საძინებლის დიზაინზე როცა ფიქრობს, ადამიანს სურს, იქ განსაკუთრებული გარემო შექმნას, რომელიც დასვენებასა და მოდუნებას უწყობს ხელს. გარდა იმისა, რომ ეს სრულფასოვანი და მშვიდი ძილისთვის არის აუცილებელი, კარგი განწყობა, რომელიც დილით გაღვიძებისას დაგეუფლებათ, მთელი დღე გაგყვებათ.
1-ლი რჩევა: იმისათვის, რომ საძინებლის დიზაინი ნამდვილად უწყობდეს ხელს სასიამოვნო დასვენებას, დიზაინის შემუშავებისას რამდენიმე პრინციპი უნდა გაითვალისწინოთ, რომლებიც ამ ოთახის იდეალურ მოწყობაში დაგეხმარებათ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სათანადო სივრცეს ქმნის, არის განათება.
თუ სანათ მოწყობილობებს სწორად განათავსებთ, ამით ოთახიც უფრო დიდი გამოჩნდება და გარკვეულ განწყობილებასაც
მე-2 რჩევა: საძინებელში შესანიშნავი დიზაინის შექმნა შეიძლება სათანადო ფერის გამოყენებით. მშვიდი და თავისუფალი გარემოს შესაქმნელად ყველაზე მართებულია ნეიტრალური ტონების გამოყენება: კრემისფერი, თეთრი, ღია ცისფერი, ღია ვარდისფერი, ღია მწვანე. თუ საღებავს გამოიყენებთ, სასურველია, ის ეკოლოგიურად სუფთა იყოს, რათა ბუნებრივ გარემოში გეძინოთ. შეგიძლიათ, რამდენიმე დეტალი, ზოლი შედარებით მუქი ფერისა შეიტანოთ, მაგალითად, მუქი ვარდისფერი, მწვანე ან ბორდოსფერი. მკვეთრი ფერები გრძნობების სტიმულირებას ახდენენ და სწორი აქცენტების გაკეთების საშუალებას მოგცემენ. მაგალითად, ღია ფერის საწოლის გადასაფარებელზე შეგიძლიათ, იმავე ფერის, ოღონდ უფრო მკვეთრი ტონის ბალიშები დაალაგოთ, შედარებით მკვეთრი ტონის ფარდები ჩამოაფაროთ და ა.შ.
მე-3 რჩევა: თბილი, ინტიმური და იმავდროულად რომანტიკული დიზაინის შექმნაში დაგეხმარებათ სწორად შერჩეული ქსოვილები. ფანჯრებზე ფარდები, საწოლის გადასაფარებელი, ნოხი ან ტყავი იატაკზე – ეს ყველა ელემენტი ინტერიერს ავსებს და ოთახში გარკვეულ გარემოს ქმნის. მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაშიც გაითვალისწინოთ შერჩეული ფერთა გამა და ყველა ქსოვილის ფაქტურა ასე თუ ისე შეუხამოთ ერთმანეთს.
მე-4 რჩევა: დასკვნითი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი აკორდი საძინებლის დიზაინში არის ავეჯი და მისი განთავსება. ბუნებრივია, ავეჯის არჩევისას გადამწყვეტი ფაქტორია ოთახის ზომები. თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს გარკვეული წესები. მაგალითად, არ შეიძლება დიდი ავეჯის განთავსება ფანჯრებთან, რადგან ეს ჩაკეტილი სივრცის შთაბეჭდილებას შექმნის და ოთახს დატვირთავს. საწოლის გარშემო აუცილებელია ადგილის დატოვება, რათა მის გარშემო თავისუფლად გადაადგილება შეგეძლოთ, თავთან კი არ არის რეკომენდებული უშველებელი თაროების დაკიდება, რადგან ეს არ არის უსაფრთხო.