"დღეს ორიგინალურ, ხელნაკეთ ნივთებზე მსოფლიოში მეტი მოთხოვნაა, ვიდრე მასობრივ ერთფეროვან ნივთებზე" - დეკორის ორიგინალური ნამუშევრები ქართველი ხელოვანებისგან

თამუნა ჯაფარიძე პროფესიით მხატვარია. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს მხატვარ-დეკორატორის განხრით დაამთავრა, თუმცა წლების განმავლობაში სხვა სფეროებშიც სცადა ბედი და ახლა, პანდემიის დროს დაუბრუნდა საყვარელ საქმეს, შექმნა სივრცე მეგობართან ერთად და ულამაზეს დეკორსა და ავეჯს ქმნის, ინტერიერზე მუშაობს...

- ჩემს თაობას კარგად ახსოვს 2000-იანი წლების რთული პერიოდი, განსაკუთრებით ჩვენი პროფესიის ადამიანების უმრავლესობას მოუწია პროფესიის შეცვლა ან სხვა კუთხით განვითარება. მე გადავწყვიტე შორს არ წავსულიყავი ჩემი საყვარელი საქმიანობიდან და შევისწავლე პროფესიულ დონეზე კომპიუტერული გრაფიკა. მაშინ ეს საკმაოდ
ახალი და მოთხოვნადი პროფესია იყო. მას შემდეგ დღემდე სარეკლამო სფეროში ვსაქმიანობ. დროთა განმავლობაში გარდა ჩემი პროფესიისა, განვითარება გავაგრძელე მარკეტინგის კუთხით, რამაც საშუალება მომცა მეხელმძღვანელა სარეკლამო სფეროში საკმაოდ დიდი პროექტებისთვის.
2020-ის მსოფლიო პანდემიამ, როგორც ყველგან, ჩვენს სფეროშიც გამოიწვია გარკვეული პაუზა. ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ასეთი საშუალება არასოდეს მქონია, მეკეთებინა ის, რაც ყველაზე ძალიან მომწონს. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პანდემიის პერიოდში მომეცა საშუალება ამეხდინა ჩემი ოცნება, გამეკეთებინა სახელოსნო და დავბრუნებოდი პირვანდელ პროფესიას. ჩემს პარტიორთან, ამირან კაკაჩიასთან ერთად შევქმენით სივრცე, არტ-სახელოსნო. მას შემდეგ ვქმნით ორიგინალურ და გემოვნებიან დეკორს, ვინტაჟურ ავეჯს, ნახატებს, ინტერიერის დიზაინს.

გარდა ამისა, ბავშვობიდან მომწონდა ხელნაკეთი ლამაზი ნივთების შექმნა. გივი ყანდარელთან საკმაოდ დიდი დრო დავუთმე პროფესიულ დონეზე გობელენის შესწავლას. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია გობელენის კეთება, ვფიქრობ, მომავალში ჩვენს სახელოსნოში შეიქმნება საინტერესო დეკორები გობელენის სეგმენტებით.
ასევე ერთი პერიოდი გამიტაცა თიხით მოდელირებამ და სკულპტურამ, დილეტანტის დონეზე შევისწავლე და ვქმნიდი სხვადასხვა თიხის ნივთებს. იმ დროიდან მოყოლებული სულ ძიების პროცესში ვიყავი, მაინტერესებდა სხვადასხვა ტექნიკა. სახელოსნოში აქტიურად დავიწყე ხეზე შესრულების ახალი ტექნიკის ძიება, მივაგენი სასურველ მიმართულებას, თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველოში მის შესწავლას პროფესიულ დონეზე ვერ მოვახერხებდი. ამიტომ თავად მომიწია არაერთი ექსპერიმენტის ჩატარება სასურველი შედეგის მისაღებად. უახლესი ტექნიკით და ხეზე ხატვით ვეცადე მიმეღო ისეთი ფრაგმენტები, რომელიც შემდგომში ჩნდება ჩვენს ვინტაჟურ ავეჯში და ნახატებში. ამ ყველაფერს დასჭირდა ერთი წელი.

სახელოსნოში ვქმნით ვინტაჟურ ავეჯს, ნახატებს, სხვადასხვა სახის დეკორს და ინტერიერის დიზაინს. ვინტაჟური ავეჯის შექმნა ვრცელი პროცესია და სხვადასხვა ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე იქმნება ესკიზი, რომელზეც ძალიან ბევრს ვფიქრობთ. ყველაზე დიდი დრო სწორედ ესკიზის შექმნას მიაქვს. შემდეგ ამირანი ერთვება პროცესში და ესკიზებს 3D პროგრამაში აწყობს, ეს პროცესი აუცილებელია, რათა რეალურად ვნახოთ შემდგომში შესაქმნელი ნივთის ფორმები, ფერები და დეტალები ზუსტ ზომებში. ეს ყველაფრი წინასწარ კეთდება ნახაზების სახით. ჩემი აზრით, ჩვენს საქმეში არქიტექტორის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას მოჰყავს ესკიზის ფორმები სრულყოფილებაში. სწორედ არქიტექტორია პასუხისმგებელი ნებისმიერი ნივთის დეტალურ ნახაზზე. ამის შემდეგ ავეჯისთვის ვარჩევთ მასალას. ძირითადად ვიყენებთ მეტალს, ხეს, ნატურალურ ტყავს და ტილოს. ფინალურ ეტაპზე დამტიცებულ ესკიზს ვუშვებთ წარმოებაში, სადაც იქმნება საბოლოო პროდუქტი.
ჩვენვე ვქმნით ინტერიერს იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებთ ორიგინალური, ვიტაჟური და ექსკლუზიური დიზაინი. ვინც აფასებს და ეძებს ისეთ ნივთებს, რომლებსაც ვერ ნახავენ ინტერიერის დიზაინის მაღაზიებსა თუ სალონებში.

უშუალოდ ნახატებზე მხოლოდ მე ვმუშაობ. მასალად ვიყენებ ხეს. პირველ რიგში ხეზე ვაკეთებ ესკიზის გრავირებას, ხოლო შემდეგ ხელით ვხატავ და გამოსახულებებს ფერებში ვაცოცხლებ.

- რა გამოარჩევს თქვენს ნამუშევრებს სხვათაგან, რა არის თქვენი ხელწერა?

- პირველ რიგში მინდა ვთქვა, ჩვენ ვქმნით ნივთებს, რომელსაც თავად სიამოვნებით გამოვიყენებდით. ვფიქრობთ იმაზეც, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის ინტერიერი, სადაც უნდა განთავსდეს ნივთი. დიდი დრო იხარჯება თითოეული ნივთის ორიგინალურ ვიზუალზე, მაგრამ ნივთის ხარისხზე უფრო მეტად ვიხარჯებით. ჩემი აზრით, საგნებს მხოლოდ გამოყენებითი ფუნქცია არ უნდა ჰქონდეთ, რომელსაც დროთა განმავლობაში ან დაძველების შემდეგ უბრალოდ გადააგდებ.

- რა დატვირთვა აქვს დეკორს ინტერიერში და რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს?
- სახლის დეკორი და ინტერიერის დიზაინი გვიყვება მისი მფლობელის ხასიათზე, გემოვნებასა და ინდივიდუალიზმზე. თუ სახლში არის ესთეტიურად და ვიზუალურად ორიგინალური ნივთები, იქ ყოველთვის შემოქმედებითი გარემოა და ხელოვნებასთან უწყვეტი კავშირია.

- ბოლო პერიოდში იმატა მოთხოვნამ ხელნაკეთ დეკორზე. რამ განაპირობა?
- ვფიქრობ, რომ ადამიანები დაიღალნენ ერთფეროვნებით, ამიტომ იმატა მოთხოვნამ ორიგინალურ და ხელნაკეთ ნივთებზე. მასობრივმა წარმოებამ გარკეულწილად შთანთქა ინდივიდუალიზმი. სადაც არ უნდა წახვიდე, ირგვლივ სულ ერთნაირი სტილის ნივთები იყიდება, იშვიათად ნახავთ რამე განსხვავებულს. ამასთან ერთად არტისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა, აქტუალური გახდა და ე.წ. ექსკლუზიურობა დაფასდა. ამიტომ დღეს ორიგინალურ, ხელნაკეთ ნივთებზე მსოფლიოში მეტი მოთხოვნაა, ვიდრე მასობრივ ერთფეროვან ნივთებზე.

- თქვენს ნამუშევრებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა შირმები. რა დატვირთვა აქვს შირმას და რამდენად მოთხოვნადია ის დღეს?
- შირმის ისტორია საუკუნეებს ითვლის, მისი ისტორია ჩინეთიდან იწყება, სადაც მისტიური დატვირთვა ჰქონდა. შირმას ჩინელები სახლის შესასვლელ კართან დგამდნენ და სჯეროდათ, რომ მასზე გამოსახული მითიური არსებები შინ ბოროტ სულებს არ შემოუშვებდნენ. მოგვიანებით, დაახლოებით მე-17 საუკუნეში ევროპაში შირმას ფუნქციური დატვირთვა მოუძებნეს, რის შემდეგაც ის ინტერიერის დეკორაციის მოდურ ელემენტად გადაიქცა. დღეს შირმა ისევ დაბრუნდა სახლის ინტერიერში, მას აქვს ფუნქციური და ვიზუაური დატვირთვა. საერთო სივრცის სხვადასხვა ზონებად გამოყოფა შირმით ძალიან მოსახერხებელია, რადგან ადგილი არ გეკარგება და სივრცეს მთლიანად ითვისებ. სახლის დიზაინის ცვლილების საშუალებასაც მარტივად გაძლევს და ვიზუალურადაც ალამაზებს ინტერიერს.

- ვინტაჟური ავეჯიც ბოლო წლებში ძალიან პოპულარულია...
- ვინტაჟური ავეჯი იქმნება ხოლმე ადამიანებისთვის, ვინც აფასებს გემოვნებას და გრაციოზულობას. ვინტაჟი პოპულარულია იმიტომ, რომ დაკავშირებულია ნოსტალგიასთან და აცოცხლებს გასული დეკადების ვიზუალურ ესთეტიკას.

- წლების წინ ქართველი ხელოვანები ხშირად ჩიოდნენ, რომ საქართველოში ნაკლებად იყო დაფასებული ხელნაკეთი ნამუშევრები და ძირითადად უცხოეთში ხდებოდა რეალიზაცია. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ ინტერესი აშკარად გაზრდილია და შემფასებელი და დამფასებელიც მეტი ჰყავთ ხელოვანებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, არის ასე?
- წლების წინ საქართველოშო უფრო მძიმე სოციალური მდგომარეობა იყო, შესაბამისად ხელნაკეთი ნივთები, მათ შორის ნახატები, ფუფუნების საგნად ითვლებოდა და მათი შეძენა ცოტას თუ შეეძლო. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხალხს ამ ნივთების შეძენის სურვილი არ ჰქონდა, უბრალოდ ფინანსურად არ შეეძლოთ. ხელოვანი ადამიანებიც იძულებული გახდნენ თავინათი ნამუშევრების რეალიზება უცხოეთში მოეხდინათ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომაროება დღეს უფრო გაუმჯობესდა, მსგავს ექსკლუზიურ ნივთებზე მოთხოვნა ჯერ კიდევ უცხოეთიდან უფრო მეტია. ვისურვებდი, საქართველოში უფრო მეტი მომხმარებელი გვყავდეს, ვიდრე საზღვარგარეთ.

- თავად როგორი ინტერიერი მოგწონთ, რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
- მომწონს ვინტაჟური და თანამედროვე სტილის შეხამება. ვინტაჟი ეს არის სტილი, სადაც წარსული ხვდება აწმყოს და ბუნებრივად ერწყმის მას. ჩემს ინტერიერში არ არის ზედმეტი ნივთები, ყველა ნივთი არის ფუნქციურად დატვირთული და პრაქტიკული.

- გვიამბეთ თქვენ სამომავლო გეგმებზე...
- ახლა პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ონლაინ სივრცეში. ახლო მომავალში ვგეგმავთ, რომ ჩვენი პროდუქცია ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას და თავი დავიმკვიდროთ ადგილობრივ ბაზარზე. უცხოეთიდან გვაქვს დაინტერესება, ევროპის გალერეებთან და საგამოფენო სივრცეებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. პამდემიის დასტაბილურების შემდეგ ვგეგმავთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამოფენების მოწყობას. იმედია მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შევძლებთ დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები