დიზაინერის რჩევები, როგორ ავარჩიოთ ფერები სწორად და დავგეგმოთ სივრცე

ანი დავითური ინტერიერის დიზაინერია. ხელოვნება, ხატვა, დიზაინი ყოველთვის მისი ინტერესის სფერო იყო, ამიტომაც სამხატვრო აკადემიაში ფერწერაზე ჩააბარა, მაგრამ საბოლოოდ ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. ამ სფეროში მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება აქვს. დღესდღეობით, ერთ-ერთ წარმატებულ დეველოპერულ კომპანიაში ინტერიერის დიზაინერად მუშაობს, გარდა ამისა, აქვს თავისი კერძო კომპანია, რომლის საქმიანობაც დაგეგმარება, 3დ ვიზუალიზაცია და ინტერიერის დიზაინის შექმნაა. ანის ინტერიერის დიზაინის ტრენდებზე ვესაუბრეთ და საინტერესო რჩევებიც მივიღეთ.


- ანი, რა ახალი ტრენდები იმკვიდრებს თავს ინტერიერის დიზაინში? რომელი სტილია უფრო მოთხოვნადი?

- ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ინტერიერში
მკვეთრი, ხასხასა ფერების გამოყენება, ვარდისფერი და მისი ვარიაციები, მეტალის დეტალები, ბეტონის იმიტაცია ან დაუმუშავებელი ბეტონის დატოვება, საინჟინრო დეტალების შენარჩუნება. ასევე მოდურია მეტი სიმწვანე ინტერიერში, მცენარეები და ყვავილები. სხვათა შორის, ბოლო დროს ითხოვენ წრიულ, მომრგვალებულ თაღებსაც. რაც შეეხება სტილს, მინიმალისტური და სკანდინავიური სტილია მოდური. სკანდინავიური სტილი უფრო ერთფეროვანია და გულისხმობს თეთრ, ან მოთეთრო ტონალობას და ბუნებრივი მასალების გამოყენებას. მასალებს რაც შეეხება, ბოლო დროს აქტუალურობას იბრუნებს პარკეტი, პარიზული სტილი, ძველისა და ახლის სინთეზი, კედლებზე ჩარჩოები. უფრო რეტროელემენტები ბრუნდება.

- ადრე თაბაშირ-მუყაოსგან დონეებიან ჭერს აკეთებდნენ, ახლა ფრანგულმა ჭერმა დაიმკვიდრა ადგილი ინტერიერის დიზაინში, თქვენ რამდენად იყენებთ?



- ადრე დონეებად შეკიდული ჭერი ნამდვილად იყო მოდური, ბოლო დროს აქაც მინიმალიზმი გახდა პრიორიტეტული. რაც შეეხება ფრანგულ ჭერს, ვცდილობ, არ გავაკეთო, ვიზუალურად არ მომწონს, მაგრამ ფერების მხრივ მრავალფეროვანი არჩევანით ნამდვილად გამოირჩევა. ჩემს პრაქტიკაში სულ ერთხელ გამოვიყენე ფრანგული ჭერი. მისი ერთადერთი პლუსია ის, რომ წყლის ჩამოსვლისას ვიზუალურად არაფერი ემჩნევა და არ აზიანებს რემონტს. ნაკლი კი ის გახლავთ, რომ განათების წერტილების გაკეთება პრობლემად იქცევა ხოლმე, რადგან შეიძლება ჩამოიწიოს, დაზიანდეს. ამიტომაც ვარიდებ თავს.

- კედლებისთვის შპალერს გვირჩევთ თუ საღებავს?



- ბოლო დროს უფრო ხშირად ღებავენ ხოლმე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შპალერი არაა მოდური. ეს მაინც გემოვნების საკითხია. გარდა ამისა, ძალიან აქტუალურია უხეშად ნალესის ეფექტი და დაუმუშავებელი ბეტონის დატოვება, ე.წ. აგურის კედელიც. ოღონდ დიდი მნიშვნელობა აქვს, სად გამოიყენებთ. დიდ სივრცეში დასაშვებია, მაგრამ როცა ფართი პატარაა, ამ სტილის დეკორით ვიზუალურად იტვირთება ინტერიერი და კიდევ უფრო აპატარავებს სივრცეს. დეკორი ისევ ტრენდულია.

რაც შეეხება ფერებს, საძინებელში არ ვურჩევთ ხოლმე წითელს, შავს, რადგან წითელი უფრო ინტენსიურია და რელაქსაციაში ხელს უშლის ადამიანს. მისაღებს ნეიტრალური ფერი უხდება, სამზარეულოში - მომწვანო, მოლურჯო ტონებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ესეც პირობითია, გემოვნებაზეა დამოკიდებული. როგორც ზემოთ გითხარით, ბოლო პერიოდში ტრენდული გახდა ვარდისფერი და მომწვანო ტონები ერთად. შეიძლება იფიქროთ, რომ შეუთავსებელია ვარდისფერი და მწვანე, მაგრამ ძალიან ლამაზი გამოდის. ღია ფერები ადიდებს პატარა სივრცეს. ადრე შავი კედელი დეკორის სახითაც კი წარმოუდგენელი იყო ინტერიერში, დღესდღეობით კი ამაზეც გაჩნდა მოთხოვნა, ძალიან უხდება ხისფერს, ოქროსფერ და ვერხლისფერ დეტალებს. რამდენადაც წარმოუდგენელი უნდა იყოს, პრაქტიკაში მქონია ისეთი შემთხვევაც, როცა დაბალჭერიან სივრცეში გამოგვიყენებია შავი, ყველა ლოგიკით უფრო უნდა დაედაბლებინა სივრცე, მაგრამ ასე არ მოხდა და ლამაზიც გამოვიდა. აქედან გამომდინარე, არ მიყვარს დოგმებზე ყურადღების გამახვილება, რადგან პრაქტიკაში შეიძლება სულ სხვანაირად გამოვიდეს და გამოჩნდეს.



ზოგადად, დიდი მნიშვნელობა აქვს ფერის სწორად არჩევას და ფერთა გამას, რადგან ყველაფერი უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს. ფერის სწორად შერჩევაში ვგულისხმობ იმას, რომ პირდაპირ დიდი ფართობი არ უნდა შეღებოთ, ნებისმიერი ფერი კატალოგში სხვა ტონალობაშია მოცემული, კედელზე კი განათების ზემოქმედებით განსხვავებული, უფრო ღია ფერის ჯდება ხოლმე. ამიტომ უმჯობესია, ჯერ მცირე მონაკვეთი შეღებოთ და თუ შედეგი დამაკმაყოფილებელი იქნება, შემდეგ გააგრძელოთ მუშაობა. განათებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ის ჩვენს განწყობაზეც კი მოქმედებს. ხშირად სახლის მოწყობისას განათებას დიდ ყურადღებას არ ქცევენ, არადა მეტად მნიშვნელოვანი საკითხია.

- როცა სივრცე პატარაა, ბუნებრივია გვინდა, მასში ყველაფერი იყოს სრული კომფორტისთვის… რისთვის არ დავინანოთ ფართი და რაზე შეიძლება გავაკეთოთ ნაკლები აქცენტი, რომ ამან დისკომფორტი არ შეგვიქმნას?

- როცა პატარა სივრცეა, თითქმის ყოველთვის ვაკეთებთ სტუდიოს სტილს. სათავსო არის ის აუცილებელი რამ, რაშიც არ უნდა დაგენანოს სივცრე, რადგან თუ სათავსოები არ გაქვს, ეს ნამდვილად დიდ დისკომფორტს ქმნის. არავის ვურჩევ, გარდერობისთვის განკუთვნილი სივრცე დათმოს იმისთვის, რომ სხვაგან მეტი ფართი ჰქონდეს. ამასთან ერთად, დამკვეთის პრიორიტები მნიშვნელოვანია, მისგან უნდა წამოვიდეს ინიციატივა, რისთვის სურს უფრო მეტი სივრცე.



- სტუდიოს თემა ხშირადაა განსჯის საგანი. როცა ფართი არ გაძლევს საშუალებას, გასაგებია, რომ სტუდიო კარგი ვარიანტია, თუმცა, როცა არის საშუალება - ამ შემთხვევაში?

- ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ვარიანტია შემინული ტიხარი სტუდიოსთვის, როცა გინდა გააღებ კარს და ერთიანი სივრცე გექნება, საჭიროების შემთხვევაში კი დაკეტავ და განცალკევებული იქნება.

- ადრე ძალიან მოდური იყო ე.წ. „სტენკა“, ტევადობის მხრივ ნამდვილად დიდი პლუსი ჰქონდა მას, მაგრამ აქტუალობა დაკარგა, ასევე ბევრს უყვარდა და ბევრ სახლში იყო როკოკოები. ახლა რომელი დეკორატიული ნივთები და ზოგადად, რა ტიპის ავეჯია მოდური, მაგალითად, მისაღებში?



- ბოლო პერიოდში, დეკორატიულ ლარნაკებს იყენებენ, თუ კაბინეტი ცალკე არ აქვთ, წიგნებს აქვს ხოლმე დეკორის ფუნქცია. ინტერიერის დიზაინს რომ ვიწყებ, ვცდილობ, იმ კონკრეტულ ნივთს მოვარგო მთელი დიზაინი, რაც აუცილებლად უნდა იყოს ოთახში და რაზეც აქვს განსაკუთრებული მოთხოვნა დამკვეთს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ხალიჩა, ვთქვათ, ადამიანს სურს ხალიჩა ოთახში, მისი ფერებიდან, ფაქტურიდან გამომდინარე ვაწყობ დიზაინს. ერთ სივრცეში მხოლოდ ერთი მთავარი აქცენტი უნდა იყოს, არასწორია ოთახში რამდენიმე მთავარი აქცენტის გამოყოფა. რამდენიმე აქცენტი რომაა, ყურადღება სხვადასხვა ნივთზე გადადის და შეუძლებელი ხდება იქ დასვენება. რაც შეეხება ავეჯს, ბოლო პერიოდში უფრო დაბალი ავეჯია მოდური, დაბალი მაგიდა, დაბალი დივანი. აღარ ყიდულობენ ე.წ. „ტროიკას“, ანუ სამეულს, უპირატესობას ანიჭებენ დივანს და მისგან სრულიად განსხვავებულ სავარძლებს. თუ პატარა ფართის ოთახი გაქვთ, გირჩევთ, დაბალი ავეჯი გამოიყენოთ, რითაც უფრო დიდი სივრცის შეგრძნებას მიიღებთ. როგორც წესი, მისაღებში ტელევიზორს, დივანს, სავარძლებს და კონსოლს, ან თაროებს ათავსებენ. მაგიდამ და სკამებმა მისაღებიდან სამზარეულოში გადაინაცვლა. თუ სტუდიოა, მაშინ თავისთავად არის მაგიდა სკამებითურთ წარმოდგენილი, მაგრამ როცა მისაღები ცალკეა, მაგიდა და სკამები სამზარეულოში თავსდება.

- პირადად თქვენ როგორ ბინას ისურვებდით, როგორია თქვენთვის სასურველი ინტერიერი?

- იქიდან გამომდინარე, რომ უამრავ სტილთან მაქვს შეხება, უამრავ სტილს ვნახულობ, ჩემთვის მაინც უფრო მისაღებია მინიმალისტური სტილი, არ მექნება ნივთებით გადატვირთული სახლი, სწორხაზოვანი იქნებოდა ჩემი სახლის ინტერიერი (იღიმის).

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები