დიზაინერ მაია მიქაშავიძის მდიდრული სტილი ინტერიერში

მაია მიქაშავიძის გვარ-სახელი სამკაულებთან ასოცირდება, რადგან საზოგადოებამ ის აქსესუარების დიზაინერად გაიცნო.
ამის ფონზე, ცოტამ თუ იცის, რომ მაიამ ბედი სცადა ინტერიერის დიზაინში და ამ სფეროშიც წარმატება ხვდა წილად. ამ თემით ყოველთვის დაინტერესებული ყოფილა, მაგრამ ბოლო წლებში მიეცა საშუალება, სერიოზულად ემუშავა ინტერიერის დიზაინზე. მაია დაგვეხმარა, თავის ბინასთან ერთად, „შინ“-ის მკითხველისთვის ის სახლიც გვეჩვენებინა, რომელსაც დიზაინერი „სავიზიტო ბარათად“ მიიჩნევს.


დიზაინერის ბინა

– ვერ ვიტყვი, რომ ინტერიერის დიზაინი ჩემი სპეციალობაა და ამ მხრივ, განათლება მაქვს მიღებული, მაგრამ ადამიანები იბადებიან კონკრეტული ინტერესებით და ჩემ
შემთხვევაში ეს ინტერესი სწორედ ინტერიერის დიზაინს ეხება. დაუჯერებელი იქნება ალბათ, თუ გეტყვით, რომ ძალიან პატარა, 4-5 წლის ვიქნებოდი, როცა სახლში დეკორაციებს ვცვლიდი. შემდეგ, როცა წამოვიზარდე და მშობლები შინ მარტოს მტოვებდნენ, უკან დაბრუნებულებს სრულიად სხვა ინტერიერს ვახვედრებდი. პირველ ხანებში დედა ძალიან მსაყვედურობდა, რადგან ავეჯის გადაადგილება არაა მარტივი ბავშვისთვის, მაგრამ ისე მიტაცებდა ეს საქმიანობა, რომ ამ სიმძიმეს ვერ ვგრძნობდი. განსაკუთრებით მომწონდა ჭურჭლით სავსე ვიტრინების დალაგება და ამას არა მარტო ჩემს სახლში, ახლობელ-ნათესავებთანაც ვაკეთებდი.

– ვინც გადევნებთ თვალს სოციალურ ქსელში, მისთვის ნაცნობი იქნება თქვენი ჭურჭელთან დამოკიდებულება, ნამუშევრებს სწორედ ჭურჭელთან კომბინაციაში უღებთ ფოტოებს და ასე წარუდგენთ ხოლმე საზოგადოებას...

– სწორად აღნიშნე, მიყვარს ჭურჭელი. მინდა მკითხველმა კარგად გამიგოს, მიყვარს ყველაფერი მდიდრული, ამაში ძვირფასს არ ვგულისხმობ. სულაც არაა საჭირო, ჭურჭელი იყოს ანტიკვარული, მთავარია იყოს სანახაობრივად წარმოსადეგი, ვიზუალურად მდიდრული, რაც საოცარ კომპოზიციას ქმნის ჩემს საკმაულებთან ერთად.


ბინა მაია მიქაშავიძის დიზაინით

– გვიამბეთ, ინტერიერში თქვენს პირველ ნამუშევარზე...


ბინა მაია მიქაშავიძის დიზაინით


– პირველი და სერიოზული ნამუშევარი, რომელსაც ჩემს სავიზიტო ბარათად მივიჩნევ, ჩემი მამიდაშვილის სახლია დიღომში. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მომანდო მათი სახლის მოწყობა, მეც ბოლომდე დავიხარჯე, უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდე და დიასახლისმაც მომცა საშუალება, ყველაფერი გამეკეთებინა ისე, როგორც მე ვთვლიდი საჭიროდ. არქიტექტურა მე არ მეკუთვნის, თუმცა ინტერიერი მთლიანად ჩემი გემოვნებით გავაკეთე. 440 კვადრატზე აშენებული ულამაზესი სახლია. ძალიან დიდი ბრძოლა და ძალისხმევა დამჭირდა ხელოსნებთან, რომ გამეკთებინა ის, რაც ჩაფიქრებული მქონდა. საწყენია, რომ ხელოსნების უმრავლესობა გებრძვის ყველაფერზე, გიმტკიცებს, რომ ეს არის სტანდარტი და ვერ დაარღვევს. მე კი ამაზე ერთი პასუხი მაქვს: „ჩემს სახლში სტანდარტებს ვქმნი მე!“ ზედა სართულზე საძინებლის ფანჯრები ისე მაღლა იყო, თავი საპყრობილეში მეგონა. როცა ვიკითხე, რას ემსახურებოდა ზემოთ ატანილი ფანჯრები, მიპასუხეს, გარედან ირღვევა ექსტერიერიო, რასაკვირველია, ჩამოვატანინე ქვევით. 440 კვადრატულ სახლში საძინებელი მხოლოდ 16 კვადრატი იყო. რომ ვიკითხე, ასე რატომ იყო დაპროექტებული, მიპასუხეს: საძინებელი მაინც დასაძინებლადაა, 16 კვადრატში დაიძინებ თუ 40-ში, რა მნიშვნელობა აქვსო. ამაზეც ძალიან დიდი ბრძოლა დამჭირდა და ის 16 კვადრატული ფართო აბაზანად გადავაკეთე, სადაც ხელოსნებს ორჯერ ამოვაღებინე ფანჯარა. როცა ვუთხარი, რომ იმ კონკრეტულ ადგილას მინდოდა ფანჯრის გაკეთება, გაგიჟდნენ, არ შეიძლებაო, მაინც ჩამოვანგრევინე. რომ მეგონა, ამით დასრულდა ბრძოლა, მივედი მეორე დღეს და ამოშენებული დამხვდა, კიდევ ჩამოვანგრევინე. კმაყოფილი ვარ იმ ფაქტით, რომ აბაზანას გამორჩეულს ხდის სწორედ ის ფანჯარა, ულამაზესი გიპიურის ფარდით!


ბინა მაია მიქაშავიძის დიზაინით


მოკლედ რომ გითხრა, ხელოსნებთან მქონდა ხელჩართული ბრძოლა. მე რომ მივდიოდი, რევოლუცია მოვიდაო, – ამბობდნენ. ძალიან დავიღალე, მაგრამ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო, რადგან ამ სახლის ინტერიერი არის ჩემი სავიზიტო ბარათი. უნდა აღვნიშნო, რომ ხელოსნებისგან განსხვავებით, დიასახლისი, რომელსაც ასევე არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს, ყველაფერზე მეთანხმებოდა. ეს სახლი მოწყობილია მაშინ, როცა თბილისში არაფერი იშოვებოდა. ვინაიდან აქ ვერ ვიშოვეთ ისეთი ავეჯი, როგორიც გვინდოდა, ყველაფერი დუბაიდან ჩამოვიტანეთ. ჩემი რჩევით სამივე წავედით დუბაიში, ფარდა, ავეჯი, აბაზანა, ონკანები, ჭურჭელი, ჭაღები იქ შევიძინეთ და საქართველოში გამოვგზავნეთ. მერე და მერე ჩვენს ქვეყანაშიც გამოჩნდა ისეთი სამშენებლო მასალები, ავეჯი თუ სხვა საჭირო დანადგარები, რისთვისაც ჩვენ ამ სიშორეზე წავედით.


ბინა მაია მიქაშავიძის დიზაინით


– ამ სახლში გადაღებულია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი სცენა, ხომ?


ბინა მაია მიქაშავიძის დიზაინით


– დიახ, ეს გახლდათ სახლი, სადაც შედგა ბიზნესმენების შეხვედრა, დუდუ რომ მიდის მოსალაპარაკებლად, ის ადგილია. გარდა ამისა, არაერთი რეკლამაა გადაღებული და მე ვარ ძალიან ამაყი, რომ ამ სახლის ინტერიერი მე მეკუთვნის როდესაც ამ ოჯახის ახლობლებმა ჩემი დიზაინით შექმნილი ინტერიერი ნახეს, მოეწონათ და გუდაურში სასტუმროს დიზაინზე მუშაობა შემომთავაზეს, დავთანხმდი და ისეთი კარგი გამოვიდა, რომ სასტუმროს ებრაელმა მეპატრონემ ისრაელში ქართული რესტორნების ქსელის დიზაინზე მუშაობა მთხოვა, მაგრამ უარი ვთქვი. ისრაელში უნდა წავსულიყავი, კარგი ანაზღაურებაც მექნებოდა, მაგრამ ვერ გადავგდი ეს ნაბიჯი, მე ჩემი ნიშა მაქვს, ჩემი საქმე, კარგი შემოსავალი და არ მიღირდა წასვლა. ამას გარდა, საბურთალოზე ავიშენე პატარა სახლი და მისი დიზაინიც ისეთი გამომივიდა, მთელი წელი დადიოდნენ მეგობრები მის სანახავად. ყველას უკვირდა, რომ 28 კვადრატში 4 ლოკაცია ჩავატიე – მისაღები, სამზარეულო, საძინებელი და აივანი. ბათუმშიც ავიშენე სახლი, წლები რომ აკეთებს ხალხი რემონტს, მე 11 დღეში გავაკეთე, უკარგესი გამოვიდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დროულად დაიწყოს და დამთავრდეს მუშაობა, ხელოსნებს პირდაპირ ვეუბნები, რომ ვარ ძალიან მკაცრი და უხეში, მაგრამ ბოლოს მაინც ვმეგობრდებით ხოლმე. თუ ადამიანმა 10 თვე მაწვალა, მატყუა, იმას მივუხურავ კარს, არ მივცემ ფულს და დამთავრდა, სხვას მოვიყვან.


ბინა მაია მიქაშავიძის დიზაინით








– სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის თქვენთვის, რას აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას?



– სახლი ლამაზთან ერთად პრაქტიკული უნდა იყოს, ასევე ჭურჭელიც, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებადი და არა მხოლოდ სილამაზისთვის დაწყობილი. მე ძალიან მიყვარს ფერები და მინდა, ყველა ადამიანს ვურჩიო, თუ გინდათ იყოთ ბედნიერები, ჩაიცვით ფერადი, იცხოვრეთ ფერად სახლებში.



თბილისი წლების მანძილზე იყო ჩაშავებული და ჩემი პირველი გამოფენის სლოგანი სწორედ ეს იყო: „მინდა, გავაფერადო თბილისი“. ინტერიერში მინიმალიზმი ჩემთვის მიუღებელია, მიყვარს ყველაფერი მდიდრული, არა ძვირად ღირებული, არამედ თვალს რომ ესიამოვნოს, თვალი რომ მოიტაცოს, ისეთი.



მინიმალიზმი შლის ყველაფერს: შენს წარსულს, ტრადიციას, ოჯახს. სახლში როდესაც შევდივარ, ვხვდები, ვინაა დიასახლისი, სახლი მიყვება, როგორია დიასახლისი. სადაც მინიმალიზმია, იქ თითქოს სულიერი სიღარიბეა.


დიზაინერის ბინა

რატომ არ უნდა მქონდეს მე ბებიის ნაჩუქარი ვერცხლის კოვზი, რომლითაც შაქარს ვიყრი, მამიდას ნაჩუქარი ძველებური საშაქრე, ამხანაგის დედამთილის დატოვებული სურათი და ა.შ. შენს წარსულზე, ოჯახზე, ღირებულებებზე მეტყველებს შენი სახლი, ინტერიერი და კედლები.


დიზაინერის ბინა

– ალბათ ამ სახლზეც, რომელიც ვაკეში მდებარეობს, თქვენ იმუშავეთ...
– 26 წელია ამ სახლში ვცხოვრობ. 2 შვილი მყავს, 4 შვილიშვილი, მეუღლეს გაცილებული ვარ და ვცხოვრობ მარტო. მახსოვს, როდესაც ამ სახლის საყიდლად მოვედი, აქ ცხოვრობდა უბედური, მიტოვებული მამაკაცი, კარს საკეტი არ ჰქონდა, თოკზე ეკიდა ფანქარი და ისე კეტავდნენ კარს, ჩამოხეული შპალერი, გაცრეცილი ლინოლეუმი, რაღაც საშინელება იყო. კარის მეზობელი მყავს არისტოკრატი ქალი, ბინის სანახავად რომ დამინახა, გაუკვირდა, – ნუთუ თქვენ შეგიძლიათ აქ იცხოვროთ? ეს სახლი არ არის თქვენი შესაფერისიო. ვუპასუხე, – მინდა დავუმტკიცო ყველას, რომ ეს საშინელი სახლი შეიძლება, ყველასთვის საოცნებო გახდეს-მეთქი. ვაკეში მაშინ სახლები 14000-15000 დოლარი ღირდა, ამ სახლს კი 7000 დოლარად მაძლევდა. რა თქმა უნდა, ვიყიდე, შევცვალე პროექტი, გავაკეთე ისეთი აივანი, რომ წელიწადში 4-5 თვე იქ „ვცხოვრობ“.დაუჯერებელია, მაგრამ ჩემი ბინა 38,5 კვადრატულია. ერთი ადამიანისთვის კი არა, საყვარელი წყვილისთვისაც კი სრულიად საკმარისია. შეიძლება ითქვას, რომ შიგნიდან დავანგრიე და ავაშენე ხელახლა. ჰქონდა ბნელი, უსარგებლო და საშინელი ჰოლი, რომელიც გავაუქმე. ბავშობიდან ვიფქრობდი, რა საჭიროა ცალკე გამოკეტილი სამზარეულო-თქო და დროის სვლასთან ერთად შემოვიდა კიდეც სტუდიო, რომელიც მშვენიერი საშუალებაა. არ მიწყინონ, მაგრამ გამოკეტილი სამზარეულო ზარმაცი ქალებისთვისაა, თუ ჭურჭელი ყოველთვის გარეცხილი გაქვს და სამზარეულო მილაგებულია, მაშინ რა საჭიროა მისი გამოკეტვა? ისე ლამაზად უნდა გქონდეს ყოველთვის, რომ სტუმარსაც ესიამოვნოს, მაგალითად, მე ასე მაქვს.ანალოგიური მიდგომა მაქვს ჰოლთანაც, როცა 200 ან 100 კვადრატი გაქვს, კიდევ ჰო, მაგრამ პატარა სივრცეში არაა საჭირო, ადგილი დავუთმოთ ჰოლს, სადაც ძირითადად წარმოდეგნილია მიყრილი ფეხსაცმელები, ჩამომხრჩვალი ლაბადები და თან ყოველთვის ქაოსია. მიკვირს, რატომ სიამოვნებთ ადამიანებს დაქუცმაცებული ოთახები, როცა შეიძლება, რომ გააერთიანო. ჩემი აზრით, ძალიან ჭკვიანურია, პატარა ფართში მოშალო კედლები, უფრო სივრცითი გახადო, ისუნთქო ჟანგბადი და უყურო ცას. რა როლს თამაშობს პატარა საძინებელი? გადააფარე საწოლს ლამაზად და რა პრობლემაა, რომ ის დაინახოს სტუმარმა? ან რა პრობლემაა, ონკანი, ნიჟარა და გაზქურა დაინახოს სტუმარმა? პირიქით, ვფიქრობ, ეს ძალიან სასიამოვნო, ლამაზი და კარგია.



1

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები