ინტერიერი არქიტექტურის ნაწილია, უფრო ზუსტად, მისი შიდა ნაწილი. სწორედ ამიტომ, თავდაპირველად ინტერიერის გაფორმებით არქიტექტორები იყვნენ დაკავებული. ამიტომაც იყო, რომ შენობის არქიტექტურული სტილი, რომელიც მისი აგების მომენტში (ეპოქაში) იყო აქტუალური, ახდენდა გავლენას ინტერიერზეც. დღეს იმდენად გართულდა არქიტექტურა, ისეთი მრავალფეროვანი შენობებია, არქიტექტორებს უჭირთ, ყველაფერს ერთდროულად მიადევნონ თვალი, ამიტომაც ინტერიერს უფრო ხშირად ინტერიერის დიზაინერები და დეკორატორები აფორმებენ.
ინტერიერის ნებისმიერი სტილის ცოდნა სასარგებლოა მისთვის, ვინც ინტერიერის გაფორმებით არის დაკავებული - დიზაინერის, დეკორატორის, სახლის მფლობელებისთვის. ამა თუ იმ სტილში გარკვევისას იოლია შესაბამისი ავეჯის, აქსესუარების შერჩევა. რომელიღაც
ინტერიერის სტილის ისტორია
დღეს ცნობილია საკმარისად ბევრი და სხვადასხვა სტილი. თავდაპირველად ყველა სტილი თანდათნაობით ვითარდებოდა, ეპოქიდან ეპოქამდე, კაცობრიობის, მეცნიერების, ტექნიკისა და არქიტექტურის განვითარების მიხედვით, ანტიკურიდან დღევანდლამდე. თუმცა დღესდღეობით სულ უფრო ხშირად ჩნდება სხვადასხვა სტილი, რომლებიც აღარ არის ამა თუ იმ ეპოქის ასახვა, თუმცა მათაც აქვთ დამახასიათებელი თავისებურებები.
მაშ ასე, გავეცნოთ ინტერიერის სხვადასხვა ძირითად სტილს მათი ქრონოლოგიური (ისტორიული) თანამიმდევრობით.
ყველა სტილი, მათი უფრო მოხერხებული შესწავლისა და სისტემატიზაციისთვის, შეიძლება პირობითად დაიყოს ორ ჯგუფად: ინტერიერის ისტორიული და თანამედროვე სტილი. ამ ორ ჯგუფს შორის მთავარი განსხვავება ინტერიერის გაფორმების პრინციპებშია. ჯერ ინტერიერის რამდენიმე ისტორიულ სტილზე ვისაუბროთ, რომლებსაც დღესაც აქტიურად იყენებენ ამ სტილის თაყვანისმცემლები.
1. ინტერიერის ისტორიული სტილები
ინტერიერის ყველა ისტორიული სტილი დეკორატიული ელემენტების გამოყენებით ფორმდებოდა.
. ეგვიპტური სტილი ძველი ეგვიპტის არსებობის პერიოდში ჩაისახა. ამ პერიოდის ინტერიერებს ახასიათებდა მკვეთრი ფერები, ბევრი შავი, სხვადასხვა ეგვიპტური ორნამენტი.
. ბერძნული სტილი ძველი საბერძნეთის პერიოდში არსებობდა. სწორედ ბერძნებმა მოიფიქრეს ე.წ. ორდერული სისტემა (თაღებისა და სვეტების სისტემა), რომელიც დღემდე გამოიყენება კლასიკურ დეკორსა და ინტერიერის გაფორმებაში.
. რომაული სტილი არქიტექტურაში რომის იმპერიის დროს წარმოიქმნა. რომაელებმა გამოიგონეს თაღი და ბეტონი და აქტიურადაც იყენებდნენ მას. ასევე სრულყვეს ბერძნული ორდერული სისტემა, რომელსაც თავიანთი ორი ორდერი: ტოსკანური და კომპოზიტური დაუმატეს.
. გოთიკური სტილი საზოგადოებრივი სტილია. ამ სტილის ინტერიერში ფართოდ გამოიყენებოდა ისრების მაგვარი თაღები, მასიური ხის ან რკინის ავეჯი, მკაცრი ფერები.
. რენესანსი აღორძინების ეპოქაა, ძველი საბერძნეთისა და რომის კლასიკური ორდერისკენ დაბრუნება, არქიტექტურული ფორმების ხელახლა გააზრება, თავისუფლება შემოქმედებაში.
. ინტერიერის კარგად გასაფორმებლად აუცილებელია დეკორის კლასიკური ელემენტების ცოდნა (სვეტების, კარნიზების, თაღების და ა.შ.), რომლებიც ინტერიერის გაფორმებისას გამოიყენება. ინტერიერის კლასიკური სტილისთვის დამახასიათებელია დეკორატიული ელემენტების სიჭარბე, კლასიკური ორდერის გამოყენებისკენ დაბრუნება.
. ბაროკო (XVI საუკუნის ბოლოდან XVIII საუკუნის შუალედამდე) - ფუფუნების სტილია, ბევრი მოხატულობა, ძვირადღირებული ქსოვილები და ყოველგვარი დახვეწილი მოსართავები.
. როკოკო (XVIII საუკუნის პირველ ნახევარში) უპირატესად სასახლეების სტილია, რადგან გამოირჩევა მეტისმეტი ფუფუნებით და პომპეზურობით.
. მოდერნი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან და XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და კლასიკური მემკვიდრეობისგან განსხვავდება. ინტერიერი კვლავ მდიდრულად არის დეკორირებული, მაგრამ გაფორმებაში გამოყენებულია არა დეკორის კლასიკური ელემენტები, არამედ სხვადასხვა მცენარეული ფორმები და სიუჟეტები მათ მიხედვით.
. არტ-დეკო (XX საუკუნის პირველი ნახევარი) მოდერნისა და კლასიციზმის სინთეზია. ინტერიერებს აფორმებენ კლასიკური პრინციპებით: სიმეტრია რჩება, დეკორატიული ელემენტების სახით კი ფართოდ გამოიყენება ორნამენტები, ეგზოტიკური და ძვირფასი ელემენტები (სპილოს ძვალი, იშვიათი ჯიშის ხეები).
. არსებობს ეთნიკური სტილი, რომლებიც გარკვეული ერის თუ ეთნოსისთვის არის დამახასიათებელი. თითოეულ მათგანს ახასიათებს გარკვეული უნიკალური დიზაინის ელემენტები, ეთნოსის საცხოვრებელ ადგილთან, კლიმატთან, ტრადიცებთან, სამშენებლო მასალებთან დაკავშირებული. გავრცელებულია აფრიკული სტილი (მაროკოული) - აფრიკის კონტინენტის სხვადასხვა სტილი, რიტუალური ნიღბების, დოლებისა და სხვა უნიკალური ატრიბუტების გამოყენებით. აღმოსავლური სტილი - ინდური (ორნამენტებით დატვირთული), იაპონური - ძალიან ლაკონიური. ასევე ე. წ. ქანთრი (ამერიკული სოფლის სტილი), ხის ან ქვის კედლებით, ხის ავეჯით. პროვანსი - საფრანგეთის სამხრეთ პროვინციებისთვის დამახასიათებელი, მარტივი და მსუბუქი.
2. ინტერიერის თანამედროვე სტილი
თანამედროვე სტილი ეფუძნება ინტერიერის გაფორმებას სახლის თუ ბინის კონსტრუქციული თავისებურებების გათვალისწინებით, და არა პომპეზური დეკორის გამოყენებას, როგორც ეს ისტორიული ჯგუფის სტილის უმრავლესობაშია.
. ჰაი-ტექი (1970-1980 წწ) ინგლისურიდან თარგმანში ნიშნავს მაღალი ტექნოლოგიებს. შესაბამისად, ინტერიერში არის ბევრი შუშა, ლითონი, აპარატურა და ტექნიკა.
. მინიმალიზმი - ლაკონიური ფორმები, მკაცრი ხაზები, მონოქრომული ფერთა გადაწყვეტა, თეთრის უპირატესობით.
. კიტჩი - სტილი რაიმე კლასიკური კანონებისა და დიზაინის წესების გარეშე. ინტერიერში ჭარბობს მკვეთრი და თვალში საცემი საგნები, რომლებიც ხშირად სრულიად არ შეეფერება ერთმანეთს არც ფერით, არ ფორმით და არც სტილით.
.ასევე მოდურია ბოლო დროს "ლოფტის" სტილი. ეს ამერიკული სტილია, ხაზგასმულად ასკეტურია. ყველაფერია მოსახერხებელი, პრაქტიკული, ეფექტური და არა დატვირთული.
აი, ასეთი, საკმაოდ შთამბეჭდავი სიაა. თუმცა ეს არის ძირითადი და უფრო მნიშვნელოვანი მიმდინარეობები. არსებობს კიდევ სხვა, ამათგან წარმოშობილი და მიმსგავსებული რამდენიმე სტილი.
ხშირად ხდება, რომ დიზაინერები ერთ სივრცეში რამდენიმე სტილს აერთიანებენ. ამგვარ ილეთს ეკლექტიკა ეწოდება. ამ მეთოდით რომ სწორად იმუშაოთ (ერთმანეთს შეუსაბამოთ სხვადასხვა სტილი), პირველ რიგში აუცილებელია, ყველა სტილის გარკვეული დამახასიათებელი ნიშნები იცოდეთ, გქონდეთ კარგი გემოვნება და შესაბამისი გამოცდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავიდან ვერ აიცილებთ უგემოვნოდ შესრულებულ "აჯაფსანდალს".
ლელა ზურებიანი
კომენტარები