2022 წლის ინტერიერის დიზაინის ტრენდები - რა იქნება მოდური მომავალ წელს

პანდემიური რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ბოლო წლები ვცხოვრობთ, კიდევ უფრო დაფასდა ოჯახური სიმყუდროვე და ის გარემო, რაც გვაქვს შინ. ეს ბოლო წლების ინტერიერის ტრენდებზეც აისახა და ამიტომ, 2022 წელს, ისევე როგორც შარშან, აქტუალურია კვლავაც მყუდროება და კომფორტი. გარდა ამისა, თანამედროვე ბინის დიზაინი გაერთიანებული უნდა იყოს ერთი მთლიანი იდეით. აპარტამენტების პროექტი უნდა იყოს ერთ სტილში, ასე ინტერიერი, დიდი ალბათობით, უფრო ჰარმონიულად აღიქმება. ნამდვილი ჰარმონია კი ინტერიერის დიზაინში არა ერთფეროვნებაა, არამედ სხვადასხვა დეტალის გემოვნებით შერწყმა. ასევე ტრენდულია კომპაქტურობა და მრავალფუნქციურობა – ბინა უნდა
აერთიანებდეს ბევრ სივრცეს და მცხოვრების ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებდეს.

განვიხილოთ 2022 წლის ინტერიერის დიზაინის საერთო პრინციპები, როგორი სტილი, როგორი მოსაპირკეთებლი მასალა, განათება და ავეჯი იქნება აქტუალური?
სხვადასხვა სტილის, კომბინირებული ავეჯის ერთმანეთთან შერწყმა ადვილი საქმე არ არის. ამიტომ თავდაპირველად კარგად უნდა ჩამოყალიბდეთ კონკრეტულად რომელი სტილი მოგწონთ, რომელი გინდათ, რომ დომინირებდეს თქვენს ბინაში. მაგალითად, გადაწყვიტეთ სახლი მინიმალისტურ სტილში მოაწყოთ, ნივთების მაქსიმალურად შეზღუდული რაოდენობით, თუმცა ძალიან გიყვართ თქვენი ძველი დივანი და მას ვერ შეელევით. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაიტოვოთ ეს დივანი, თუმცა ერთი პირობით - თქვენს ინტერიერში უნდა გაჩნდეს კიდევ ერთი ძველი ნივთი, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება დივანს და შექმნის სინთეზს.
ეკლექტური სტილი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეუხამოთ ერთმანეთს სხვადასხვა სტილი და შედეგად მიიღოთ დახვეწილი ინტერიერი. იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი იყოს დახვეწილი და საინტერესო, აუცილებელია მიენდოთ საკუთარ ინტუიციას და ისე იმოქმედოთ, გახსოვდეთ, სახლში თავი მაქსიმალურად კომფრტულად უნდა იგრძნოთ.

2022 წლის ინტერიერის დიზაინის საერთო ტრენდები

ჯაპანდი

ეს სტილი მინიმალისტური, იაპონური კულტურის და სკანდინავიური სტილის ტანდემია. დიახ, აზიისა და ევროპის ნაზავი 2022 წელს აქტუალობას არ დაკარგავს და თანამედროვე მოდის დიზაინში მოწინავე პოზიციებს შეინარჩუნებს. ამ სტილს შეესაბამება დაბალი ავეჯი, ნაკლები ფერები და მაქსიმალური ფუნქციონალობა.


იხილეთ მეტი ჯაპანდის სტილზე: ჯაპანდის სტილი ინტერიერში - მომავალი წლის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული სტილი

ჰიპის სტილი
ჰიპის სტილის დიზაინი, რომელსაც ასევე ბოჰოს სტილსაც უწოდებენ, ასევე ტრენდულია. თუ გიყვართ ფერადოვნება და სითამამე, ამ სტილს უნდა მიმართოთ. დაგჭირდებათ მკვეთრი ფერები, უჩვეულო ფორმის ნივთები, დეკორი ინდური ან აფრიკული კოლორიტით.

კიტჩი
კიტჩის სტილიც მკვეთრ ფერებს გულისხმობს და იმის შეთავსებას, რაც თითქოს არ ეთავსება ერთმანეთს. მაგალითად, მკვეთრი პოსტერები კლასიკურ ნახატებთან ერთად, ან ხის კომოდი პლასტმასის სკამებთან.


საშინაო კაბინეტი
დიახ, პანდემიამ სრულიად შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება სამსახურისადმი და დისტანციური სამსახური დღეს აღარავის უკვირს. ლოგიკურია, რომ გაჩნდა მოთხოვნილება, სამუშაო ადგილი სახლში მოწყობილი იყოს მაქსიმალურად მყუდროდ და მოხერხებულად. აქედან გამომდინარე, აქტუალური გახდა ბუნებრივი განათება, ნაკლები ტექსტილი, ბუნებრივი ფაქტურები და ფუნქციური ნივთები. რაც მთავარია, კარგად დაგეგმილი ზონირება.

გარდამავალი ხაზები
სწორხაზოვანი მკვეთრი ხაზები ნელ-ნელა გადადის მოდიდან და ადგილს უთმობს გარდამავალ, ნაზ სილუეტებს. მისაღებში მოდურია ნახევარმთვარის ფორმის დივნები, სამზარეულოში _ მრგვალი მაგიდები. ავეჯი მომრგვალდა და შერბილდა, რაც ინტერიერს დამატებით სინაზეს და ჰაეროვნებას სძენს.

რა ტიპის მასალები იქნება აქტუალური 2022 წელს
ქვა და ხე _ ეს ბუნებრივი, გამძლე, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა მასალა ყოველთვის იყო, არის და იქნება აქტუალური, ნებისმიერ დროში. ეკოლოგია აქტუალობას არასდროს კარგავს. ეგ კი არა, დიზაინერები ამბობენ, რომ წელს განსაკუთრებით იქნება ეკოდიზაინი ტრენდს და შინ გვირჩევენ აკვარიუმის დადგმას, ასევე პატარა ორანჟერეის მოწყობას. თუ არ ხართ მცენარეების მოყვარული, ერთი უპრეტენზიო და ადვილად მოსავლელი ქოთანი მაინც იქონიეთ მისაღებში.

ასევე მოდური იქნება მარმარილოს გამოიყენება როგორც მოსაპირკეთებლად, ისე დეკორის და ავეჯის სახით. შეგიძლიათ მასალები შეუხამოთ ერთმანეთს, მაგალითად შესანიშნავად გამოიყურება ხის სამზარეულო მარმარილოს სამუშაო ზედაპირით.
ასევე აქტუალურია სხვადასხვა მასალის შეთავსება, თუმცა ამას დიდი სიფრთხილე და კარგი გემოვნება სჭირდება.
2022 წლის ინტერიერში ასევე ტრენდული იქნება ხალიჩა, ოღონდ არა ტრადიციული ფორმების, ფერისა და ფაქტურის. აქტუალურია უჩვეულო ფორმისა და აბსტრაქტული გამოსახულებების მქონე პატარა ხალიჩა, რომელიც პატარა კუნძულივით იქნება დიდ სივრცეში. შესაძლებელია, იყოს სრულიად კონტრასტული ფერის.

რაც შეეხება ქსოვილს, მოდური იქნება ხავერდი და ზამში. ისინი მდიდრულად გამოიყურება და აქტიურად გამოიყენება ავეჯის ქსოვილებად, განსაკუთრებით ფირუზისფერი, მწვანე და ცისფერი. ოღონდ გახსოვდეთ, ასეთი ქსოვილი ინტერიერში არ უნდა იყოს ბევრი, მაქსიმუმ, ერთ დივანზე, ან სავარძლებზე.
დეკორში აქტუალურია კვლავაც ხელნაკეთი ნივთები, განსაკუთრებით - ნატურალური მასალების გამოყენებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები