მოყვარული დიზაინერის მიერ ძმისთვის გარემონტებული ბინა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა

ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს ირაკლი გვარამაძეს, რომელიც სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში საკმაოდ საპასუხისმგებლო განყოფილებას ჩაუდგა სათავეში. პარალელურად ინტერიერის დიზაინით არის გატაცებული და ამ საქმეს წარმატებითაც ართმევს თავს. მისი თითოეული პროექტი განსხვავებული და დახვეწილია. ირაკლი ამჯერადაც საინტერესო რჩევებით და პროექტით წარდგება ჩვენი მკითხველის წინაშე.

- ბინა მდებარეობს ნაძალადევის რაიონში, საკმაოდ საინტერესო, ხარისხიან და განსხვავებულ საცხოვრებელ კორპუსში. ამ ბინის შეძენა გადაწყდა საცხოვრებელი კორპუსის დიზაინის და ხარისხის გამო, ასევე კორპუსს ბოლო სართულის სახურავზე აქვს
საკმაოდ დიდი გამწვანებული ტერასა და ყიდვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლდათ. ბინის რემონტი დავიწყე იანვარში და ოთხ თვეში სრულიად დავასრულე, თავისი ავეჯით და სრული აღჭურვილობით.

- რა სტილში გადაწყვიტეთ ბინა და რემონტის დაწყებამდე რა აუცილებელი გეგმა შეიმუშავეთ? როგორი იყო თქვენი ჩანაფიქრი თავდაპირველად და თუ შეიცვალა რამე რემონტის მიმდინარეობისას?
- აღნიშნული ბინა ეკუთვნის ჩემს ძმას. რემონტის დაწყებამდე არაფერი განსაკუთრებული გეგმა არ არსებობდა. როგორც ყოველთვის, ჩემ მიერ შესრულებული ბინის პროექტი უნდა იყოს აუცილებლად ლამაზი, კომფორტული, მყუდრო და დახვეწილი. სწორედ ეს მოთხოვნები იყო, რაც უნდა დაცულიყო ამ ბინის რემონტის დროს. ცვლილებები მუდმივად ხდებოდა რემონტის დროს, უფრო სწორად, ამ ცვლილებებს დავარქმევდი ახალი იდეების შემოსვლას და პროექტის უფრო დახვეწას. ეს "ცვლილებები“ ჩემთვის აუცილებელია ყველა პროექტზე, სწორედ ეს ხდის ამ საქმიანობას ჩემთვის უფრო საინტერესოს და მიმზიდველს.

- როგორც ჩანს, ფერებთან მიმართებაში თამამი ხართ. რამდენად მარტივია ფერების შეხამება და დღეს რა ფერებია აქტუალური ინტერიერში?
- ნამდვილად დაგეთანხმებით, საკმაოდ რისკიანი ვარ ახალი ფერების არჩევაში და გამოყენებაში. ფერების არჩევის დროს ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავ. საკმაოდ ბევრ საცდელ საღებავებს ვყიდულობ და ვაკეთებ სატესტო ღებვებს, რომ რეალურად შევუხამო გარემოს, განათებას და სხვა მრავალ დეტალს. ჩემთვის აქტუალური ფერები არ არსებობს და არც ტრენდული. ჩემთვის აქტუალური ფერია ის, რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში მომწონს. ისე ჩემთვის საყვარელი ფერებია მომწვანო, მოლურჯო ტონალობები, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვიყენებდი და ვიყენებ. ამჟამად ვმუშაობ კერძო სახლის პროექტზე, სადაც სხვა ფერებიც შემოვიტანე ინტერიერში, ისეთი როგორიცაა შოკოლადისფერი, ვარდისფერი, მწვანე ზეთისხილის ფერი, რომელმაც საკმაო სიახლე შემოიტანა ჩემს მიერ შესრულებულ პროექტებში.

- რატომ გადაწყვიტეთ აბაზანა მუქ ფერებში? მოსავლელად რთული არ არის?
- აბაზანა მუქ ფერებში რთული მოსავლელია, როდესაც ფილა არის მუქი ფერის. დიახ, ასეთ შემთხვევაში მოვლა და სისუფთავის დაცვა საკმაოდ რთულდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფილები თეთრია, რომლის მოვლა საკმაოდ ადვილია, ხოლო შეღებილი კედლები არის მუქი, რომელიც რეალურად არ ზიანდება და არ ჭუჭყიანდება, ასე რომ პრაქტიკულობის თვალსაზრისით იდეალურია და არანაირ დისკომფორტს არ ქმნის. თავად იდეას რაც შეეხება, თუ რატომ გადავწყვიტე მუქ ფერებში შესრულება, არის ის, რომ ჩემი ხედვით აბაზანაც ისეთივე ნაწილია სახლის, როგორც სხვა ოთახები და აუცილებელია სახლში არსებული სიმყუდროვე ასევე შეიგრძნობოდეს სველ წერტილებშიც.

- გაიხსენეთ ყველაზე რადიკალური გადაწყვეტილება, რაც რემონტის დროს მიიღეთ...
- ჩემთვის ამ პროექტში ყველაზე რადიკალური გადაწყვეტილება იყო ის, რომ პირველად გამოვიყენე შპალერი ინტერიერში, არადა ყველაზე ძალიან მიუღებელი იყო ჩემთვის შპალერების გამოყენება. ერთ დღეს მოულოდნელად მივხვდი, თუ რატომ მქონდა ასეთი „ზიზღი“ შპალერების მიმართ. საქართველოში საკმაოდ უგემოვნო შპალერებს იყენებენ და თან დიდი დოზით. მივხვდი, რომ თუ ლამაზი ფაქტურის შპალერს გამოვიყენებდი მინიმალური რაოდენობით და შევუხამებდი შეღებილ კედლებს, ბევრად საინტერესო ინტერიერს შევქმნიდი. საბოლოოდ შევჯერდით ამ კონკრეტულ შპალერებზე, რომელიც ამერიკიდან შევუკვეთეთ და საბოლოოდ ძალიან მოუხდა სახლს. სხვათა შორის, ჩემს მიმდინარე პროექტშიც ოთხ ადგილას გამოვიყენე უკვე შპალერი და ძალიან მომწონს.

- როცა სივრცე არ გაძლევთ ჩანაფიქრის სრულად განხორციელბის საშუალებას, მაშინ როგორ იქცევით? რა „ხრიკები“ არსებობს სივრცის მოსაგებად?
- სივრცის მოსაგებად ხშირად იყენებენ ხოლმე სარკეებს, მე კი საშინლად არ მიყვარს სარკეების გამოყენება, ცივ შეგრძნებას იწვევს და არანაირი სიმყუდროვის შეგრძნებას არ ტოვებს სახლში. ძირითადად პატარა სივრცეებს ვებრძვი ინტერიერის ღია ფერში შესრულებით და ავეჯის მცირე რაოდენობის გამოყენებით. თუმცა რეალურად ინტერიერის ღია ფერებში შეღებვა ყველაზე ეფექტურ ხრიკად მიმაჩნია.

- თუ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ინტერიერის დიზაინერის მომსახურებით და თავად აპირებს რემონტის დაწყებას, რას ურჩევთ, თავდაპირველად როგორ დაგეგმოს და რა აუცილებელი კრიტერიუმები გაითვალისწინოს?
- თავიდან, როდესაც დავიწყე ბინების მოწყობა, მეც არანაირი განათლება არ მქონდა დიზაინის სფეროში, თუმცა მქონდა საოცრად კარგად განვითარებული წარმოსახვის უნარი და ეს დამეხმარა, ახალი იდეეები კარგად დამელაგებინა ჩემს წარმოსახვაში და მერე განმეხორციელებინა რეალურად ცხოვრებაში. ვთვლი, რომ ყველას შეუძლია იყოს თავისი ბინის დიზაინერი, თუმცა არც იმას მივესალმები, რომ ადამიანს არ ჰქონდეს გემოვნება და მაინც თვლიდეს, რომ კარგი გემოვნება აქვს და შეუძლია თავად გაააკეთოს დიზაინი თუ რემონტი. როგორც წესი, ასეთ დროს გამოუცდელობა იწვევს ბევრი სხვადასხვა შეცდომის დაშვებას, შესაბამისად ხარჯების გაზრდას. ასევე, ეს ყველაფერი გადაიზრდება გაწელილ და დაუსრულებელ პროექტებში. ამიტომ ვთვლი, რომ ეს ფუჭად დახარჯული ხარჯები, სჯობს მოხმარდეს პროფესიონალის დაქირაქვებას, რომელიც დამკვეთის ნერვებსაც გაუფრთხილდება, ბიუჯეტსაც და დასრულებული პროექტიც უფრო დამაკმაყოფილებელი იქნება.
ხოლო, თუ ბინის მეპატრონე გადაწყვეტს, თავად იყოს ჩართული ბინის დაპროექტებასა და დიზაინის შემუშავებაში, აუცილებლად ვურჩევდი, სანამ რემონტს დაიწყებენ, რეგულარულად ეწვიონ გასარემონტებელ სივრცეს და რეალურად წარმოიდგინონ ამ სივრცეში ცხოვრების ეპიზოდები. ასეთ დროს საკმაოდ ბევრ დეტალს მიხვდება ადამიანი, თუ სად განლაგდეს ავეჯი, სად შეიძლება იყოს განათება და როგორი ტიპის, რომელი ადგილიდან როგორი ხედი იქნება და ა.შ.


მერი ბლიაძე

იხილეთ ირაკლი გვარამაძის სხვა პროექტები:
ქართველი ფინანსისტის მიერ შექმნილი გემოვნებიანი ინტერიერი: "ჩემი და ჩემი მეგობრის ბინები საკუთარი გემოვნებით და დიზაინით მოვაწყვე..."

კომენტარები

მაია 2021-11-03 12:14
ამან დაიმსახურა დიდი მოწონება? ეტყობა გემოვნებიანი არც უნახავთ

კომენტარის დამატება