"არასოდეს მიბაძოთ სხვას. შექმენით თქვენი ისტორიით, სურვილებით და გემოვნებით დატვირთული გარემო" - ინტერიერის დიზაინერის რჩევები

სახლის ინტერიერის დიზაინი იქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას და ხასიათს გამოხატავს. როგორც ჩვენი რესპონდენტი, ინტერიერის დიზაინერი ნინო შუშიაშვილი ამბობს, ინტერიერის დაგეგმვის დროს, ადამიანმა არასოდეს არ უნდა მიბაძოს სხვას, უნდა შექმნას თავისი ისტორიით, სურვილებით და გემოვნებით დატვირთული გარემო. როგორ ვაქციოთ ჩვენი სახლი განსხვავებულ და ინდივიდუალურ სივრცედ, რა კრიტერიუმებს მივანიჭოთ უპირატესობა რემონტის დაწყებამდე, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე დეტალურად ნინო ისაუბრებს.

- ეს სფერო ბავშვობიდან მიტაცებდა. ხედვა და სივრცის აღქმა, რომელიც გჭირდება, რომ გააცოცხლო და შინაარსით დატვირთო არსებული, შინაგანად ყოველთვის მქონდა. თუმცა
მისი პროფესიად გარდაქმნა და რეალიზება პანდემიის პერიოდში მოვახერხე. ვისწავლე აკადემიაში, გავიარე ყველა ის კურსი, რომელიც ამომწურავად და ჩამომაყალიბებდა პროფესიონალ სპეციალისტად.

- რა არის თქვენი პროფესიის ყველაზე დიდი აზარტი და ხიბლი?
- როცა ნულიდან იწყებ, ცარიელ კედლებში შედიხარ და იცი, რომ აქედან რაღაც იდეალურის შექმნა შეგიძლია, იწყებ მუდმივად ამაზე ფიქრს, გამოსავალის ძებნას, აღამებ და ათენებ, რომ არც ერთი კუთხე თუ დეტალი არ იყოს უშინაარსო. ერთვები ურთულეს აზარტში, უნაკლო შედეგის მისაღებად. შემდეგ კი იტვირთები კმაყოფილი და ბედნიერი ადამიანების ემოციებით, რაც აძლევს შენს პროფესიას უდიდეს ხიბლს.

- ინტერიერის დიზაინში სისტემატიურად იცვლება ტენდენციები. საქართველოში წელს როგორი სტილი და დიზაინია მოდური?
- მთავარ ტენდენციად ბუნებრივი ელემენტების და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენება რჩება. სინამდვილეში ხომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია, მხოლოდ განსხვავებული რაკურსით დანახული. ვისაც უყვარს და ვერ ელევა ძველ ნივთებს, გავახარებ და ვეტყვი, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ძველ ნივთებს მეორე სიცოცხლე ვაჩუქოთ. რაც შეეხება სტილს, დღესდღეობით ერთ-ერთი თანამედროვე და პოპულარული არის LOFT-ის სტილი. იგი სიტყვასიტყვით ნიშნავს ქარხნის ზედა სართულს, მანსარდას. გულისხმობს ინტერიერში ლითონის ელემენტების, ღია სავენტილაციო არხებისა და კაბელების შეტანას. არის მთლიანად ღია სივრცე, დიდი ფანჯრებით, მაღალი ჭერით აგურის და ბეტონის კედლებით.

- ბოლო პერიოდში თითქოს ძალიან დაემსგავსა ბინები ერთმანეთს. ერთი სტილი, ფერები, დეკორაცია, ავეჯის განლაგება და ა.შ. როგორ ფიქრობთ რა არის მიზეზი?
- მსგავსება წლების წინ მეტად იყო, რადგან შენდებოდა კონკრეტული პროექტის კორპუსები, სადაც ყველასთვის მსგავსი წყობის, ფართის თუ ვიზუალის ბინები ბარდებოდა. ახლა ახალმშენებარეში ყველას ეძლევა საშუალება, თავისი ინდივიდუალიზმი წარმოაჩინოს.

- რა უნდა ქნას, როგორ მოიქცეს ადამიანი, რა გაითვალისწინოს, რომ მისი ბინა განსხვავებული, ორიგინალური, დახვეწილი იყოს და სხვას არ გავდეს?
- არასოდეს გადმოიღოს და მიბაძოს სხვას. შექმნას თავისი ისტორიით და სურვილებით დატვირთული. დაფიქრდეს, რა უქმნის კომფორტს, რისი ყურება არ მობეზრდება წლების განმავლობაში, რა გაუსვამს ხაზს მის ხასიათს. ასე არასდროს დაემსგავსება სხვას, იქნება ყოველთვის განსხვავებული და ორიგინალური.

- თქვენ როგორი სტილს, ფერებს, განათებას ანიჭებთ უპირატესობას?
- უპირატესობას ვანიჭებ მინიმალისტურ, ჰაეროვან ინტერიერს, რომელშიც ვლინდება ინდივიდუალობა და ფუნქციურობა. უბრალოება და სიმსუბუქე მიქმნის სიმყუდროვის განცდას.

- თუ ბინა პატარაა, ასეთ დროს როგორ ვიქცევით? რა "ხრიკებით“ არის შესაძლებელი სივრცის მოგება?
- ამ შემთხვევაში არსებობს პრინციპი, უნდა დავაბალანსოთ, ზუსტად გავწეროთ მასშტაბი და პროპორცია. არ უნდა დაარღვიოთ ბალანსი და დასვათ სწორი აქცენტები ავეჯით და ფერებით. პატარა ბინისათვის, სივრცის ვიზუალურად გასადიდებლად მინიმალისტური სტილი იდეალურია. რომელიც მხოლოდ ღია ფერებით ხასიათდება.

- როცა თქვენი და დამკვეთის შეხედულება არ ემთხვევა ერთმანეთს, მაინც მუშაობთ ასეთ პროექტზე?
- არსებობენ სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანები. ზოგიერთი მათგანი ანიჭებს უპირატესობას ესთეტიკას, ზოგიერთი - კომფორტს. მე მათ ვეხმარები, შექმნან პირადი კუთხე, მათზე მორგებული, მათი ბიოგრაფიით დატვირთული, მათი ისტორიებით აღსავსე. მე რასაც ვქმნი, ის მათია. ამიტომ აქ ჩემი შეხედულება არ არსებობს. მე შემიძლია მხოლოდ ვურჩიო, სწორი გამოსავალი ვანახო. საბოლოოდ მას აქვს ნება, თავად გადაწყვიტოს.

- ბევრს უნდა, რომ მისი ინტერიერის დიზაინი დიზაინერმა დაგეგმოს და განახორციელოს, თუმცა თანხის გამო თავს იკავებს. რეალურად რა ხდება ამ მხრივ, მართლა ასეთი ძვირი სიამოვნებაა დიზაინერის მომსახურება? 
- ფასებს რაც შეეხება, ყველას ინდივიდუალური აქვს. მე პირადად ძალიან მინდა საქართველოში ინტერიერის დიზაინის კულტურა ფართოდ დამკვიდრდეს. ამიტომ აბსოლიტურად ხელმისაწვდომს ვხდი, ჩემი დაუღალავი შრომის მიუხედავად. ფასები ითვლება კვადრატულობით და იზრდება იმის მიხედვით, კონკრეტულად რისი გაკეთება გსურთ.

- და, ბოლოს, იქნებ ის ოქროს წესი გაუზიაროთ ჩვენს მკითხველს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ინტერიერის დაგეგმვამდე?
- არსებობს შეცდომათა დიდი ჯაჭვი, რომელიც თქვენ შეიძლება დაუშვათ თვითნებურად რემონტის დაწყების პროცესში. მაგალითად: არ გაიაროთ კონსულტაცია ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან და აზრი ჰკითხოთ არაკომპეტენტურ მეგობრებს, მეზობლებს თუ ნათესავებს. რის შედეგადაც მიიღებთ არასწორად დაგეგმილ ფართს, გაურკვეველ უმიზნო ტიხრებს, უშინაარსო ელექტროობას, გაუგებარ ავეჯის განლაგებას, ამოვარდნილ ფერთა გამას და საბოლოოდ არა მხოლოდ გადაყრილ ფულს მიიღებთ, არამედ დასტრესილ ნერვებსაც. რადგან ის მოლოდინი, რაც თქვენს წარმოსახვაში თუ გონებაში იყო, არ გამართლდება. პირველ რიგში უნდა ჩამოწეროთ სარემონტო გეგმა პუნქტებად, რის გაკეთებას აპირებთ. სად განათავსებთ ავეჯს და რომელ წერტილში გაიყვანთ ელექტროობას. ეს დაგეხმარებათ შემდგომში რემონტის მსვლელობის პროცესში.




მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები