ვაჟა-ფშაველა ინტერიერში - ვინ არის კაცი, რომელმაც საყვარელ მწერალს მთელი კედელი დაუთმო

სახლის ინტერიერი, რა თქმა უნდა, მფლობლის გემოვნებასა და შინაგან სამყაროს გამოხატავს. ამიტომ ყველაფერი, რასაც ადამიანი თავისი სახლის გასაფორმებლად იყენებს, მისი ხასიათის გამოძახილია და თითქოს ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ალბათ ცოტათი მაინც გაოცდებით, როცა ერთ ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლში შესულს მთელი კედელი ვაჟა-ფშაველას პანოთი დამშვენებული დაგხვდებათ.
დღეს, 14 ივლისს გენიალურ მწერალს 158 წელი შეუსრულდებოდა. ვფიქრობთ, დღეს ყველაზე შესაფერისი დროა ეს სახლი და მისი მფლობელი გაგაცნოთ.
ამ სახლში ქორეოგრაფები და მოცეკვავეები, ანსამბლ "თოლიგეს" ხელმძღვანელები დავით ფრიდონიშვილი და მისი მეუღლე დიანა ბლიაძე ქალიშვილთან ერთად
ცხოვრობენ. ვაჟა-ფშაველას პანოც უკვე წლებია, მათ სასტუმრო ოთახს ამშვენებს და როგორც აღმოჩნდა, დავითის ინიციატივით.

- ეს ჩემი ახირება იყო. როცა ამ ბინაში გადმოვედით და რემონტის კეთება დავიწყეთ, მაშინ გავუზიარე ჩემებს ეს აზრი. ვერ ვიტყვი, რომ მაშინვე დამთანხმდნენ, უცნაურად ეჩვენებოდათ, მაგრამ ბოლოს დავარწმუნე და ეს სურვილი ავისრულე. ეს ფოტოც წინასწარ მქონდა შერჩეული.

1

- რატომ მაინცდამაინც ვაჟა-ფშაველა?
- ჩემი რჩეულია, ყოველთვის მიყვარდა ეს ადამიანი ამაზე დიდი მწერალი არც მეგულება არსად. დიდი ადამიანი იყო.

- მსგავსი რამ სადმე სხვაგან გინახავთ და ამან გიბიძგათ, თუ თქვენი იდეა იყო?
- არა, სახლში მთელ კედელზე მწერალი არასოდეს მინახავს. ჩემი სურვილი და იდეა იყო.

- სტუმრებს, ვინც ამ პანოს პირველად ხედავს, რა რეაქცია აქვთ?
- თავიდან შეიძლება გაუკვირდეთ, მაგრამ მერე აღფრთოვანებულები არიან და სელფებს იღებენ.

- დროთა განმავლობაში რაიმეს შეცვლას აპირებთ ამ კედელზე?
- აუცილებლად. არწივის ან შევარდენის ფიტულს ვეძებ, რომ კედლის ზედა მხარეს მოვათავსო. მგონი ძალიან მოუხდება. თუმცა ფიტულის მოვლა იოლი საქმე არ არის, ბუმბულს თავისებური გაფრთხილება სჭირდება, რომ არ დაბინძურდეს და უსაფრთხო იყოს.

- სახლში იადონებიც გყავთ... მოეწონებათ უფრო დიდი ზომის თანამოძმე სახლში?
- სხვათა შორის, ეგეც მაფიქრებს (იცინის). შეიძლება, შეეშინდეთ და აღარ იგალობონ. ამიტომ ჯერ ვერ გადამიწყვეტია...

კომენტარები

lia 2019-07-26 16:03
ნაღდი ქართველები!
guro 2019-07-20 12:58
kaci xar kacuri
ვას 2019-07-17 14:32
მაგარია

კომენტარის დამატება