ტყავის უნიკალური და მოდური დივანი, რომელიც სასახლეებსაც ამშვენებს

ინგლისში არისტოკრატიისა და ელიტის არც ერთი ოთახი არ ჩაითვლებოდა სრულყოფილად, თუ მასში ჩესტერფილიდის დივანი არ იდგა. ასე ფიქრობდნენ ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში. საუბარია ტყავის დივანზე, რომელიც დღეს 3000-4000 ევრო ღირს.

როგორ კერავენ ჩესტერფილიდის დივანს 21-ე საუკუნეში
ჩესტერფილიდის დივანს ინგლისში ამზადებენ და იტალიაშიც. ორივე ქვეყნის დივნებისთვის ტყავს იტალიაში ამზადებენ. ის საუკეთესო ხარისხის უნდა იყოს. აგრეთვე, საუკეთესო ხარისხის უნდა იყოს ხის კარკასი. დივნებს ასეული წლების წინ შედგენილი თარგებით კერავენ და აფორმებენ. როცა ჩესტერფილდის დივანი ან სავარძელი მზადაა, მას სპეციალურად "აძველებენ", ანტიკვარული იერი რომ მიიღოს.



საინტერესო და
დასამახსოვრებელი დეტალები:

  • ჩესტერფილდის დივანს ოპტიმალური სირბილე აქვს, საზურგის კუთხე ისეა დამზადებული, რომ ადამიანი მაქსიმალურად კომფორტულად იჯდეს დიდი ხნის განმავლობაში.
  • დივანის ზურგი და სახელური ერთ სიმაღლეზეა განლაგებული.
  • მომრგვალებული სახელურები კაპიტელის კოლონების დეტალებს მოგაგონებთ.
  • ჩესტერფილდის რომბური დიზაინი და ტყავის ღილით დამაგრებული ნაკერი არც ერთ დივანში არ შეგეშლებათ.
  • დივანს აქვს პატარა, შეუმჩნეველი ფეხები.
  • ჩესტერფილდის დივანში ზამბარა პირველად 1850 წელს გამოიყენეს.

უნიკალური დიზაინის გარდა, დივანი იმითაცაა გამორჩეული, რომ როგორც ინგლისელი მწარმოებლები ამტკიცებენ, მაღალხარისხიანი ხის კარკასითაა დამზადებული. მას ძვირფასი ტყავის გადაკვრამდე ცხენის ძუით ავსებენ. ტყავის დასაფიქსირებლად მხოლოდ თითბერის ლურსმნებს იყენებენ. დივნის "ფეხებს" ფუნთუშას ფორმა აქვთ და წითელი ხისგანაა დამზადებული. აღსანიშნავია ისიც, რომ დივანს დღესაც ძირითადად ხელით აწყობენ და ამზადებენ. ტყავს 40-მდე ფრად ღებავენ, პოპულარულია: ყავისფერი, წითელი, მწვანე, მაგრამ თეთრი ყველაზე ძვირფასად მიიჩნევა. სლადერში გადახედეთ დამზადების პროცესს.



საუკუნეების წინ ჩესტერფილიდის დივანს მხოლოდ ტყავისა და ძვირფასი ხავერდისგან ამზადებდნენ. დღეს მათ დენიმიც შეემატა. თუმცა, რა გასაკვირია, როცა ჩესტერფილდის გასაბერი დივნებიც არსებობს.



ინტერიერში ჩესტერფილიდის დივანს უხდება ბეწვი და ცხოველური პრინტები.

ისტორიული მიმოხილვა
ამ დივანმა ფილიპ დორმერ სტენჰოუპ ჩესტერფილდის (1694-1773) სახელი მიიღო. ფილიპი დიპლომატი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ (ავტორი ნაწარმოებისა "წერილები ვაჟიშვილს". სწორედ მისი ძალისხმევით გადავიდა ინგლისი გრიგორიანულ კალენდარზე). ფილიპმა შეუკვეთა პირად ოსტატს ავეჯი, რომელიც ნამდვილ ინგლისელ ჯენტლმენს სამოსს არ დაუკუჭავდა და ამასთანავე, კომფორტული იქნებოდა.
თუმცა, სხვა ვერსიაც არსებობს. მის მიხედვით, "კაპიტონემ" (ფრანგულიდან - capitonner რაც ავეჯის გადაკვრას ნიშნავს), ტექნიკა, რომლის დროსაც ავეჯზე გადაკრული ტყავის დასამაგრებლად ღილებს იყენებენ, პოპულარობა ნაპოლეონ მესამის ეპოქაში ანუ მეცხრამეტე საუკუნეში ჰპოვა. ასეთი მეთოდი საჭირო იყო იმისათვის, რომ ცხენის ძუა, რომლითაც დივანი იყო გამოტენილი, თანაბრად გადანაწილებულიყო. ამ ტექნიკას თავდაპირველად ეტლების შიდამოსართავად იყენებდნენ.





ერთ-ერთი ვერსიით კი სავარძელს სახელი იმ ინგლისური ქალაქის მიხედვით ეწოდა, სადაც ის პირველად დაამზადეს.
თავისი წვლილი გაურკვევლობა ჩესტერფილდის დივნების ისტორიაში კანადელებმაც შეიტანეს, რომლებიც ყველა რბილ ავეჯს, მათ შორის სოფას, სავარძლებს, საწოლის საზურგეებს, პუფებსა და ტახტსაც კი "ჩესტერფილდის" ეძახდნენ.



ჩესტერფილდის თაყვანისმცემლები
ამბობენ, რომ ჰორაციო ნელსონი ჩესტერფილიდის დივნის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. იგი სამეფო ფლოტში მსახურობდა და ვიკონტის წოდება ჰქონდა. 1765 წელს აგებულ გემ "ვიქტორიას" დარბაზები ჩესტერფილიდის დივნებით ჰქონდა განლაგებული.
ფსიქოანალიზის "მამა" ზიგმუნდ ფროიდიც ჩესტერფილდის თაყვანისმცემლი გახლდათ. სეანსებზე პაციენტებს არისტოკრატიულ დივანზე აწვენდა.
უკანასკნელი 250 წლის მანძილზე ჩესტერფილდის დივანი საპატიო ადგილს იკავებს მეფე-დედოფლების, მდიდარი და ცნობილი ადამიანების აპარტამენტებში.


როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ყალბისგან
პოპულარულ დივანს უამრავი ყალბი ანალოგი გამოუჩნდა. ორიგინალს არ უნდა ჰქონდეს ფირფიტის კარკასი. შეიძლება იგი სველი ხისგან დაამზადონ, რომელიც გაშრობის შემდეგ ჭრიალს დაიწყებს და შეიძლება მოირყეს კიდეც. იგი შეიძლება პენოპოლიურეტანით (პოროლონი) იყოს ამოტენილი. ნამდვილ ჩესტერფილდის მყარი ან საშუალოდ მყარი საზურგე უნდა ჰქონდეს. მაშინ როცა პოროლონი ადვილად კარგავს ფორმას. მის გარდა იყენებენ ღრუბელსაც (ისეთს, რომლითაც ჭურჭელს რეცხავთ). ესთეტიკურადაც ჩესტერფილდის დივნებს უკეთესი ვიზუალი აქვთ. რომბებს შორის არ უნდა იყოს გაჩენილი "ნაოჭები". ნამდვილი ჩესტერფილდის ოსტატებს რომბების დასამზადებლად 3-4 დღე სჭირდებათ. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს დივნის საჯდომი მართკუთხედი ბალიშები, მათი შეკერვა ნებისმიერ მკერავს შეუძლია, მაგრამ მყარს და მოხერხებულს მხოლოდ ოსტატი თუ შეკერავს.

საშვილიშვილო შენაძენი
როგორც სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ, ჩესტერფილდის დივანი საკმაოდ ძვირადღირებულია. თუმცა, ის არაერთ თაობას ემსახურება. გასათვალისწინებელია ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსიც: თუ დიდი მისაღები გაქვთ, ჩესტერფილდის დივანი საუკეთესო არჩევანია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ იგი პატარა ოთახს არ უხდება, რადგან მასიურია. ამასთანავე, თუ ვიწრო კარი გაქვთ, ელიტური დივნის შინ შეტანა გაგიჭირდებათ. ეს დეტალი წინასწარ გაითვალისწინეთ

კომენტარები

34 2018-03-13 20:08
ცხენის ძუა სად არის?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები