როგორ იფარავს დამცავი ბადე სეტყვისგან ვენახს, ქართველი მევენახის გამოცდილებით - "ბადეები 2021 წელს შევიძინე. ძვირი კი იყო, მაგრამ აუცილებელი, რადგანაც ღვინოს ვყიდი..."

"სეტყვა 6 წუთი გაუჩერებლად მოდიოდა... გადავრჩი! ალბათ, 1%-ია დაზიანება, მხოლოდ ის მარცვლები, რომლებიც ბადეს იყო მიბჯენილი", - ეს მევენახე-მეღვინე ზურაბ თოფურიძის პოსტია, რომელიც გასულ კვირას კახეთში ძლიერი სეტყვის შემდეგ წინანდლიდან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ტექსტს ვიდეოც დაურთო, სადაც კარგად ჩანს, როგორ იცავს ვენახს სეტყვისგან სპეციალური ბადე. საგულისხმოა, რომ ის ზემოდან კი არა აქვს გადაფარებული, არამედ თავად ვენახია ბადეში საგულდაგულოდ გახვეული. "კვირის პალიტრა" დაინტერესდა, რამდენად შედეგიანია ეს მეთოდი, რა ჯდება და ურჩევს თუ არა ბატონი ზურაბი ამ დამცავ ბადეს სხვებსაც.

ზურაბ თოფურიძე:

- 2020 წელს სეტყვამ ვენახი ისე დამიზიანა, მოსავალზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ერთიანად გამინადგურა, თანაც აგვისტოს მეორე ნახევარში. მარტო მოსავალი კი არ დაზიანდა, თვითონ ვენახი გაილახა. უმეტესობა გახმობის პირას იყო და 2021 წელს მკაცრად გასხვლამ მომიწია, ანუ დანეკვა (მოკლე სხვლა). კვირტების რაოდენობა, რომელმაც მოსავალი უნდა მოგცეს, საგრძნობლად შემცირდა. შედეგად 2021 წელს 2019 წლის მოსავლის მესამედი ავიღე, 60-70%-იანი ზარალი იყო. ვერც 2022 წლის მოსავალი დაეწია 2019 წლისას.

- ამის შემდეგ გადაწყვიტეთ ბადეებით ვენახის შეფუთვა?

- ბადეები 2021 წელს შევიძინე. ძვირი კი იყო, მაგრამ აუცილებელი, რადგანაც ღვინოს ვყიდი. იმხანად მისი დაახლოებითი ფასი სადღაც 1-1,5 ლარი (1 გრძივი მეტრის) იყო. ჩემი ვენახი 5 ჰექტარია. ამიტომ იძულებული გავხდი ინვესტიცია ჩამედო - ნაწილი ჩემი სახსრებიდან, ნაწილიც ვისესხე. ვალი უკვე გავისტუმრე, რადგან ღვინო გაიყიდა.


- ვენახსა და ბაღებზე ზემოდან გადაფარებული სეტყვისგან დამცავი ბადეები მინახავს, მაგრამ ისეთი, როგორიც თქვენია, არა.

- ამ ტიპის ბადეებს, ალბათ, 15 წელია იყენებენ მსოფლიოში. ზემოდან გადაფარებული ბადეები, ჯერ ერთი, ძალიან ძვირია და უმეტესად ბაღისთვისაა, მყარი საყრდენი ბოძებიც სჭირდება, მაგრამ ვენახისთვისაც იყენებენ. არ ვიცი, საქართველოში ვინმეს აქვს თუ არა ვინმეს ჩემნაირი ბადე ვენახში...
ამ საქმეში ერთ-ერთი ლიდერი იტალია და საფრანგეთია. კერძოდ, საფრანგეთში თითქმის 5 წელიწადს ატარებდნენ ექსპერიმენტს, ვენახებს აკვირდებოდნენ, 2019 წელს კი დაასკვნეს, რომ ეს ბადეები ძალიან ეფექტიანია. შეისწავლეს მისი პლუს-მინუსები, ცდებმა გაამართლა და მასობრივი წარმოება დაიწყეს. ჩემი ვენახისთვის ბადეები იტალიურ ქარხანაში ვიყიდე. წლეულს, როგორც ვიცი, საქართველოშიც გაიხსნა ქარხანა. 5 ჰექტარზე ბევრი დამჭირდა, ვენახი მთლიანად, ორივე მხრიდან შეფუთულია.


- ბადე ხელს ხომ არ უშლის ყურძენს ზრდაში ან მწვანე ოპერაციების შესრულებისას? განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები