"198 ლარი ერთი ფინჯანი?" - რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი ცნობილი ბრენდის ჭურჭელზე გამოჩნდა

ეს ლამაზი ფინჯანი სოციალურ ქსელში აღტაცების ობიექტად იქცა. ის თბილისში Villeroy& Boch-ის მაღაზიაში იყიდეს თითქმის 200 ლარად. დაინტერესება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მასზე ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევარია გამოსახული.

"რომ გაგიტყდეს, ხომ უნდა გადაყვე თან"
"ისეთია, რომ უნდა გედოს, შეინახო და ხანდახან არისტოკრატულად შეახო ტუჩები"
"198 ლარი ერთი ფინჯანი?"
"არაა ძვირი. იმის გათვალისწინებით რომ 400$ მიმიცია ერთ ჭიქაში" - ასეთი კომენტარები ახლავს ნამუშევარს.
როგორც აღმოჩნდა, ცნობილი გერმანული კომპანიის ჭურჭელზე რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატები ლიმიტირებული, საიუბილეო გამოშვების ფარგლებში მოექცა. კოლექციის
სახელწოდებაა "სიყვარული და ჰარმონია ურთიერთობაში"...


რუსუდან ფეტვიაშვილის სახლი-სახელოსნო და მოხატული კედლები



ამ საკითხთან დაკავშირებით თავად რუსუდან ფეტვიაშვილი გვესაუბრა:
- კომპანიის ფილიალი საქართველოში უკვე ათი წელია არსებობს. დირექტორმა გიორგი მახათაძემ შემომთავაზა, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჭიქა მომეხატა... მართალია, აბსოლუტური თავისუფლება მომცეს, მაგრამ ჭიქა, თუ არ ვცდები, გერმანელი დიზაინერის მიერ არის შექმნილი და ფორმა უკვე არსებობდა. ასევე არსებობდა ამ ჭიქაზე რაღაც გარკვეული შეზღუდვებიც. ნახატი უნდა გადასულიყო სახელურზე და ორი სივრცე ერთმანეთთან უნდა დამეკავშირებინა. ასე ვთქვათ ზომებში და ფორმებში შეზღუდული ვიყავი... ბევრი ესკიზი გავაკეთე. ბევრი ვარიაცია ვცადე ჯერ ქართულ თემაზე, საქართველოს ისტორიაზე, რადგან საქართველოში გახსნილი ფილიალის საიუბილეო თარიღი აღინიშნებოდა... საბოლოო ჯამში კი მაინც სიყვარულის თემა ავირჩიეთ... სამი ესკიზი გავაკეთე სიყვარულის თემაზე, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული და ქართულმა და გერმანულმა მხარემ ერთ-ერთი აირჩიეს, რომელზეც მუქი ლურჯი ტონები ჭარბობს.

- საერთოდ თუ ხართ ჭურჭლის მოხატვით დაინტერესებული?
- გულახდილად გეტყვით, ძალიან გამიხარდა, როდესაც ეს შემოთავაზება მივიღე... ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან და თავიდანვე აღფრთოვანებული ვარ ამ ბრენდით. მთელი სერიოზულობით მივუდექი აღნიშნულ შემოთავაზებას, ძალიან გახარებული ვიყავი. თუ გაგრძელდება, ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას!
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები