თაღი და ინტერიერის კიდევ 5 ტრენდი, რომელიც უეცრად ისევ მოდური გახდა

მოდა ცვალებადია და თანაც, ბრუნვადი. ამიტომაც არის, რომ ყოველ წელს მოდაში თავს იჩენს ხოლმე ახალი ტრენდი, რომელიც აქტუალური იყო 10, 20 თუ 30 წლის წინ. შემოგთავაზებთ იმ ტრენდების ჩამონათვალს, რომელიც წელს დაუბრუნდა მოდას, თუმცა ოდნავ სახეცვლილ მდგომარეობაში.

1. თაღი

თაღი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში გაჩნდა, შემდეგ რომში და ნელ-ნელ მყარად მოიკიდა ფეხი ინტერიერში. პოპულარობის პიკს კი გასული საუკუნის 90-იან წლებში მიაღწია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ინტერიერისთვის მის მორგებას ბევრი დიზაინერი ვერ გაბედავდა, თუმცა 2020 წელს თითქმის ყველა თანამედროვე ევროპულ ინტერიერში
ფიგურირებს.
მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ თაღებმა სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა. კერძოდ, მას ახალი ფორმატი გამოუჩნდა; თანამედროვე მოდელები შედარებით ვიწრო და მაღალი გახდა, გაქრა ასევე მისი მასიური მოსაპირკეთებელი, ძირითადად ხის ელემენტები. ტრენდული თაღები მაქსიმალურად მინიმალისტურია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მისი ფერით გამოყოფაა. სწორედ ეს თავისებურება ხდის ოთახთაშორის თაღს დახვეწილს და მოდურს. ამისთვის მხოლოდ თაღის შიდა მხარის ან მის ირგვლივ კედლის კონტრასტულ ფერად შეღებვაა საჭირო. ამის შემდეგ თაღი აუცილებლად მიიქცევს თავის წილ ყურადღებას.
საყურადღებოა, რომ თაღი გამოიყენება არა მარტო როგორც ოთახიდან ოთახში გასასვლელი, არამედ როგორც კედლის დეკორაცია, როგორც კარადის ფასადი და ა.შ. თაღის ასეთ პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ ახლა ძალიან მოდაშია გეომეტრიულობა, ჰოდა, თაღიც ამ მოთხოვნას ყველაზე მატად აკმაყოფილებს.

2. მაკრამე

წარსულიდან მობრუნებული კიდევ ერთი ტრენდი მაკრამეა. ხელოვნების ამ ნაირსახეობას ძალიან ბუნდოვანი და არეული წარსული აქვს. ყველაზე გავრცელებული ვერსია მის წარმოშობასთან დაკავშირებთ მეზღვაურებსა და მათ ცნობილ კვანძებს უკავშირდება, რომლითაც ჰამაკებს ქსოვდნენ.
რაც შეეხება ინტერიერის გაფორმებას, ამ კუთხით მაკრამემ პოპულარობა 70-იან წლებში მოიპოვა. ამისთვის მადლობა ჰიპებს უნდა გადავუხადოთ, რომელთაც წინ წამოწიეს ინტერიერის საკუთარი ხელით შექმნილი ნივთებით გაფორმების ტენდენცია. დღეს კი ბოხო-შიკის სტილში გაფორმებულ ბინებში მაკრამე ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება და ეწერება. თუმცა, 70-იანი წლებისგან განსხვავებით, თანამედროვე მაკრამე ბევრად ასიმეტრიულია. მისი დამახასიათებელი კიდევ ერთი თვისება დაუსრულებლობაა.

3. ბახრამა

ბახრამას საკამოდ დიდი ისტორია აქვს, გრძელი და ცოტა ჩახლართული. დეკორის ეს ელემენტი ძირძველი ამერიკელების მოგონილია, თუმცა ქალების მოსართავ და ინტერიერის აქსესუარად არტ-დეკოს ეპოქაში ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ამ ელემენტის დიზაინში დაბრუნებას, ესეც 70-იან წლებს უკავშირდება და ამ შემთხვევაშიც ჰიპებს უნდა ვუმადლოდეთ.
ბახრამას ყველაზე ხშირად სანათის აბაჟურად იყენებენ. ეს ამ ელემენტის ყველაზე პოპულარული ვარიანტია. ზოგს ეს დეკორი გასული საუკუნის 20-იან წლებს მოაგონებს, ზოგსაც ბებიის სახლს. ბახრამა შეიძლება შეგხვდეთ ასევე ბალიშებზე და ყოველდღიური მოხმარების სხვადასხვა ნივთებზე, ძირითადად ტექსტილში. ფერი შეიძლება იყოს ინტერიერთან ჰარმონიულად შერწყმული ან კონტრასტული.

4. ტერაცო

წელს ვერც ერთი მოდური ინტერიერი დააღწევს თავს ტერაცოს, ეს გახლავთ კერამიკული ფილები ნატურალური ქვებით. ამ ტრენდს საფუძველი ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში ჩაეყარა, 20-იან წლებში ხმამაღალი განაცხადი გააკეთა, მოდას 70-იან წლებში დაუბრუნდა და გაქრა, რათა განეცადა ტრანსფორმაცია და ტრიუმფით შემობრძანებულიყო 2020 წელს.
თუმცა, თუ ადრე ეს ტექსტურა მხოლოდ იატაკზე გვხვდებოდა, ახლა ტერაცო ნატურალური ქვების მოზრდილი ელემენტებით უფრო მეტად გვხვდება, ამ მასალით ამზადებენ ავეჯს, სამზარეულოს ფასადებს, სანათებს, იყენებენ აბაზანაში. ამ შემთხვევაში ყველაფერი დიზაინერის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მარმარილოს მოზაიკური სამზარეულოს სამუშაო ზედაპირი, რომელიც ორგანულად ერწყმის ინტერიერის ნებისმიერ სტილს. ტერაცო იდეალურია ასევე კედლის აქცენტად ან აბაზანის მოსაპირკეთებლად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის იატაკიდან ჭერამდე არის გამოყენებული.

5. "აღმოსავლური კიტრი"


ეს პეისლის მეორე სახელწოდებაა, უძველესი სტილი, რომელიც ევროპაში ინდოეთიდან შემოვიდა ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში. თავდაპირველად ეს ორნამენტი ასოცირდებოდა აღმოსავლურ ფუფუნებასთან და მას ყველა ინტერიერში როდი ნახავდით. ამ ელემენტის გააზრება მოხდა გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ბითლზები გამოჩნდა ასპარეზზე და ამ ჯგუფის წევრების სამოსს ეს ორნამენტი ამშვენებდა. ამჯერად დეკორის ეს ელემენტი აღქმული იქნა არა როგორც ფუფუნების საგანი, არამედ როგორც დემოკრატიული საოჯახო ტექსტილი.

2020 წელს ეს ორნამენტი გაჩნდა ძირითადად შპალერზე, ფარდებზე, თეთრეულზე, ავეჯის შალითებზე, სხვადასხვა აქსესუარზე, თუმცა ამჯერად ის ბევრად უფრო დემოკრატიულად გამოიყურება, ვიდრე მისი წინაპარი.
პეისლი თავისთავად უკვე საკმაოდ მკვეთრი აქცენტია, ამიტომ მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
იმისათვის, რომ ამ ორნამენტმა ინტერიერი ვიზუალურად არ დაამძიმოს მის გამოყენებას დეკორის ელემენტებად გირჩევთ.

6. ინგლისური კლასიკა
როგორც ვიცით, ისტორია სპირალისებურად ბრუნავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროა ისევ დავუთმოთ სათანადო ყურადღება ძველ, თბილ კლასიკას, ინგლისურ სიღრმესა და დახვეწილობას.

თუმცა 2020 წელს კლასიკური სტილი შერჩევის დროს არ ღირს ყურადღების გამახვილება ჩუქურთმებსა და მოოქროვილ ნივთებზე, ვერსალის სტილზე. ერთადერთი, რის გადმოტანასაც გირჩევთ, ბრიტანული სიმყუდროვეა - თბილი, საყვარელი აქსესუარები, დახვეწილი, ხავერდის ავეჯი ლამაზ ფეხებზე და აუცილებლად ბუხარი, რომლის წინაც გაფენილი იქნება ლამაზი, ფუმფულა ხალიჩა, ასევე ტექსტილი ყვავილებიანი პრინტით - აი, ეს არის თანამედროვე, ახალი კლასიკა!

ბოლო წლების მოდური ინტერიერი არ ეტევა ჩარჩოებში, ის ცდება საზღვრებს, არ ემსახურება ერთ კონკრეტულ სტილს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროა დაიგეგმოს ახალ-ახალი ინტერიერი, მორგებული თანამედროვე ადამიანის ინტერესებსა და მოთხოვნილებებზე, ამავე დროს უნდა იქმნებოდეს საინტერესო კომბინაციები და გამოიყენებოდეს თამამი ტრენდები.

როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნეთ, მოდას არ აქვს ჩარჩოები. დიზაინერები გვირჩევენ საფუძვლად ავიღოთ მინიმალისტური სტილი და შევავსოთ ის სხვადსხვაგვარი აქსესუარით. შედეგად მივიღებთ ინდივიდუალურ გარემოს, გაჯერებულს გემოვნებითა და სიმყუდროვის შეგრძნებით.

კომენტარის დამატება