თუ ლოჯია (ან დახურული აივანი) დამოუკიდებელია და არ არის გაერთიანებული სამზარეულოსთან ან მისაღებ ოთახთან, ასეთ შემთხვევაში, მას შეგიძლიათ, სხვადასხვაგვარი ფუნქცია დააკისროთ, იმისდა მიხედვით, თუ რა გჭირდებათ ყველაზე მეტად. ბევრს ეს ადგილები სათავსოდ აქვს გამოყენებული, არადა, სულ პაწაწინა აივანიც კი შეიძლება, მყუდრო სავანედ აქციოთ. ის შეიძლება იყოს კაბინეტი, დასასვენებელი ოთახი, ინტიმური გარემოს შესაქმნელი ადგილი.
თუ ლოჯიას ბევრი ფანჯარა აქვს, გარედან შემომავალი სინათლე კიდევ მეტად გაანათებს და გაადიდებს ოთახს. თუ ასე არ არის, მის ვიზუალურად გასადიდებლად ღია ფერის ტონები გამოგადგებათ. კლასიკური სტილის ნათელი
ლოჯიის მოწყობის გავრცელებული მეთოდია მისი პროვანსულ სტილში გადაწყვეტა. შინაურული გარემო, ხის ავეჯით, მოწნული დეკორაციებით, თიხის ჭურჭლით, არაზედმეტი დეტალებით, მინიმალისტური დატვირთვით ისეთ გარემოს ქმნის, სადაც მშვიდად დასხდებით და დალევთ ჩაის ან ყავას, ერთ-ორ მეგობართან ან მეზობელთან ერთად.
თუ ლოჯია მოზარდისთვის არის განკუთვნილი, მაშინ ის უფრო მკვეთრ ფერებში უნდა იყოს გადაწყვეტილი. მასში იქნება ადგილი საწერი მაგიდისთვის, წიგნების თაროებისთვის.
ასეთ დროს თანამედროვე დიზაინზე ჯობს შეაჩეროთ არჩევანი. თუ ძალიან ვიწროა ლოჯია, ის შეიძლება, პაწაწინა საძინებლადაც აქციოთ, სადაც ერთი საწოლი და ტუმბო დაეტევა. თუ დიდი ფანჯრები აქვს, იქ წოლა სასიამოვნოც კი იქნება ‒ ძილის წინ ფანჯრიდან ვარსკვლავებსა და მთვარეს შეხედავთ.
ლოჯიაში თავისუფლად შეიძლება, კრეატიული ინტერიერი შექმნათ, ბიძგი მისცეთ თქვენს ფანტაზიას და გამოხატოთ საკუთარი შესაძლებლობები დიზაინის სფეროში. შეგიძლიათ, ეს ოთახი სრულიად განსხვავებულად დაგეგმოთ, სხვა ოთახებისგან გამორჩეულად.
იგივე შეიძლება ითქვას აივანზე, რომელიც, თუ შემინული გაქვთ, შესანიშნავი ორანჟერეა შეგიძლიათ გააკეთოთ, ხოლო თუ ღიაა, ისიც ისეთივე ოაზისი შეიძლება გახდეს თქვენთვის, სადაც ცოტა ხანს განმარტოვდებით ან თუნდაც სტუმარს მიიღებთ კარგ ამინდში.
ერთგვარი ოაზისი იყოს, ან სულაც თავშესაფარი, იმის მიხედვით, თუ რა ფუნქცია გსურთ მას მიანიჭოთ. იქნებ დიასახლისსაც სურს ხანდახან, განმარტოვდეს და ოჯახის წევრებს გაარიდოს თავი. მყუდროდ და ელეგანტურად მოწყობილი ლოჯია შესანიშნავი ვარიანტი იქნება საამისოდ.