თბილი ფერები.

- მსოფლიო მოდას ქართული ინტერიერი თუ უწყობს ფეხს?
- საკმაოდ ინფორმატიული გახდა კლიენტი, ინტერნეტის მეშვეობით ეცნობიან მოდის ტენდენციებს და იციან, რა არის უფრო მოდური, უფრო კომფორტული. დიზაინერის თემაც სულ უფრო პოპულარული ხდება. ადამიანები ხვდებიან, რომ დიზაინერი საჭიროა ბინის დაგეგმვისა და მოწყობის დროს. ადრე თუ მშენებელი ურჩევდა ყველაფერს, ან თავად წყვეტდნენ, რა და როგორ გაეკეთებინათ, ახლა სულ უფრო ხშირად ეკითხებიან რჩევას დიზაინერებს.



- თუმცა, როგორც ვიცი, არც ისე იაფია დიზაინერის მომსახურება...
- პირიქით, საქართველოში ყველაზე დაუფასებელია დიზაინერის შრომა. მსოფლიო მასშტაბებთან შედარებით ძალიან იაფია. მაგალითად, რუსეთში კვადრატული საშუალოდ 100 დოლარი ღირს, საქართველოში - 10 დოლარი.

- რა შედის ამ მომსახურებაში?
- სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევს. ზოგიერთი მხოლოდ პროექტის სახით დიზაინის მიწოდებით შემოიფარგლება, სხვა უშუალოდ ერთვება ამ პროექტის განხორციელებაში. ანუ აღარ არის საჭირო ე.წ. "პრარაბი", რომელიც რემონტის მიმდინარეობას აკონტროლებს, ამას უკვე ბევრგან თავად დიზაინერი აკეთებს.

- დიზაინერისთვის ეს უკეთესია?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ მხოლოდ თანხისთვის არ ვმუშაობთ. მე, მაგალითად, მირჩევნია, ბოლომდე მივყვე საქმეს და ზუსტად ისე გაკეთდეს ყველაფერი, როგორც დავგეგმეთ. მასალა, ფერები, ავეჯი - ჩანაფიქრის მიხედვით თავადვე გავაკეთო, რადგან შემდეგ ხშირად ცვლიან თვითნებურად ან ხელოსნების რჩევით და ის აღარ გამოდის, რაც ჩავიფიქრეთ.

- ანუ მასალასაც ურჩევთ, ფერებსაც და განლაგებასაც...
- რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მაღაზიებსა და ქარხნებში კონსულტაციაც კი შედის ჩვენს მომსახურებაში, ყველა დეტალის გათვალისწინებით. რემონტის ბოლოს დეკორს და გაფორმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ დროს ყველა დეტალს მივდევთ.

- საინტერესოა, თქვენი დიზაინის მიხედვით შექმნილი ბინა რაღაც დროის შემდეგ თუ გინახავთ? ცვლიან რამეს სახლის პატრონები თუ პირვანდელი სახით ინარჩუნებენ?
- საკმაოდ ხშირად მინახავს და ინარჩუნებენ.

- ალბათ უფრო ახალაშენებულ სახლებშია დღეს აქტუალური დიზაინერის მომსახურება...
- დიახ, თუმცა ძველ სახლებშიც ბევრჯერ მიმუშავია.



- როცა კლიენტი მოდის და გთხოვთ თავისი ბინის ინტერიერის დაგეგმვას, დაახლოებით იცის, რა უნდა და გეუბნებათ ამას, თუ ბრმად მოგყვებათ, რასაც თქვენ ურჩევთ?
- ბევრ ადამიანს დიზაინერი მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ თავად ვერ აკეთებს ესკიზს და ვერ ახორციელებს იმას, რაც უნდა. ანუ წარმოდგენილი აქვს თავისი ვარიანტი და უნდა, რომ იმას შეასხა ხორცი. ეს დიზაინერისთვის საშინელებაა და მე, მაგალითად, ასეთ შემოთავაზებაზე უარს ვამბობ ხოლმე. თუმცა, ბოლო დროს ბევრი დამკვეთია, რომელიც პირდაპირ გენდობა, უნახავს შენი ნახელავი და მთლიანად გეყრდნობა.

- ამ დროს რას ითვალისწინებთ?
- პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევ მათ სურვილებს, მათ საყვარელ და სასურველ ფერებს, ბინის დანიშნულებას, ოჯახურ მდგომარეობას, ბავშვების რაოდენობას, მერე უკვე კვადრატებს და ა.შ. ამ ყველაფერზეა დამოკიდებული, რამდენად ფუნქციური, პრაქტიკული და დამკვეთზე მორგებული იქნება ბოლოს ბინის დიზაინი.

- მერე თუ ცვლიან რამეს უკვე მომზადებულ პროექტში?
- კი, არის ასეთი შემთხვევები, თუმცა მცირე ცვლილებები შეაქვთ.

- საქართველოში ხშირად არის პატარა სივრცის, პატარა ბინების პრობლემა...
- სწორედ ამისთვის სჭირდებათ ხოლმე დიზაინერი, რომ ის პატარა სივრცე სწორად აითვისონ. ასეთი დაკვეთებიც ხშირია.

- და რას ურჩევთ ხოლმე ამ დროს ან ვთქვათ, რას ეტყვით ჩვენს მკითხველს, რომელსაც მსგავსი პრობლემები აქვს და არ შეუძლია დიზაინერის მომსახურებით სარგებლობა...
- სივრცეს, რასაკვირველია, გახსნილი კედლები ქმნის. საუკეთესო გამოსავალია სტუდიოს ტიპის ოთახი, სადაც ერთად არის მისაღები და სამზარეულო, მაქსიმალურად ნათელი, პასტელური ფერები, რაც ვიზუალურად ადიდებს ფართს. აუცილებლად დაბალი ავეჯი, რადგან მაღალი და მასიური ავეჯი ამძიმებს და აპატარავებს სივრცეს. ამ დროს საუკეთესო ვარიანტია სარკეებით თამაშიც. კარგია, მაგალითად, სარკე საძინებელში გარდერობის ზედაპირზე, თუმცა სასურველია, ის არ უყურებდეს და არ ირეკლავდეს საწოლს. ბოლო დროს ჭერი ბევრად სადაა, მოდური და აღარ არის მრავალდონიანი. დიზაინის ელემენტებმა უფრო კედლებზე გადაინაცვლა და ჭერი გათავისუფლდა. დიზაინში უფრო მნიშვნელოვანი გახდა შპალერი, დეკორის ელემენტებით... ხშირად ერთ რომელიმე კედელს ვაკეთებთ დეკორირებულს, ძირითადად, ეს არის კედელი, სადაც ტელევიზორია განთავსებული, იგი ოთახში გამოყოფილია და პირველ რიგში გხვდება თვალში... თუმცა, ზოგადად, ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ სისადავეა მოდური.

- თუკი ოთახი ბნელია, უფანჯრო ან პირველ სართულზეა და სათანადოდ არ შედის მზე, რა შეიძლება ამ დროს გაკეთდეს?
- ასეთ დროს საუკეთესოა დამატებითი განათება, ანუ რამდენიმე სახის. სასურველია დეკორატიული სინათლე, ორი სხვადასხვა ტიპის ნათება, წერტილოვანი განათება.



- თუ შეგიძლიათ ჩამოთვალოთ რამდენიმე მოდური ავეჯი, რომელიც დღევანდელ ბინებში ყველაზე აუცილებელი და სასურველია...
- პირველ რიგში, ალბათ, სამეული, ოღონდ აუცილებლად დაბალი, რომ ვიზუალურად არ დაამძიმოს სივრცე. კედელი-კარადა, რომელშიც ტელევიზორია მოქცეული, საჭირო თაროებით. ასევე სამზარეულოს გამყოფი ბარის მაგიდა.

- როგორც ბოლო დროს ჩანს, აღარ არის მოდური მისაღებ ოთახებში სერვანტები, გარდერობები, კარადები, ე.წ. "სტენკები"...
- ყველა მაქსიმალურად ცდილობს, არ დაამძიმოს ოთახი. ჭურჭლისა და სხვა ნივთების სერვანტის ვიტრინებში გამოფენა აღარ არის მოდური. დეკორისთვის უფრო ოთახის მცენარეებს იყენებენ, რომლებიც გარემოსაც აჯანსაღებს და ინტერიერსაც უხდება.

- მსოფლიო ინტერიერში ხშირად გვხვდება დიდი აკვარიუმები და ტრიდე-ფილები სააბაზანოებში...
- მე პირადად ბინის ინტერიერში არც ერთი არ მომწონს და რომ ვაკვირდები, ჩვენთან არც არის პოპულარული.

- უცნაური შეკვეთები თუ გაქვთ?
- არ მახსენდება, თუმცა უცნაური ის არის, რომ სიტყვას "თანამედროვე" ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს. გეუბნება, მინდა თანამედროვე დიზაინი, და ერთისთვის ამ ცნებაში სულ სხვა რამ იგულისხმება, მეორისთვის - სულ სხვა. მაგალითად, ითხოვს ჰაი-ტექს, რაც მაღალი ტექნოლოგიებით მოწყობილი სახლია, სინამდვილეში კი მოდერნის სტილში უნდა ბინის მოწყობა - უბრალოდ არც ერთი იცის და არც მეორე. ზოგჯერ კლასიკური ნივთების გამოყენებას ითხოვენ მოდერნის სტილში, რაც სტილის სრული დარღვევაა და ინტერიერს აფუჭებს.

- ვინც ახლა იწყებს ბინის დაპროექტებას, რემონტს და ა.შ., მისთვის უფრო ადვილია ამ ყველაფრის გათვალისწინება. მაგრამ რა რჩევები შეგიძლიათ მისცეთ მათ, ვისაც ძველი ბინა, ძველებური სტილის ავეჯი აქვთ - როგორ გარდაქმნან, როგორ განაახლონ, რომ თანამედროვე ტენდენციებს მოარგონ?
- ასეთ შემთხვევაში, თუკი ავეჯის შენარჩუნება გსურთ, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს კედლები და იატაკი - უნდა იყოს სხვადასხვა ტონალობის ერთი ფერი. ინტერიერში კანონივითაა სამი ფერის პრინციპი. სასურველია, ეს კანონი იყოს დაცული და ოთახში სამ ძირითად ფერზე მეტი არ იყოს გამოყენებული. ეს სამი ფერი შეიძლება მერე ათამაშოთ სხვადასხვა ტონალობით. როცა კედლებსა და იატაკს შეუცვლით იერსახეს, მერე უკვე შეიძლება ავეჯზე გადასაფარებლის მორგება და დეკორის სხვადასხვა ელემენტით გათანამედროვება.

ლელა ზურებიანი

კომენტარები

ტასო 2016-08-19 02:03
არცერთი ოცნება რჩება აუსრულებბელი ნანა
ნანა 2016-01-06 15:33
რა ძვირი ყოფილა, მე კი ოცნებად მქონდა დიზაინერთან კონსულტაციის გავლა რემონტის წინ.ოცნებად დამრჩება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები