მოხატული ნიჟარები და ჭურჭელი - ყველაზე მოდური ნივთები ქართველი კერამიკოსებისგან

კერამიკული და თიხის ნაკეთობების როლი ინტერიერსა თუ ექსტერიერში საკმაოდ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში თიხის უდიდესი მარაგი არსებობს და ქართული კერამიკის ისტორია ათასწლეულებს ითვლის, ეს დარგი, თუნდაც გასულ ათწლეულში, გადაშენების პირას იდგა. ალბათ მიზეზი დაბალი ხარისხი და მხატვრული დონე იყო, თუმცა დღეს ამ მხრივ ვითარება საგრძნობლად შეცვლილია. ჩვენ ერთ-ერთ შემოქმედებით სახელოსნოს ვესტუმრეთ, სადაც კერამიკოსთა და მხატვართა ჯგუფი ისეთი ლამაზი ნივთების შექმნასა და მოხატვაზე ზრუნავს, როგორებიცაა სანათი, საათი, კედლის პანო, დეკორატიული ლარნაკები, ჭურჭელი, სკულპტურული ნამუშევრები ექსტერიერისთვის, აბაზანის აქსესუარები და ა.შ...
ჩემი განსაკუთრებული დაინტერესება სწორედ აბაზანის აქსესუარებმა გამოიწვია, რომლის მეშვეობითაც ეს ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სივრცე, განსაკუთრებულ იერს იძენს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ აქ დამზადებული ყველა ნივთი ექსკულუზიურია და არ მეორდება.



სტუდიის ხელმძღვანელი ნატო ერისთავი:

- სტუდია-სახელოსნოს დაფუძნების იდეა მე და ჩემს მეგობარ ნინო ყამბარაშვილს გვეკუთვნის. კერამიკა ჩემი სპეციალობაა და ესაა საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ. სულ გული მწყდებოდა, რომ სხვა ქვეყანაში არსებობდა კერამიკული ნამუშევრების გალერეა-სახელოსნოები, ჩვენთან კი არ იყო, მაშინ როცა ჩვენ ამ დარგის დიდი კულტურა და ტრადიცია გვაქვს. კერამიკის უხარისხო და სინამდვილეში, საკვებთან შეუთავსებელმა, ტოქსიკური საღებავებით დაფერილმა ნამუშევრებმა მასზე მოთხოვნა შეასუსტა და საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ დარგმა განვითარება შეწყვიტა.

სტუდია-სახელოსნოს ჩამოყალიბებამდე ვმუშაობდი როგორც მხატვარი, დავდიოდი უცხოეთში კერამიკულ სიმპოზიუმებზე, კონფერენციებზე. კერამიკის სიყვარული ალბათ მაინც ოჯახიდან მოდის, დედაჩემს ყოველთვის უყვარდა კერამიკული ნივთები, მთელი მსოფლიოდან ეზიდებოდა ჭურჭელს, დღემდე გვაქვს ჩაიდნებისა და თეფშების კოლექციები. მიუხედავად სიყვარულისა, მე თვითონ არასდროს მქონდა ნამუშევარი კერამიკაზე. გადავწყვიტე, შევკრებილიყავით მხატვართა ჯგუფი და გვეცადა ამ დარგის ხელახლა გამოცოცხლება. პირველ რიგში დავიწყეთ იმის შესწავლა, თუ როგორ გაგვეკეთებინა ამ მასალით ხარისხიანი, ლამაზი ნივთი, რომელიც იქნებოდა თან ქართული, თან საავტორო, თან უნიკალური. დღემდე ვაკეთებთ ისეთ ნივთებს, რასაც თავად ვისურვებდით, რომ სახლში გვქონდეს. ძალიან მომწონს თეთრი თიხა, სულ მინდოდა უცხო ქვეყნებიდან ჩამომეტანა, მაგრამ წონის გამო ვერ ვახერხებდი, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ მხრივაც დაგვეწყო მუშაობა, ვცადეთ და ფაქტია, გამოვიდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საზოგადოება აგვყვა და მათგან ვიგრძენით მხარდაჭერა. მარტივი გზა არ გამოგვივლია, საკმაოდ რთული იყო პირველი 2-3 წელი. დავამტკიცეთ, რომ კერამიკას აქვს უდიდესი პოტენციალი, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში. დროთა განმავლობაში მომხმარებელმა კარგად გაგვიცნო, თუმცა ძალიან რთული იყო იმ სტერეოტიპის დანგრევა, რომ საქართველოში წარმოებულ კერამიკაში შეიძლება ცხელი წყალი ჩაასხა, რომ არ დაიშლება და არ გაფუჭდება, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მივაღწიეთ ამ შედეგს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ დღემდე მაინც ჩნდება შეკითხვა, ეს რომ გავრეცხო რამე მოუვა, დაზიანდება, გატყდება? პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქართული კერამიკის აღარ სჯერა ქართველს, ნდობა ხარისხის მიმართ დაკარგულია. მაგრამ, როცა ჩვენ ვაგებთ პასუხს ჩვენ მიერ ნაწარმოებ ყველა ნივთზე, ამის შემდეგ რატომ უნდა გადაიხადოს ადამიანმა ფული თურქულ ან ჩინურ კერამიკაში, რომელსაც ქარხანა დღეში 200 ცალს და ორასივე ერთნაირს აკეთებს? და არ უნდა შეიძინოს ქართული ხელნაკეთი შემოქმედება? ეს იგივენაირი ხელოვნებაა, როგორიც მხატვრობა. დღესდღეობით, კერამიკას შეხვდებით ინტერიერში, ექსტერიერში, ლენდარტში. შესაბამისად, ჩვენც მრავალი მიმართულებით ვმუშაობთ.



- ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება აბაზანის აქსესუარებმა მიიპყრო. როგორც მომხმარებელს შემიძლია, ჩემი ნიჟარა მოვიტანო და თქვენ მომიხატოთ, თუ თქვენს ნიჟარაზე ასრულებთ ამ სამუშაოს?

- როდესაც პირველად მოვხატეთ პირსაბანი, ჩვენ თვითონვე მოგვეწონა, მერე მივყევით ამ საქმეს და დღემდე დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ. მალე, აღმოვაჩინეთ, რომ გარდა ესთეტიკური მხარისა, ეს პირსაბანები განწყობასაც ქმნის - დილით რომ შედიხარ სააბაზანოში პირის დასაბანად და ასეთი ფერადი, ლამაზი ნივთი გხვდება, რომლიდანაც შეიძლება გიყურებდეს ჩიტი, თევზი, ეს უკვე არის საფუძველი იმისა, რომ დღე კარგად დაიწყოს. ჩვენი სურვილია, პოზიტივი შევიტანოთ იმ ოჯახებში, სადაც ჩვენი პირსაბანები დადგება. მეც ძალიან მინდა, მქონდეს სახლში.



- და რატომ არ გაქვთ?

- ვერასდროს მოვიცალე, რომ ჩემთვის გამეკეთებინა, თან სულ ვფიქრობ, რომ ახლა იმაზე ლამაზს გავაკეთებ, ვიდრე წინა იყო... და არ მთავრდება სილამაზის ზღვარი (იღიმის).

- მივუბრუნდეთ პირსაბანის მოტანისა და მოხატვის თემას...

- ყველა კითხულობს ამას, მეტიც, ზოგი გვთხოვს, იქნებ მოხვიდეთ და უკვე დამონტაჟებული ნიჟარა მოგვიხატოთო. ეს შეუძლებელია, ბევრმა არ იცის ამ ტექნოლოგიის შესახებ და ამის გამო სვამს ამ კითხვას. ზუსტად ამიტომ, ჩვენ გვაქვს სასწავლო კურსები, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, მოვიდეს და საკუთარი ხელით მოხატოს თავისი ნიჟარა, თან ნახავს, გადადის თუ არა ფერები, ფუჭდება თუ არა ცხელ წყალსა და სხვადასხვა საშუალებაზე და ა.შ.



გვქონდა პრეცედენტი, როცა დამკვეთის მიერ მოტანილი პირსაბანი კი არა უნიტაზიც მოვხატეთ, მაგრამ საქმე რა არის იცით? ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას, გაუძლებს თუ არა თქვენ მიერ მოტანილი ნივთი იმ ტემპერატურას, რაც მისი გამოწვისთვისაა საჭირო. დღევანდელ დღეს ბაზარზე წარმოდგენილ აბაზანის აქსესუარებზე კი ამბობენ, კერამიკააო, მაგრამ რეალურად მასალაში კერამიკასთან ერთად ბევრ სხვადასხვა რამეს ურევენ, სიმყარის, სიიაფის თუ სხვა მიზეზების გამო. ამიტომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ მის სიმყარეზე. მე პასუხს ვაგებ იმაზე, რომ საღებავი არ გადასძვრება ჩემ მიერ მოხატულ ნიჟარას, რადგან ვწვავ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე. მე მაინც ჩემს ხარისხზე უფრო ვაგებ პასუხს, ვიდრე მოტანილ ნივთზე. როცა რაიმეს ვაკეთებ, მინდა მშვიდად და წყნარად ვიყო, ამიტომ ვამჯობინებ საკუთარ ნაწარმს. ჩვენ მიერ შექმნილი პირსაბანები უკვე 4 წელია დგას რესტორნებში თუ სახლებში და ჯერ არავინ მოსულა პრეტენზიით. კიდევ ვიმეორებ, ეს იმხელა ტემპერატურაზე იწვება, ვერანაირი ქიმიური თუ სარეცხი საშუალება ვერ მიაყენებს ზიანს. ყველას ვეუბნები, - ხეხეთ, რეცხეთ რითაც გინდათ, არაფერი დაემართება-თქო და ასეცაა. ერთადერთი შეიძლება დაზიანდეს, თუ ჩაარტყამთ, ანუ ტყდება და ფუჭდება ზუსტად იმავენაირად, როგორც მოუხატავი ნივთი.

- რაც შეეხება ტენდენციებს, მოთხოვნებს, ძირითადად რას გიკვეთენ?



- ძალიან მიხარია, რომ აქტუალური გახდა ფერადოვნება, ეს არა მხოლოდ აბაზანას, ყველა ჩვენს ნამუშევარს ეხება. დიდხანს ვიყავით შავსა და ნაცრისფერში გახევეულები და კარგია, ახლა ფერების მიმართ მოთხოვნილება რომ გაგვიჩნდა. თუმცა ზომიერება აქაც საჭიროა, არაა მისაღები, სააბაზანოში მოხატული იყოს ყველა ნივთი - პირსაბანი, აბაზანა, პირსაბანის მაგიდა, სარკე. როცა ისეთი რაღაცის გაკეთებას გვთხოვს მომხმარებელი, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ვცდილობთ, გადავაფიქრებინოთ და რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ. კატეგორიულად არ ვიღებთ ისეთ შეკვეთას, რასაც სიამოვნებით არ გავაკეთებთ. თითოეული ჩვენი ნამუშევარი ჩევნი იმიჯია.

- ფასი რით განისაზღვრება - ესკიზის სირთულით, მოსახატი ნივთის ზომით, თუ არის კიდევ სხვა კრიტერიუმი?

- სტანდარტული ფორმის პირსაბანის დამზადებას, გამოწვას, შიგნიდან მოხატვას რა შრომაც სჭირდება, ფასიც შესაბამისი აქვს - 400 ლარიდან ზემოთ. მაგრამ თუ დამკვეთს უნდა განსხვავებული ზომის, ფორმის ნივთი, რომელიც იქნება მოხატული როგორც შიგნიდან, ასევე გარედან, ან თუ რაიმე ისეთი ნახატი უნდა, რაც ხაზვას და დამატებით შრომას მოითხოვს, შეიძლება ფასმაც აიწიოს. ზოგი ოქროსაც ითხოვს, ჩვენ იმ ოქროს არ ვიყენებთ, რაც ელიავას ბაზრობაზე იყიდება, მე ნამდვილ კერამიკულ ოქროს ვგულისხმობ... მაშინ თავისთავად მოიმატებს ფასი.



- თქვენ მუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, ესაა სანათები, საათები, ჭურჭელი, პანოები, აბაზანის აქსესუარები და კიდევ მრავალი.... ყველაზე მეტად რაზეა მოთხოვნა?

- ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა სანათები, ბრები და ჭერის განათებები. გარდა ამისა, ბოლო წლებში ვთანამშრომლობთ სხვადასხვა რესტორანთან, გვიკვეთენ ჭურჭელს და ჩვენც ექსკლუზიურად მათთვის ვამზადებთ. გვსიამოვნებს, რომ მხოლოდ კერძებით კი აღარ ეპაექრებიან რესტორნები ერთმანეთს, არამედ ჭურჭლითაც, რომლითაც თავიანთი შემოქმედება უნდა წარუდგინონ სტუმარს, და ამ ჭურჭლის ავტორ-შემოქმედები ხშირად ჩვენ ვართ.

ციცი ომანიძე

კომენტარები

თათია 2021-06-25 15:10
როგორ დავუკავშირდე?
ნანა 2018-08-21 10:50
მშვენიერია!!!!!
ანკა 2018-05-24 14:51
მისამართი ან სტუდია დაწერეტ რომელია?
პაპუნა 2018-04-19 12:55
ძალიან კარგ და ქართულ საქმეს აკეთებთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები