"საცხოვრებელი უნდა დაიგეგმოს ისე, რომ თითოეულ კუთხესა და კვადრატულ მეტრს მიენიჭოს ფუნქცია" - ინტერიერის დიზაინერის რჩევები

მარიამ ძამაშვილი პროფესიით არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია. შესრულებული აქვს სახვადასხვა სახის პროექტი, თუმცა მისი ინტერესის მთავარი სფერო ინტერიერის დიზაინია. მუდმივი ექსპერიმენტებითა და გაბედული გადაწყვეტილებების წყალობით მარიამის მიერ შექმნილი დიზაინი დიდ დაინტერესებას იწვევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მარიამი ინტერიერის სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციების შესახებ მოგვითხრობს, ამასთან, საინტერესო და გასათვალისწინებელ რჩევებაც გაგვიზიარებს.

- როგორ მოხვდით ინტერიერის სფეროში? როდის გადაწყვიტეთ, დიზაინერი გამხდარიყავით?
- დამთავრებული მაქვს არქიტექტურის ფაკულტეტი და შესაბამისად მუშაობა
დავიწყე ერთ-ერთ კომპანიაში არქიტექტურის განხრით, სადაც გავიცანი ჩემი მომავალი თანამშრომლები და პარტნიორები, რომლებთან ერთადაც შემდეგში შევქმენი კომპანია. კომპანიის თავდაპირველი მომსახურების სფერო იყო არქიტექტურა და პროექტირება, ხოლო შემდგომ დავინტერესდი ინტერიერის დიზაინით, შევისწავლე ეს სფერო და ძალებიც მოვსინჯე მცირე ობიექტებზე. ამასთან, მეგობრებს ვეხმარებოდი ახალი საცხოვრებლის მოწყობაში. აღმოვაჩინე, რომ ეს სფერო ძალიან ახლოს იყო ჩემთან, გამომდიოდა და მომწონდა კიდეც მისი კეთება. ამის შემდეგ უფრო ღრმად გავეცანი ინტერიერის დიზაინის საფუძვლებს, ტენდენციებს და შევისწავლე გრაფიკული პროგრამებიც, რადგან მეტი დამოუკიდებლობა მქონოდა ამ სფეროში.

- რა არის თქვენი პროფესიის ყველაზე დიდი აზარტი და ხიბლი?
- მთავარი აზარტი არის ის, რომ დაწყებიდან დასრულებამდე შემოქმედებით პროცესში ხარ და უდიდეს სიხარულს, აღფრთოვანებას იწვევს შენს მიერ შექმნილი, რეალიზებული დიზაინის ხილვა. ასევე დიზაინის შემუშავების პროცესი მთელი ხელოვნებაა. ვსწავლობ იქ მცხოვრები ადამიანების ბუნებას, ფსიქოლოგიას, მათ ქვეცნობიერ მოთხოვნილებებს, ობიექტის ადგილმდებარეობას, საყოფაცხოვრებო კულტურის ტრადიციებს და ა.შ. რასაც სწორად გააზრების შემთხვევაში მივყავარ სასურველ შედეგამდე.

- ინტერიერის დიზაინში სისტემატიურად იცვლება ტენდენციები. საქართველოში წელს როგორი სტილი და დიზაინია მოდური?
- საქართველო არ არის მკაცრად გამორჩეული, დამოუკიდებელი ნაწილი დანარჩენი მსოფლიოსგან და მასზე დიდ გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებში წარმოქმნილი ტენდენციები და მიმართულებები. როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში წელს აქტუალური იქნება ნათელი, ღია ფერები, რომლებშიც დეტალების სახით შემოდის პასტელური ტონების ბორდოს, ტერაკოტას, მწვანე და ლურჯი ფერები. ხოლო თანამედროვე ინტერიერში კლასიკური, ვინტაჟური ობიექტები დეტალების სახით. ასევე ვინტაჟური ელემენტები გამოიყენება დეკორაციის სახითაც.

- ბოლო პერიოდში თითქოს ძალიან დაემსგავსა ბინები ერთმანეთს. ერთი სტილი, ფერები, დეკორაცია, ავეჯის განლაგება და ა.შ. როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი?
- ვერ დავეთანხმები იმას, რომ საცხოვრებელი ბინები ერთმანეთს ჰგავს. ყველა ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი ინდივიდუალური და განუმეორებელია, შესაბამისად ჩემს მიერ შექმნილი დიზაინიც მაქსიმალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და მორგებულია თითოეულ იქ მცხოვრებელ ადამიანზე, ოჯახზე ან სხვა სოციალურ ჯგუფზე.
ხოლო თუ მართლა ჰგავს დამოუკიდებლად შესრულებული საცხოვრებლები ერთმანეთს, ეს ალბათ იმ სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარეა, რაც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა საზოგადოებაში. მრავალჯერ განმეორებული ვითომ კომფორტული, არქიტექტურული გეგმარებითი პრინციპები და სტანდარტი. ასევე საზოგადოების დილეტანტური შეხედულება ინტერიერის დიზაინის მიმართ, რაც ასევე იწვევს ინტერიერის დიზაინის ელემენტების გამეორებას.

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რა გაითვალისწინოს, რომ მისი ბინა განსხვავებული, ორიგინალური, დახვეწილი იყოს და სხვას არ ჰგავდეს?
- უმჯობესია, მაქსიმალურად მიანდოს დიზაინის შემუშავება პროფესიონალს. ხოლო დაკვეთა უნდა მისცეს არა პირდაპირი შეთავაზებებით და მითითებებით, არამედ შინაარსობრივად ჩამოაყალიბოს მისი პიროვნების ინდივიდუალური ზოგადი შეხედულებები და პრინციპები.
თუ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა მიმართოს სპეციალისტს, ვურჩევდი მაქსიმალურად გაიხსნას სიახლეებისთვის. ზედაპირულად, ზოგადად გაეცნოს მსოფლიო ტენდენციებს, არ შეიზღუდოს საზოგადოებაში შექმნილი სტერეოტიპული შეხედულებებით. საცხოვრებელი შეცვალოს ისე, თუ რა იქნება მისთვის უკეთესი. გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნებას და მათ შორის ინტერიერის დიზაინსაც დიდი ხანია აღარ გააჩნია შეზღუდვები და ჩარჩოები. შესაბამისად განსხვავებული, ორიგინალური გამოვა საცხოვრებელი, თუ ეს ადამიანის ინდივიდუალური და უნიკალური ბუნების გამოხატულება იქნება.

- თქვენ როგორ სტილს, ფერებს, განათებას ანიჭებთ უპირატესობას?
- სიამოვნებით ვმუშაობ თანამედროვე სტილისტურ მიმდინარეობებზე, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი მინიმალიზმს. უპირატესობას ვანიჭებ ინტერიერში ბუნებრივი მასალების, თბილი ფერების და ტონების გამოყენებას. განათებასაც და ფერსაც ვარჩევ ისე, რომ მაქსიმალურად მყუდრო და სასიამოვნო საცხოვრებელი გარემო შევქმნა. ვცდილობ ინტერიერში გამოვიყენო რაც შეიძლება ნაკლები სხვადასხვა ფაქტურა, რადგან ინტერიერს შევუნარჩუნო სისადავე. ასევე გარკვეულ შემთხვევებში დიზაინში მომწონს ეკლექტური დეტალების შეტანა დეკორაციების სახით.

- როცა თქვენი და დამკვეთის შეხედულება არ ემთხვევა ერთმანეთს, მაინც მუშაობთ ასეთ პროექტზე?
- რა თქმა უნდა, ვმუშაობ, რადგან დიზაინერის მოვალეობაა არა მხოლოდ თავისი შეხედულებების ფარგლებში იმოქმედოს, არამედ დამკვეთს დაეხმაროს თავისი სურვილების და მისთვის შესაფერისი გარემოს შემუშავებაში.

- დღეს ყველაზე ხშირად რა პრობლემას აწყდებით ქართველ დამკვეთებთან?
- ქართველების უმეტესობას აქვს სიახლეების მიუღებლობა, ამიტომ ხშირად ითხოვენ დიზაინიდან ისეთი დეტალების ამოღებას, რაც ახალი, განსხვავებული და ორიგინალურია. თვლიან, რომ ამ დეტალების გარეშეც ინტერიერის დიზაინი სრულყოფილი გამოვა. მაგრამ ამას ყოველთვის ვეწინააღმდეგები, რადგან „ღმერთი მართლაც დეტალებშია“.
ასევე ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული და განსაზღვრული საბოლოო პროდუქტის მისაღებად საჭირო ბიუჯეტი, ამიტომ დიზაინის განხორციელების პროცესში შეაქვთ თვითნებური ცვლილებები, რაც საბოლოო ჯამში არ გამოდის წინასწარ ჩაფიქრებული, ან მასთან მიახლოებული საცხოვრებელი გარემო.

- ბევრს უნდა, რომ მისი ინტერიერის დიზაინი დიზაინერმა დაგეგმოს და განახორციელოს, თუმცა თანხის გამო თავს იკავებს. რეალურად რა ხდება ამ მხრივ, მართლა ასეთი ძვირი სიამოვნებაა დიზაინერის მომსახურება?
- ერთი შეხედვით დიზაინერის მომსახურება ძვირი ჩანს, მაგრამ სწორად დაგეგმილი საცხოვრებელი გარემო და დიზაინი წინაპირობაა იმისა, რომ დამკვეთმა მაქსიმალურად თავიდან აიცილოს გაუთვალისწინებელი ხარჯები. შესაბამისად დიზაინერის მომსახურებაში გადახდილი თანხა საბოლოო ჯამში იძლევა მეტ დანაზოგს და უკეთეს საბოლოო პროდუქტს.

- და, ბოლოს, იქნებ ის ოქროს წესი გაუზიაროთ ჩვენს მკითველს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ინტერიერის დაგეგმვამდე?
- პირველ რიგში საცხოვრებელი უნდა დაგეგმოს ისე, რომ თითოეულ კუთხეს და თითოეულ კვადრატულ მეტრს მიანიჭოს ფუნქცია. არ გამოიყენოს ინტერიერში ისეთი ნივთები და დეტალები, რაც არ იქნება საერთო ინტერიერის დიზაინის ნაწილი და არ ექნებათ პრაქტიკული დანიშნულება. ნუ შეეშინდებათ სიახლეების.



მერი ბლიაძე

კომენტარები

მარიამ-ს! 2021-01-22 20:19
გამოდის ქართველებს გემოვნება არა აქვთ? მა, შენ ვინა ხარ?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები